კლასიფიკაცია ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა. რელიგიის სფეროშიც კი საკმარისად ბევრი შუქ-ჩრდილია იმისათვის, რომ მკაფიო ხაზი გავავლოთ ადამიანებს შორის. რელიგიური სამყარო მხოლოდ შავი და თეთრი კვადრატებისგან რომ შედგებოდეს, კლასიფიკაცია ადვილი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
ევანგელისტი მორწმუნეების სერიოზული შეცდომა ისაა, რომ მათი აზრით, ღვთის შვილები – ყველანი, ჩვენს ეკლესიაში არიან და რომ ყველა, ვინც არ არის დაკავშირებული ჩვენთან, თვით ფაქტის ძალით, უფლის მტერია. ფარისევლებმა სწორედ ეს შეცდომა დაუშვეს და შედეგად, ჯვარს აცვეს ქრისტე.
ამის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ სამართლიანნი და შემწყნარებელნი ვიყოთ, უნდა ითქვას, რომ მაინც არსებობს ერთი განსხვავება, რომელსაც ვბედავთ და გამოვყოფთ და უნდა გამოვყოთ კიდეც, თუ მოვალენი ვართ, რომ ღმერთის აზრებით ვფიქრობდეთ და თუკი გვინდა, რომ ჩვენი შეხედულებანი წმინდა წერილს შეესაბამებოდეს. ეს განსხვავება არსებობს ადამიანთა ორ კლასს შორის: ერთხელ შობილთა და ორჯერ შობილთა შორის.
ის, რომ ეს განსხვავება არსებობს, ამის შესახებ უფალი იესო ძალიან მკაფიოდ და გასაგებად ასწავლიდა ადამიანებს, და ისეთ კონტექსტში, რომელიც უბრალოდ გამორიცხავს ხატოვანი საუბრის შესაძლებლობას.
„ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს,“ – თქვა მან. მთელი თავი, სადაც ამ სიტყვებს ვკითხულობთ, ამტკიცებს იმას, რომ ქრისტე გარკვევით საუბრობს და იმდენად პირდაპირ და შეულამაზებლად განმარტავს ცნებათა მნიშვნელობას, რამდენადაც ენას შეუძლია გადმოსცეს.
„ხელახლა უნდა იშვათ,“ – ამბობს ქრისტე, – „ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.“
ეს მკაფიოდ გამოკვეთილი სასაზღვრო ხაზი მთელ ახალ აღთქმას გასდევს. ის პირდაპირ მიჯნავს ერთ ადამიანს მეორისაგან და მკვეთრად განასხვავებს მათ.
უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის თქმა, თუ რომელ კლასს მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ეს ორი ფორმა, ჩვეულებრივ, განირჩევა ერთმანეთისაგან.
ისინი, ვინც ორჯერ არიან შობილნი, ყალიბდებიან იესო ქრისტეს პიროვნების გარშემო და ერთმანეთის გვერდით იყრიან თავს მაშინ, როცა ერთხელ შობილნი მხოლოდ ბუნების კავშირებით არიან დაკავშირებულნი; მათ მხოლოდ რასობრივი კავშირების ან საერთო პოლიტიკური თუ სოციალური ინტერესების დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ.
ჩვენი უფალი აფრთხილებდა თავის მოწაფეებს, რომ ისინი დევნილნი იქნებოდნენ: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.“
ის ასევე ამბობდა: „ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემ გამო.“
ეს მხოლოდ ორი ნაწყვეტია იმ მრავალ ახალაღთქმისეულ მონაკვეთს შორის, სადაც ვკითხულობთ უფლის მიმდევართა დევნისა და გასაჭირის ფაქტების შესახებ.
ეს მტრობა არსებობს ერთხელ შობილთა და ორჯერ შობილთა შორის და მიზეზი განმარტა კიდეც ქრისტემ, როდესაც თქვა: „ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თავისიანები; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.“
პავლე მოციქულმა კი ასე ჩამოაყალიბა ეს: „და როგორც მაშინ ხორციელად შობილი დევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც“ (გალატელთა 4:29).
ერთხელ შობილთა და ორჯერ შობილთა მორალურ სტანდარტებს შორის განსხვავება, მათი ცხოვრების სხვადასხვა წესი, შესაძლოა, ამ მტრობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყოს, მაგრამ ნამდვილი მიზეზი უფრო ღრმად არის საძებარი.
დედამიწაზე ორი სული არსებობს: ერთი, რომელიც მოქმედებს „ურჩობის ძეებში“ და მეორე, რომელიც არის ღვთის სული. ეს ორი ვერასოდეს მორიგდება ვერც აქ და ვერც მარადისობაში. სული, რომელიც მკვიდრობს ერთხელ შობილ ადამიანებში, მუდამ ეწინააღმდეგება სულს, რომელიც ორჯერ შობილ ადამიანებშია დამკვიდრებული. ეს მტრობა შორეულ წარსულში დაიწყო, ჯერ კიდევ ადამიანის შექმნამდე და დღესაც გრძელდება. თანამედროვე ძალისხმევა იმისა, რომ მშვიდობა დამყარდეს ამ ორ სულს შორის, არა მხოლოდ ფუჭია, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც სამყაროს მორალურ კანონებს.
„სწავლება იმისა, რომ ერთხელ შობილთა სული მტრობს ორჯერ შობილთა სულს, ნიშნავს ნებისმიერი ძალადობის დაშვებას ადამიანის ცხოვრებაში. არცერთი სიტყვა არ იქნება საკმარისად მწარე ამ ამაყ ფანატიკოსთა მიმართ, რომლებიც ბედავენ და ამგვარ განმასხვავებელ ხაზს ავლებენ ადამიანთა შორის. ასეთი ბოროტი იდეები ეწინააღმდეგება ადამიანთა შორის ძმობის იდეას,“ – ამბობენ ერთხელ შობილნი და ამ მოსაზრებას იზიარებენ სიძულვილისა და უთანხმოების მოციქულები.
ორჯერ შობილთა წინააღმდეგ მიმართული ეს მძვინვარება მხოლოდ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომლებსაც ისინი ასწავლიან, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს.
ქრისტიანული დამოწმების ძალა არ გახლავთ ძმობის შესახებ რბილად საუბარი, არამედ გულწრფელი აღიარება იმისა, რომ დედამიწაზე ერთდროულად კაცთა ორი მოდგმა ცხოვრობს: ცოდვით დაცემული მოდგმა, რომელიც ადამისგან წარმოიშვა და მეორე, განახლებული მოდგმა, რომელიც ღვთის სულისაგან არის შობილი იესო ქრისტეში გამოსყიდვის შედეგად.
ამ ჭეშმარიტების მიღება მოითხოვს პირდაპირობასა და სულიერ მოწიფულობას, რაც თანამედროვე ქრისტიანებს უბრალოდ არ გააჩნიათ. რაც შემეხება მე, დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ მერჩივნა – მცოდნოდა ჭეშმარიტება, ვიდრე ბედნიერი ვყოფილიყავი უგუნურებაში. თუ არ შემიძლია – ერთდროულად ჭეშმარიტებაც მქონდეს და ბედნიერებაც, მაშ, მომეცით ჭეშმარიტება. ბედნიერებისთვის ზეცაშიც დიდი დრო გვექნება!..
ავტორი: ე. უ. ტოზერი
„ადამიანი − ღმერთის სამყოფელი ადგილი“