ამბობენ, რომ დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა ადამიანთა ურთიერთობებს შორის ყველაზე არამყარი და მყიფეა. ხშირად, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, დედამთილები აღქმულნი არიან ერთგვარ „საფრთხედ“ თავიანთი ვაჟების მეუღლეებისათვის.
დედამთილები ხშირად ამბობენ, რომ რძალი „შეძენილი შვილია“, თუმცა რძლებთან დამოკიდებულება მაინც განსხვავდება ბიოლოგიურ შვილებთან დამოკიდებულებისაგან და როდესაც ეს საგრძნობი და თვალშისაცემია, თანდათანობით მრავალი ბზარი ჩნდება ურთიერთობებში. რძალსა და დედამთილს შორის მრავალი დაბრკოლება წარმოიქმნება, რომელთა გადალახვა სიძნელეებთანაა დაკავშირებული.
ურთიერთობებში უსიამოვნების მიზეზი არის ის, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა თავისი „დანაშაულის“ დანახვა. რძლები, შესაძლოა, თავდაცვით პოზიციაში იყვნენ ან არ ეთანხმებოდნენ კომუნიკაციის იმ ფორმას, რომელიც ახალი ოჯახისათვის სავსებით ჩვეულებრივია; თავის მხრივ კი, შესაძლოა, დედამთილებმა არ იციან, როგორ იპოვონ ოქროს შუალედი, რათა დაეხმარონ რძლებს კრიტიკის გარეშე ან დაუმეგობრდნენ მათ ისე, რომ მათი ბიოლოგიური დედის ადგილის დაკავებას არ ეცადონ. საბოლოო ჯამში, ურთიერთობებს ანგრევს წინასწარგანწყობანი, სტერეოტიპული შეხედულებანი და უფრო მეტად სიყვარულის დეფიციტი ურთიერთშორის.
ასეთ დროს გვჭირდება ვიცოდეთ, რას გვასწავლის ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბიბლია ნათლად და ზუსტად გვაჩვენებს ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხებს. მაშინაც კი, როცა არაჩვეულებივი ურთიერთობა გვაქვს, შეგვიძლია, ერთმანეთის სიყვარული უკეთ ვისწავლოთ.
ბიბლიური მაგალითი
რუთის წიგნი მრავალ მნიშვნელოვან თემას მოიცავს, მათ შორის მნიშვნელოვანია დედამთილებთან მეგობრული ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა. რუთი და ნაყომი სირთულეებს შეეჯახნენ, მიუხედავად ამისა, უყვარდათ ერთმანეთი და პატივს სცემდნენ ერთმანეთს. კურთხეულები იყვნენ, რადგან ღმერთის მიერ განსაზღვრული ურთიერთობის სტანდარტებით ეპყრობოდნენ ერთმანეთს.
რძლებისათვის რამდენიმე საკვანძო თემაა რუთის წიგნიდან მოყვანილი:
- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რუთმა ითხოვა თავის დედამთილთან დარჩენა, იმის ნაცვლად, რომ თავის ოჯახში დაბრუნებულიყო. რუთმა გახსნა გული თავისი დედამთილისთვის. როგორც რძლები, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილნი, რომ მივიღოთ და გავცეთ სიყვარული ჩვენი დედამთილებისგან.
- (რუთი 1:16) და თქვა რუთმა: „ნუ მთხოვ შენს მიტოვებას და შენგან წასვლას, რადგან სადაც შენ წახვალ, მეც იქ უნდა წამოვიდე, და სადაც შენ დაიღამებ, მეც იქ უნდა დავიღამო. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი.“
- რუთს ნაყომის მომსახურება სურდა. მან გადაწყვიტა, დაეკაპიწებინა ხელები და თავთავების აკრეფა დაიწყო, რომ მოეგროვებინა თავისთვის და დედამთილისთვის. შეგიძლიათ გაიხსენოთ, ბოლო დროს რა მხვერპლი გაგიღიათ თქვენი დედამთილის საჭიროებათათვის? (რუთი 2:2).
- ნაყომის მიმართ სიკეთისა და რწმენის გამო იყო, რომ რუთმა მადლი იპოვა ბოყაზის თვალში (რუთი 2:11). დედამთილის უპატივცემულობა, შესაძლოა, საზოგადოებისათვის მისაღები იყოს, მაგრამ გულის სიღრმეში არავინ იქნება აღტაცებული ამ საქციელით.
- რუთი ითვალისწინებდა დედამთილის რჩევებს. რძლებო, როდესაც დედამთილი რჩევას გაძლევთ, ამით ის სულაც არ ცდილობს თქვენი დედის ჩანაცვლებას; წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, თუ დედამთილი ხანდახან შემოგთავაზებთ თავის გამოცდილებას. როცა შესაძლებელია, მიჰყევით მის სიბრძნეს (რუთი 3:6).
