თქვენ მადლიერნი უნდა იყოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებითაც გარემოცულნი ხართ. ისინი ღმერთმა მოავლინა თქვენს ცხოვრებაში.
ძალიან უნდა გიყვარდეთ ისინი და პატივისცემით ეპყრობოდეთ მათ. ყველაფერი უნდა იღონოთ იმისათვის, რომ მათთან მშვიდობა და ერთობა შეინარჩუნოთ. მზად უნდა იყოთ, რომ ემსახუროთ გულუხვად და მსხვერპლიც გაიღოთ მათთვის. თავმდაბლურად უნდა იღებდეთ თქვენ შესახებ მათ მიერ ნათქვამ სიმართლეს.
მაგრამ… არ უნდა მოელოდეთ, რომ ადამიანები მოგცემენ იმას, რის მოცემაც მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ძალუძს.
ძალიან ბევრი ავადმყოფური ურთიერთობაა ქრისტიანებს შორის, რომლებიც კონფლიქტებითა და იმედგაცრუებით გამოირჩევა, რადგან ამ ურთიერთობებში ერთ-ერთმა ან ორივემ ისეთი ტვირთი წამოიკიდეს, რომლის ზიდვაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს:
არცერთ ადამიანს არ შეუძლია, იდენტობის საფუძველი მოგცეთ;
არცერთ ადამიანს არ შეუძლია, გახდეს სიხარულის წყარო; არცერთ ადამიანს არ შეუძლია, გახდეს მიზეზი იმისა, რის გამოც დილით გაღვიძება ღირს;
არცერთ ადამიანს არ შეუძლია, გახდეს მიზეზი იმისა, რომ არ დანებდეთ სირთულის ჟამს; ვერც ერთ ადამიანზე ვერ დაამყარებთ იმედს;
არცერთ ადამიანს არ შეუძლია იმედისა და სიმშვიდის მონიჭება; არცერთ ადამიანს არ ძალუძს თქვენი შინაგანად შეცვლა;
არცერთ ადამიანს არ შეუძლია თქვენი წარსულის შეცვლა;
არცერთ ადამიანს არ შეუძლია თქვენი შეცდომების გამოსწორება.
და მაინც… ჩვენ ყველას გვითხოვია ვინმესთვის, გარკვეულ დროს, გამხდარიყო ჩვენთვის სამების მეოთხე პირი!
ეს ურთიერთობები მარცხისთვის არის განწირული. მაშინ, როცა ადამიანს ჩვენთვის იმის გაკეთებას ვთხოვთ, რაც მხოლოდ ქრისტეს ძალუძს, ჩვენ ამ ადამიანს დაუძლეველ და გამანადგურებელ ტვირთს ვაკისრებთ, შემდეგ კი განვიკითხავთ, როცა ის ჩვენს მოლოდინს ვერ ამართლებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანური სიყვარული შესანიშნავი რამაა. თქვენ უნდა ისწრაფოდეთ იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც უყვარხართ და ადამიანებიც უნდა ისწრაფოდნენ თქვენკენ იმის გამო, რომ სიყვარულის უნარი შეგწევთ. მიუხედავად ამისა, ნამდვილ სიცოცხლეს, რომელსაც სულის დაკმაყოფილება და გულში ცვლილებების მოხდენა შეუძლია, მხოლოდ ერთ პიროვნებასთან ურთიერთობაში აღმოაჩენთ.
მხოლოდ ქრისტეს შეუძლია, გახდეს სულიერი სიცოცხლისა და ძალის წყარო. მას შეუძლია გიხსნათ, შეგცვალოთ და საკუთარი თავისგანაც კი გაგათავისუფლოთ. მხოლოდ ქრისტეს ძალუძს მისცეს თქვენს სულს ის, რასაც იგი ასე სასოწარკვეთილად ეძიებს. იქნებ იმედგაცრუება ურთიერთობებში არარეალურ და მიუღწეველ მოლოდინთა შედეგია? იქნებ, უნებურად, ადამიანები დააყენეთ ღმერთის ადგილზე? იქნებ ადამიანებს სთხოვთ იმის გაკეთებას, რის გაკეთებაც მხოლოდ ქრისტეს შეუძლია?
მხოლოდ ერთი მხსნელი არსებობს და ის თქვენთან არის სამუდამოდ. არ არის საჭირო, რომ თქვენ გვერდით მყოფ ადამიანს აჰკიდოთ ტვირთი.
კითხვები მსჯელობისთვის:
1. რომელი ადამიანისთვის თუ ადამიანებისთვის ხართ მადლიერნი ღმერთის მიმართ იმის გამო, რომ ისინი მოავლინა მან თქვენს ცხოვრებაში? რატომ?
2. ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ადამიანებისგან ელოდით იმას, რის მოცემაც მხოლოდ ქრისტეს შეუძლია?
3. როგორ დაზარალდა თქვენი ურთიერთობები წარსულში არარეალურ და მიუღწეველ მოლოდინთა შედეგად? რის შეცვლა შეგიძლიათ წინსვლისას?