მთელი ცხოვრება იმას ვცდილობდი, რომ წარმატებული ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, რომ სწორედ ამისთვის უნდა მებრძოლა. უარესი, მე იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ეს კურთხეული ქრისტიანის დამახასიათებელი ნიშანი იყო.
ღმერთს თუ უყვარხარ, გაკურთხებს – ნათქვამია იაყბეცის ლოცვაში (1 ნეშტთა 4:9-10), ასევე იერემიას 29:11-ში. უფალს სურს, რომ კურთხევა და კეთილდღეობა მოგვცეს, ის ჩვენდა საზიანოდ არაფერს განიზარახავს, არამედ უნდა, რომ მომავალი და იმედი მოგვცეს.
ერთი შეხედეთ ამ მეგა-ეკლესიებს, მათ ძვირადღირებულ კათედრებს. შეხედეთ ბესტსელერთა ავტორებსა და მქადაგებლებს, რომლებიც უფლის ‘მოყვარულნი’ არიან.
მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის 21 ეგვიპტელი თუ 30 ეთიოპიელი, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ საკუთარი ქრისტიანული რწმენის გამო. არსებობენ ერთგული ხუცესები, რომლებიც მეგა-ეკლესიებს არ უდგანან სათავეში და რომლებიც იტანჯებიან თავის ტკივილისა და წარუმატებლობის გამო. მეც მაქვს გამოცდილი ბევრი რამ, როგორ ქრისტიან ქალს, მათ შორის ანორექსია, მუცლის მოშლა და სხვადასხვა შიში. არსებობს უამრავი სხვა მორწმუნე, რომლებიც სათანადოდ იქცევიან, სათანადოდ ლოცულობენ, სწამთ და მაინც, იობის მსგავსად, მრავალი ტანჯვის გადატანა უხდებათ ცხოვრებაში.
ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ქრისტიანობა ჩემთვის „ჯადოსნურ ჯოხად“ იქცა და არა თავმდაბლობის მდგომარეობად.
აი, რამდენიმე მაგალითი წარმატების შესასებ ტყუილისა, რომლებსაც ხშირად ვიჯერებთ ეკლესიებში.
1. რაც მეტი, მით უკეთესი
არა, უკეთესი – უფრო ცოტას ნიშნავს. დამცრობა ზეციური სასუფევლის მიღწევის ერთადერთი გზაა. ჩვენ ბავშვებივით უნდა ვიყოთ. ბავშვი დაუცველია და სხვებზე დამოკიდებული. ბავშვს არ აქვს „სტატუსი“ თანამედროვე მსოფლიოში. იესო ამბობს: „თუ არ მოიქცევით და არ გახდებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.“ (მათე 18:3).
2. ღვთის კურთხევა მატერიალურადაც იგრძნობა
ნეტარ არიან გლახაკნი, ნეტარ არიან თავმდაბალნი, ნეტარ არიან მწუხარენი, ნეტარ არიან მშიერ-მწყურვალნი, ნეტარ არიან გულით სუფთანი. ნეტარებათა შესახებ ამ მცნებებს არაფერი აქვს საერთო მატერიალურ თუ ფიზიკურ კურთხევასთან, არამედ ისინი გვამცნობს საუკუნო სიცოცხლეს მიღწევის შესახებ აქვე, ქრისტეს სრულად შეცნობის მეშვეობით.
3. ღმერთი ეხმარება მათ, ვინც თავის თავს ეხმარება
მაშინ, როცა ღმერთი გვასწავლის, რომ ბავშვებს უნდა ვემსგავსოთ, ის არ გვეუბნება: „იყავით ბავშვები ემოციურად, მაგრამ, ამავდროულად, საკუთარი თავი უზრუნველყავით დაზღვევით, პენსიითა და კარგი დანაზოგით.“ არა, ის გვეუბნება, რომ უწინარეს ყოვლისა, უნდა ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და სიმართლე მისი, ხოლო ყოველივე დანარჩენი – საკვები, ტანსაცმელი, მომავალი – მოგვეცემა. მას სურს იზრუნოს ჩვენზე მაშინ, როცა მთლიანად მივუძღვნით მას საკუთარ თავს, თუმცა, შესაძლებელია, ეს უგუნურება იყოს წუთისოფლის თვალში.
4. თქვენ თავად აყალიბებთ საკუთარ თავს
არსებობს სერიოზული წნეხი, რომელიც გვიბიძგებს თავის გამოჩენისკენ, დაჟინებულობისკენ, გვიბიძგებს იმისკენ, რომ სახელი გავითქვათ მანამ, სანამ პიქსელების უსასრულო ზღვაში ჩავიკარგებოდეთ, მაგრამ იესო ამბობს, რომ უკანასკნელნი პირველნი იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ იესო ღმერთი იყო, მან თავი დაიმცირა, მონის ხატება მიიღო და მორჩილად მიიღო სიკვდილი, თვით დამამცირებელი ჯვარცმით სიკვდილი (ფილიპელთა 2:5-11). მან საკუთარ დიდებაზე უარი თქვა და უფალს მიანდო იგი. ჩვენც მსგავსი მოქმედებისკენ ვართ მოწოდებულნი.
