ჩვენ უნდა ვისწავლოთ გოდება. გოდება გულწრფელი ღაღადია ნატკენი გულისა, რომელიც ეჭიდება პარადოქსს, რომელი პარადოქსიც დაკავშირებულია ერთი მხრივ, ტკივილთან, მეორე მხრივ კი − აღთქმასთან იმის შესახებ, რომ ღმერთი კეთილია. ქრისტიანები ადასტურებენ, რომ ქვეყნიერება ცოდვითაა დაცემული, რომ ღმერთი ძლევამოსილია და ერთგული.
შესაბამისად, გოდება დგას ტკივილსა და აღთქმას შორის არსებულ ნაპრალში. ტირილი ადამიანურია, გოდება კი – ქრისტიანული. არავინ ცდილობს, თავად გამოიწვიოს ტკივილი, რომელიც გოდებამდე მიიყვანს, თუმცა როცა ცხოვრებას საფუძველი ეცლება, სწორედ ეს მინორული სიმღერა, სწორედ ეს გოდება გვაძლევს სიცოცხლეს. გოდება არის ტკივილით ლოცვა, რომელიც გვიბიძგებს იმისკენ, რომ მივენდოთ ღმერთს.
შეხედეთ გოდებას, როგორც ტკივილსა და აღთქმას შორის გარდამავალ რგოლს. ეს არის გულგატეხილობიდან იმედისკენ მიმავალი გზა. ლოცვით გოდება მდუმარებაზე უმჯობესია.
ფიქრი იმაზე, რომ ღმერთს არ ადარდებს ადამიანი, არ ესმის მისი და არც არაფერი შეიცვლება, ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს. ის იჯერებს ამას და წყვეტს ლოცვას. ნებდება. სიჩუმე სულის მკვლელია.
გოდება კი ჩვენს ემოციებს მიმართულებას აძლევს. ლოცვის მეშვეობით ამეტყველებს ჩვენს ტკივილს, ჩვენს შეკითხვებს და ჩვენს ეჭვებსაც კი. გოდებისას ლოცვა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ძვირფასი გამოხატულებაა ღვთის რწმენისა.
რწმენაა საჭირო იმისათვის, რომ ილოცოთ ტკივილისას. ღვთის რწმენა აღძრავს რთულად პასუხგასაცემ კითხვებს, ხოლო გოდება გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჭეშმარიტებისკენ მიმართოთ ტკივილით სავსე გული.
მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ლოცვას უნდა მიუბრუნდეთ. მდუმარება უნდა დასრულდეს. გაღიზიანებამ და იმედგაცრუებამ, შესაძლოა, ცდუნების წინაშე დაგაყენოთ – ცდუნებისა, რომ შეწყვიტოთ ღმერთთან ლაპარაკი. გოდება აღებს კარს და გიჩვენებთ ნდობისკენ მიმავალ გზას.
განაგრძეთ ღმერთთან ლაპარაკი. თქვენს შიშს, თქვენს სასოწარკვეთილებას, თქვენს მდუმარებას ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ ღვთის მადლს მოგწყვიტოთ. თქვენი ტკივილი, შესაძლოა, ღმერთისკენ მიმავალი გზა იყოს, თუ გოდებას გამოიყენებთ ღმერთთან საუბრის ახალ ენად.
თუ სიტყვები არ გაქვთ, ხმამაღლა წაიკითხეთ გოდების რომელიმე ფსალმუნი. იფიქრეთ მის შესახებ. დაე, შემოაღწიოს მან თქვენს გულში. დაე, გოდებამ თავისი საქმე აღასრულოს თქვენს ცხოვრებაში. დაე, გოდება წარგიძღვეთ ამ მწუხარების წმინდა სიმღერის სიღრმეებისკენ.
არ შეწყვიტოთ ღმერთთან საუბარი. განაგრძეთ ჭიდილი. განაგრძეთ ბრძოლა. განაგრძეთ ლოცვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გოდება. მივბრუნდეთ ღმერთისკენ ცრემლებითა და ლოცვით.
ავტორი: მარკ ვროიგოპი, “Mark Vroegop, Dark Clouds, Deep Mercy: Discovering the Grace of Lament”