არსებობს უამრავი განსხვავებული მოსაზრება იესოს მეორედ მოსვლის შესახებ, თუმცა უმეტესობა თანხმდება, რომ უკანასკნელ დღეებში იქნებიან ცრუწინასწარმეტყველნი, ცრუმასწავლებლები და ცრუმესიები. იესომ თქვა: „რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.“ (მათე 24:24-25).
წმინდა წერილის ეს ადგილი ბადებს მნიშვნელოვან კითხვას: შესაძლებელია თუ არა ღვთისმოსავი ადამიანები იქნენ ცდუნებულნი?
ამ მუხლში არის გარკვეული ბუნდოვანება, მაგრამ პავლე მოციქული ამბობდა, რომ დიახ, შესაძლებელია, როდესაც იგი წერდა: „ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს.“ (1 ტიმოთე 4:1). ეს ამჟამად ხდება მორწმუნეთა თავს მთელ მსოფლიოში. შეუძლია კი ეშმაკს ჩვენს ფიქრებზე მოქმედება? რას ამბობს ამის შესახებ წმინდა წერილი? მოდით, განვიხილოთ ბიბლიის ორი გმირი: დავითი და პეტრე.
„აღდგა სატანა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.“ (1 ნეშტთა 21:1). როგორ გააკეთა ეს სატანამ? მიიღო მან ადამიანის სახე, რომ დავითს დალაპარაკებოდა? არა, ეს ფიქრები მოვიდა დავითის გონებაში, ან უბრალოდ მან იფიქრა, რომ ეს მისი ფიქრები იყო. ეს არის ცდუნება. დავითი უფლის გულის სასურველი ადამიანი იყო. მას რომ სცოდნოდა, ეს ფიქრები ეშმაკისგან მოდიოდა, იგი არასდროს დაემოჩილებოდა მას. ეშმაკი არ აპირებს მოწიფული ქრისტიანების ცდუნებას ბავშვების მსხვერპლშეწირვის საცდურით ან სხვა აშკარა სატანისტური რიტუალების ჩადენით. მორწმუნეები მაშინვე ამოიცნობენ ამ ფიქრების ავტორს.
ამგვარად, როგორ აცდუნებს სატანა დავითისნაირ მოწიფულ მორწმუნეებს? იგი ეცდება, რომ მისი მხედველობა მოაშოროს უფლის შესაძლებლობებიდან და გადაატანინოს იგი თავის შესაძლებლობებზე. დავითმა მოკლა გოლიათი და თავის ფსალმუნში დაწერა: „უიმედოა ცხენი შველისთვის, მთელი მისი ძალა ვერ იხსნის მას.“ (ფსალ. 32:17). დავითმა იცოდა, რომ მას თავისი ძალებით არ შეეძლო, ეცხოვრა და ემსახურა უფლისათვის მოსაწონი ცხოვრებით, ისევე როგორც ჩვენ არ შეგვიძლია. შედეგად, მსჯავრი მოვიდა ისრაელზე და 70 000 ადამიანი დაიღუპა შავი ჭირისაგან. (1 ნეშტთა 21:14). აღსანიშნავია, რომ დავითის დაცემა მოხდა მნიშვნელოვანი გამარჯვებების შემდგომ (1 ნეშტ. 20), რომელიც მსგავსია ელიას დაცემისა ბაალის 450 წინასწარმეტყველის დახოცვის შემდეგ. სატანამ აცდუნა დავითი ძველ აღთქმაში. ისევე როგორც ევამ, დავითმაც დაიჯერა სიცრუე და შედეგები იყო დამანგრეველი.
შესაძლებელია, რომ მსგავსი რამ რომელიმე მოციქულსაც შემთხვეოდა? ეს მოხდა. ლუკა წერს: „და შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.“ (ლუკა 22:3). იოანეს სახარებაში ეს შემდეგნაირად წერია: „სერობის დროს, ეშმაკს უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი.“ (იოანე 13:2). იუდა მოწოდებულ იქნა ღმერთის მიერ, მოწმე იყო სასწაულებისა იესოს მსახურების დროს და მიუხედავად ამისა, მაინც გასცა უფალი. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?
ზოგიერთებმა შეიძლება იფიქრონ, რომ იუდა უბრალოდ ბიბლიის ცუდი პერსონაჟია და იმოქმედა თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად. ამან შეიძლება ახსნას, თუ რატომ იპარავდა იგი საგანძურის ფულს, მაგრამ ეს ის არაა, რასაც წერილი ამბობს. იესოს გაცემის ფიქრები მის გულში შევიდა სატანის მიერ. ფულის მოპარვა საგანძურიდან იყო, ის, რამაც იგი სატანის გეგმებისათვის მისადგომი გახადა. როდესაც იუდამ გააანალიზა, თუ რა ჩაიდინა, თავი ჩამოიხრჩო.
პეტრეს ცდუნება
იესომ უთხრა პეტრეს: „და თქვა უფალმა: ‘სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოს, მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.’ მან კი უპასუხა: ‘უფალო, მზად ვარ, საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც.’ ხოლო მან უთხრა: ‘შენ გეუბნები, პეტრე, დღეს მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.’“ (ლუკა 22:31-34) და ეს მოხდა.
მე მჯერა, რომ პეტრეს სუფთა გული ჰქონდა, იუდასაგან განსხვავებით, ამიტომაც უთხრა იესომ მას: „როდესაც მობრუნდები“. იესომ იცოდა, რომ პეტრე მოინანიებდა. აღსანიშნავია ის, რომ იესოს არ გაუკიცხავს სატანა და არ შეუშლია მისთვის ხელი პეტრეს გაცხრილვისგან. კონტექსტი გვიჩვენებს, თუ რატომ ჰქონდა უფლება ეშმაკს, პეტრეს ხორბლის მსგავსად გასაცხრილად. „ასევე დავობდნენ, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად“ (ლუკა 22:24), სიამაყე წინ უძღვის დაცემას…
ავტორი: ნეილ ანდერსონი