ღმერთის სინამდვილე ყველასთვის ცნობილია
„ცანი ღაღადებენ ღვთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.“
ღვთის სამყარო არ წარმოადგენს ფარს, რომელიც შემოქმედის ძალასა და სიდიადეს ფარავს. ბუნებრივ წესრიგში აშკარად ჩანს, რომ არსებობს ძლევამოსილი და ბრწყინვალე შემოქმედი. მოციქული პავლე ამას გვასწავლის რომაელთა მიმართ 1:19-21-ში, და საქმეთა 17:28-ში. ის ციტირებს ბერძენ პოეტს იმის დასამოწმებლად, რომ ადამიანი ღვთის მიერ არის შექმნილი. პავლე ასევე ამტკიცებს, რომ ამ შემოქმედის სიკეთე შესამჩნევია მის მოწყალე მზრუნველობაში. „თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეთა 14:17).
„თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს, და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?“
მისი წმინდა კანონის მოთხოვნების ნაწილი ყველას სინდისშია ჩაწერილი,
„რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან. რომლებიც წარმოაჩენენ გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ“
ასევე, გარდაუვალი სამსჯავროს უცილობელი შეგნება.
„იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ“
ეს მკაფიო ჭეშმარიტებანი წარმოადგენს ზოგადი გამოცხადების შინაარსს.
ზოგადი გამოცხადება ამდაგვარად იმიტომ იწოდება, რომ ყველა ადამიანი იღებს მას უბრალოდ იმიტომ, რომ ცოცხლობს ღვთის შექმნილ სამყაროში. ასე იყო ადამიანთა ისტორიის დასაწყისიდანვე. ღმერთი აქტიურად უცხადებს თავის თვისებებს ყოველ ადამიანს, ამდენად, ყველა შემთხვევაში, მადლიერებისა და მართალი მსახურების უგულებელყოფა ცოდვაა ცოდნის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, სერიოზულად ვერ მივიღებთ ისეთ განცხადებებს, თითქოს ზოგს არ მიეღოს ეს ცოდნა. ღვთის უნივერსალური გამოცხადება მისი ძალის, ღირსების და ზნეობრივი მოწოდების შესახებ, არის საფუძველი პავლეს მიერ მთელი კაცობრიობის ცოდვილად და ღვთის წინაშე დამნაშავედ გამოცხადებისთვის, რადგან, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ მივაგეთ მას სათანადო პატივი (რომ. 1:18–3:19).
ზოგად გამოცხადებას ღმერთმა დაუმატა გამოცხადება საკუთარი თავის შესახებ − რომ ის არის ცოდვილთა მხსნელი იესო ქრისტეს მეშვეობით. ეს გამოცხადება, რომელიც მოცემულია ისტორიაში და ჩაწერილია წმინდა წერილში, და რომელიც ხსნის კარს დაკარგულ ადამიანთათვის, ხშირად იწოდება განსაკუთრებულ ან სპეციალურ გამოცხადებად. ის მოიცავს სიტყვიერად ნათქვამს ყველაფერს, რასაც ზოგადი გამოცხადება გვეუბნება ღმერთზე, და გვასწავლის, როგორ ვიცნოთ ეს გამოცხადება ბუნებაში, ისტორიულ მოვლენებსა და ადამიანთა შინაგან მოწყობაში, რათა ვისწავლოთ მთელი სამყაროს დანახვა, როგორც „ღვთის დიდების თეატრისა“, როგორც ამას კალვინი უწოდებდა.
ჯ. ი. პეკერი
წიგნიდან: „თეოლოგია მარტივად“