შვილისადმი უსაზღვრო სიყვარული არ არის გარანტია, რომ არ შევცდებით მათი აღზრდისას. ზედმეტი მოფერება და არასაჭირო დახმარება ხშირად ხელს უშლის დამოუკიდებელი პიროვნების განვითარებას.
ლიდერობის ექსპერტმა, 25 წიგნის ავტორმა, ორგანიზაცია Growing Leaders-ის („მზარდი ლიდერები“) დამაარსებელმა და პრეზიდენტმა, ტიმ ელიმორმა აშშ-დან, გამოყო უფროსების შვიდი ქცევა და მომენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ბავშვებში ლიდერული თვისებების განვითარებას. ამას გარდა, იგი ამცირებს ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შანსსაც.
1. ჩვენ საშუალებას ვართმევთ ბავშვებს, შეიგრძნონ რისკი
ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა საფრთხეებით ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ლოზუნგი: „უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, აძლიერებს ჩვენში ბავშვების დაკარგვის შიშს, ამიტომ ჩვენ გარსს ვაკრავთ მათ საყოველთაო მზრუნველობით.
ევროპელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს: თუ ბავშვები არ თამაშობენ ქუჩაში, თუ ისინი ერთხელაც არ დაცემულან და არ უტკენიათ მუხლი, ზრდასრულ ასაკში ხშირად მრავალნაირი შიშით იტანჯებიან.
ბავშვი უნდა დაეცეს რამდენჯერმე იმისათვის, რომ მიხვდეს, ეს ნორმალურია. მოზარდებმა უნდა განიცადონ ჩხუბისა და პირველი სიყვარულის სიმწარე, რომ შეიძინონ ემოციური სიმწიფე, რის გარეშეც არ არსებობს ხანგრძლივი ურთიერთობები. ბავშვების ცხოვრებიდან რისკის გამორიცხვით, უფროსები ხელს უწყობენ მათში დაბალი თვითშეფასების განვითარებას მომავალში.
2. ჩვენ ძალზე სწრაფად მოვდივართ საშველად
ახალგაზრდა ადამიანების დღევანდელ თაობას არ განუვითარებია საკუთარ თავში გარკვეული უნარები, რომლებიც ახასიათებდათ 30 წლის წინ ბავშვებს. როდესაც ჩვენ ძალზე სწრაფად მოვდივართ დასახმარებლად და „მზრუნველობის“ ზღუდეს ვარტყამთ ბავშვს, ჩვენ ამით ვართმევთ იმის საჭიროებას, რომ თავად ეძებონ გამოსავალი რთული სიტუაციებიდან.
ადრე თუ გვიან ბავშვები მიეჩვევიან, რომ ვიღაც მათ ყოველთვის ეხმარება: „თუ მე შევცდები და ვერ მივაღწევ მიზანს, უფროსები გამოასწორებენ და გაუმკლავდებიან შედეგებს.“ თუმცა, სინამდვილეში, ზრდასრული ურთიერთობების სამყარო სრულიად სხვაგვარად არის მოწყობილი. მოსალოდნელია, რომ ბავშვები აღმოჩნდნენ სრულიად მოუმზადებელნი ზრდასრული ცხოვრებისთვის.
3. ჩვენ ზედმეტად ძლიერ გამოვხატავთ აღფრთოვანებას
საზოგადოებაში არსებობს ტენდენცია ამაღლებული თვითშეფასებისაკენ. წესი: „ყოველი მოთამაშე იღებს პრიზს“ აძლევს ბავშვს საშუალებას, იგრძნოს თავი განსაკუთრებულად. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგების გამოკვლევები ცხადყოფს, რომ წახალისების ასეთ მეთოდს აქვს გაუთვალისწინებელი შედეგები.
ხანდახან გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი ამჩნევს, რომ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ მას მშვენიერ ბავშვად, დედა და მამაა, სხვები კი ასე არ ფიქრობენ. მაშინ ბავშვი ეჭვდება თავისი მშობლების ობიექტურობაში. მას სიამოვნებს შექების მიღება, მაგრამ ის ხვდება, რომ ამას არანაირი კავშირი არა აქვს სიმართლესთან. თანდათან ასეთი ბავშვი სწავლობს ცუღლუტობას და სიცრუეს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს რთული რეალობა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უბრალოდ არ არის ადაპტირებული სირთულეებთან შეჯახებაში.
4. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ დანაშაულის გრძნობას, დაჩრდილოს კარგი საქციელი
თქვენს ბავშვს მრავალი უსიამოვნების გადალახვა მოუწევს ცხოვრებაში, ამიტომ უთხარით მათ „არა“ და „ახლა არა“, იმისათვის, რომ ისწავლონ თავიანთი სურვილებისა და საჭიროებებისათვის ბრძოლა.
თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მშობლები ჩვეულებისამებრ ფიქრობენ, რომ უსამართლობაა ერთ-ერთის დაჯილდოება და სხვების ხელცარიელი დატოვება. მაგრამ ყოველთვის და ყველას დაჯილდოება არარეალისტურია. ასეთი ქმედებებით ჩვენ ხელიდან ვუშვებთ საშუალებას, დავანახვოთ ბავშვებს, რომ წარმატება ჩვენს საკუთარ ძალისხმევასა და სწორ საქციელებზეა დამოკიდებული.
კარგად დაფიქრდით, სანამ დააჯილდოებთ ბავშვებს სავაჭრო ცენტრში წასვლით. თუ თქვენი ურთიერთობები დაფუძნებულია მხოლოდ მატერიალურ სტიმულზე, ბავშვები ვერ იგრძნობენ ვერც შინაგან მოტივაციას და ვერც უპირობო სიყვარულს.
5. ჩვენ არ ვუზიარებთ ჩვენი წარსული შეცდომების გამოცდილებას
დადგება დრო, როდესაც ჯანსაღი მოზარდი აუცილებლად მოინდომებს „ფრთების გაშლას“. უფროსმა უნდა მისცეს მას ამის გაკეთების საშუალება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავეხმარებით ბავშვებს მათთვის უცნობისა და გაურკვევლის ორიენტაციაში.
გაუზიარეთ ბავშვებს შეცდომები, რომლებიც თქვენ მოგივიდათ მათ ასაკში, მაგრამ ერიდეთ ზედმეტ სწავლა-დარიგებებს, ბავშვები მზად უნდა იყვნენ უსიამოვნებებთან შესახვედრად და უნდა შეეძლოთ თავიანთ გადაწყვეტილებათა შედეგებზე პასუხისგება.
მოუყევით, თუ რას გრძნობდით თქვენ, როდესაც წააწყდით მსგავს გარემოებებს, რით ხელმძღვანელობდით სხვადასხვა სიტუაციაში და რა გაკვეთილები აითვისეთ.
6. ჩვენ ხშირად „ინტელექტი“ და „ნიჭი“ მოწიფულობაში გვერევა
ინტელექტი ხშირად გამოიყენება ბავშვის სიმწიფის გაზომვის საშუალებად, რის შედეგადაც მშობლები ფიქრობენ, რომ ჭკვიანი ბავშვი მზადაა რეალურ სამყაროსთან შესახვედრად. ეს ასე არ არის. მაგალითად: პროფესიონალ სპორტსმენებს და ჰოლივუდის ვარსკვლავებს აქვთ უდიდესი ნიჭი, მაგრამ მაინც ეხვევიან საზოგადოებრივ (საჯარო) სკანდალებში.
ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი ბავშვი ყველაფერში ნიჭიერია. არ არსებობს პასუხისმგებლობის ჯადოსნური ასაკი ან სახელმძღვანელო იმისა, თუ როდის არის საჭირო ბავშვისთვის რაღაც კონკრეტული თავისუფლების მინიჭება. მაგრამ არსებობს კარგი წესი – დააკვირდით იმავე ასაკის სხვა ბავშვებს. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილის თანატოლები გაცილებით უფრო დამოუკიდებლები არიან, გადახედეთ თქვენს მიდგომებს, შესაძლოა თქვენ აფერხებთ მის დამოუკიდებელ წინსვლას.
7. ჩვენ თავად არ ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვებს ვასწავლით
როგორც მშობლებმა, ისეთი ცხოვრების მოდელი უნდა ვანახვოთ ჩვენს ბავშვებს, როგორიც გვსურს მათთვის.
ახლა სწორედ ჩვენ ვართ ჩვენი ოჯახების ლიდერები, ამიტომ უნდა ვემხრობოდეთ სიმართლესა და რეალობას გარშემომყოფებთან ურთიერთობებში.
თვალყური ადევნეთ თქვენს ქცევებს და წვრილმან საქციელებსაც კი, რადგან თქვენი შვილები გაკვირდებიან. თუ გვერდს არ უვლით წესებს, ბავშვებსაც ეცოდინებათ, რომ ეს მათთვისაც მიუღებელია.
აჩვენეთ შვილებს, თუ რას ნიშნავს – უანგაროდ და სიამოვნებით დაეხმარო სხვებს. გახადეთ ადამიანები და ადგილები უკეთესი, ვიდრე თქვენამდე იყო და თქვენი ბავშვებიც იმავეს გააკეთებენ.