5. ტანჯვანი მარცხის ნიშანია
როდის გაუჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში არსებულ კულტურას ტკივილის მიმართ ზიზღი? დისკომფორტს თუ განვიცდით, წამალს ვსვამთ. დეპრესიას ან იმედგაცრუებას თუ ვებრძვით, ან საშინელი დიაგნოზის შესახებ თუ ვგებულობთ, ექიმთან გავრბივართ ნაცვლად იმისა, რომ ჯერ ზეციერი მამას მივმართოთ და ვკითხოთ, რის სწავლება სურს ჩვენთვის ამ ტკივილის მეშვეობით. ღმერთი ტანჯვას ჩვენსავე სასიკეთოდ იყენებს, თუნდაც ეს ტანჯვა სიკვდილით დასრულდეს. ჩვენ საკუთარ თავში ქრისტეს სიკვდილს ვატარებთ და ვერასოდეს გავიგებთ ქრისტეს აღდგომის ძალას, თუ ჯერ ტანჯვას არ ვიგემებთ.
6. თუ რაღაც თავს კარგად გაგრძნობინეთ, გააკეთეთ ის
ბევრს ვლოცულობთ პასუხების მისაღებად, მაგრამ ლოდინი არ გვეხერხება იმისათვის, რომ მივიღოთ ნანატრი პასუხები. მიგვაჩნია, რომ რადგან უკვე ვილოცეთ რაღაცის შესახებ, ესე იგი, ღმერთმა შეისმინა ჩვენი ლოცვა და აკურთხა იგი, მაგრამ ხშირად უფალი მოცდას გვთხოვს, რადგან მას თავისი დროები და ვადები აქვს, ეს ლოდინი კი გულს გვიმძიმებს. ძალიან გვეძნელება მოთმინების გამოჩენა, როცა რაღაცის მიღება ახლავე გვსურს. წუთისოფელი და ‘კეთილდღეობის სახარება’ გვასწავლის, რომ შესაძლებლობას ხელი ვტაცოთ და ჩვენს ოცნებებს გავყვეთ კვალდაკვალ, მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია: „ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს.“ (ფსალმუნი 36:4). დაჰყევით უფლის ნებას, მიენდეთ მას და მაშინ აგისრულდებათ გულისწადილი. რატომ? იმიტომ, რომ უფლის სურვილები თქვენს სურვილებად უნდა იქცეს, სხვანაირად არ გამოვა.
7. ირწმუნეთ საკუთარი თავის და შეუძლებელი შესაძლებელი გახდება
არადა პირიქითაა, ჩვენ მხოლოდ მიწა და მტვერი ვართ. იესოს გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. „მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“ (იოანე 15:5).
„არამედ სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული, რომ არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს მის წინაშე“ (1 კორინთელთა 1:27-29).
8. ენდეთ იმას, რასაც ხედავთ
ჩვენი რწმენა ეფუძნება უხილავს. ჭეშმარიტი წარმატებისა და ჭეშმარიტი ფასეულობის გაზომვა შეუძლებელია. მათ ვერ დავინახავთ, ვერ შევეხებით მანამ, სანამ ზეცას არ მივაღწევთ. წავიკითხოთ ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავი. ვიფიქროთ წარსულის ქრისტიანებზე: „ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, რადგან ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესად ჩათვალა, რომ მათ უჩვენოდ არ მიეღწიათ სრულქმნისთვის“ (ებრაელთა 11:39-40).
მათ არ მიუღიათ აღთქმული და მაინც მათ ბოლომდე სწამდათ, რადგან იცოდნენ, რომ ცხოვრება მათ გარშემო როდი ტრიალებდა. მათ იცოდნენ, რომ თითოეული მათგანი მშვენიერი ძაფი იყო რწმენის გობელენში, რომელსაც ღმერთი ქსოვს თავისი შვილების მეშვეობით. მრავალმა ჩვენგანმა დაკარგა ისტორიის ერთობლივი აღქმა; ვცდილობთ რაღაც პირად ნიშნულს მივაღწიოთ, მაგრამ რა მოხდებოდა, ჩვენ რომ საკუთარი სიცოცხლე ერთმანეთისთვის გაგვეწირა დიდი ისტორიისთვის, სახარებისათვის?
მთელი ბავშვობა იმაზე ვფიქრობდი, რომ ცხოვრების აზრი ზრდასრულ ადამიანად ქცევაში იყო. ახლა ზრდასრულობის ასაკში ვფიქრობ იმაზე, როგორ დავემსგავსო ბავშვს, რადგან სწორედ ეს არის ის ძვირფასი მარგალიტი (მათე 13:45-46).
ავტორი: ემილი ვაირენგა