- რუთთან ერთად ნაყომიც ზეიმობდა მისი ვაჟის დაბადებას. ეს ურთიერთობა თითქოს რისკის ქვეშ დგას მომავალი თაობების დაბადებისას. ბავშვის მოვლის საკითხებმაც კი შესაძლოა, გამოიწვიოს დაპირისპირება დედამთილებსა და რძლებს შორის. რძლებო, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ თქვენი შვილები თქვენს დედამთილებს თავიანთ ახალდაბადებულ შვილებს ახსენებენ და ამიტომ ცდილობენ, რომ ზეიმის ნაწილნი იყვნენ, ჩართულნი იყვნენ აღზრდის პროცესში (რუთი 4:17).
თქვენი წილი აკეთეთ
რუთს განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, ჰყვარებოდა და პატივი ეცა ნაყომისათვის ყველა სიტუაციაში. ჩვენ მრავალნაირი გამართლება შეიძლება მოვიფიქროთ იმის ასახსნელად, თუ რატომ არ ვეპყრობით ჩვენს დედამთილებს რუთის მსგავსად, მაგრამ ბიბლია შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევს.
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი – საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
შესაძლოა, თქვენი დედამთილი ნაყომივით „ტკბილი” და გამგებიანი არ აღმოჩნდეს, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნუთუ „უშვერი სიტყვები“ შველის საქმეს? ბოლოს როდის ესაუბრეთ მას თავისი საჭიროებების ან გრძნობების შესახებ?
თუ თქვენი მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
თქვენ სხვების საქციელებს ვერ აკონტროლებთ, მათ შორის, ვერც თქვენი დედამთილების, მაგრამ ბიბლია მოგიწოდებთ, რომ თქვენი მხრივ, მშვიდი ცხოვრებისათვის ყველაფერი გააკეთოთ.
რჩევები დედამთილებისათვის:
დედამთილებო, მოგიწოდებთ, დაუკვირდეთ ნაყომის ურთიერთობის ფორმას რუთთან.
- „დაინახა ნაყომიმ, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მასთან ერთად წასვლა რუთმა და აღარაფერი უთხრა.“ (რუთი 1:18). შეამჩნიეთ, რომ ნაყომი არ „სთავაზობს“ რუთს სხვა არჩევანის გაკეთებას. რუთი იყო ზრდასრული ადამიანი, და შესაბამისად, ჰქონდა არჩევანის გაკეთების უნარი. ნაყომი ამას პატივს სცემდა.
- ნაყომისთვის რუთი შვილი იყო (რუთი 2:2). ნაყომი რუთს საკუთარი შვილივით ეპყრობოდა და არა როგორც ოჯახს შემატებული უცხო პირივით.
- ნაყომიმ ჰკითხა რუთს, როგორ ჩაიარა დღემ და თან შეაქო (რუთი 2:19). დედამთილებო, სულაც არ არის ცუდი, თუ თქვენი რძლების ყოველ დღეს გაიზიარებთ, მაგრამ ფრთხილად იყავით კრიტიკასთან, შეაქეთ და დააფასეთ ისინი თქვენი შვილიშვილების აღზრდისა და თქვენს შვილზე ზრუნვისათვის.
- ნაყომი რუთის ბედნიერებას როგორც საჩუქარს, ისე იღებდა, და არა როგორც საშიშროებას (რუთი 4:14-17). როდესაც რუთმა ბოყაზის შვილი გააჩინა, ნაყომის მეგობრები მასთან ერთად აღნიშნავდნენ ამ ბედნიერებას, ნაყომიმ შვილიშვილი დიდი სიხარულით მიიღო. რუთს ახლა ქმარი და შვილი ჰყავდა და ჰქონდა დიდი სახლი. ვეჭვობ, რომ რუთს იმდენივე დრო ჰქონოდა ნაყომისთან გასატარებლად, როგორც წინათ, მხოლოდ ორნი რომ იყვნენ, თუმცა ნაყომის გული არ იყო ეჭვით, სიმწრით ან გულისწყრომით სავსე. ის ღმერთის მიერ მიცემულ მომავალ თაობას ზეიმობდა.
მნიშვნელოვანი ამბავი
რუთისა და ნაყომის ამბავი ძალიანმნიშვნელოვანია. რუთისა და ბოყაზის შთამომავალი გახლდათ დავითი და ნაყომი ისრაელის მეფის, დავითის დიდი ბებია გახდა. უფრო მეტიც, იესოც მათ შთამომავლობას ეკუთვნოდა.
ჩვენი ოჯახების ისტორიაც მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ხალხი უყურებს თქვენს ქცევას, რათა დაინახოს თქვენი რწმენა. თქვენ ხართ ღმერთის წერილი, რომელსაც გარშემომყოფნი კითხულობენ, ამიტომ არასდროს დაივიწყოთ ეს თქვენი ოჯახის წევრებთან ერთიერთობისას. დაე, იყავით სამაგალითონი ისე, როგორც რუთი და ნაყომი.
წყარო: http://www.preachitteachit.org