ყველა საგანძურს შორის, რომლითაც ბუნების მიერ ვართ დაჯილდოებულნი, იმედი გამორჩეულია, როგორც ყველაზე ძვირფასი რამ.
მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი ესოდენ „ჩვეულებრივი“ და საყოველთაოდ გავრცელებული ცნებაა, ჩვენ მას აღვიქვამთ, როგორც რაღაც თავისთავადს და ვერც კი ვაცნობიერებთ, რაოდენ ძვირფასია იგი სინამდვილეში.
იმედის გარეშე ცხოვრება ცოდვით დაცემულ ქვეყნიერებაზე უბრალოდ აუტანელი იქნებოდა. იმედის გარეშე სიცოცხლის სურვილი და ხალისი მყისიერად გაქრებოდა; იმედის გარეშე ერთსაათიანი გასაჭირიც კი გატეხდა ჩვენს სულს და მილიონობით ადამიანს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა.
გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანის გულში არსებული მთელი იმედი საერთოდ თუ განქარდებოდა, რამდენიმე წელიწადიც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ კაცობრიობა მთლიანად აღგვილიყო მიწის პირისაგან. შთამომავლობის გამრავლების სურვილი და თავის გადარჩენის ინსტინქტიც კი არ იქნებოდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ იმედდაკარგულ ადამიანთა მოდგმა გადაშენებისგან ეხსნა.
იმედი არის ჩვენი ნუგეშისმცემელი. იმედი გვაძლევს უნარსა და ძალას გზის გასაგრძელებლად მაშინ, როდესაც აღარავითარი მიზეზი აღარ გვაქვს დარჩენილი ამისათვის.
იმედს შეუნარჩუნებია მხნეობა გემის მსხვრევას გადარჩენილი მეზღვაურისთვის და მიუნიჭებია მისთვის ძალა − დარჩენილიყო ცოცხალი წელიწადებივით გრძელი დღეების განმავლობაში, მანამ, სანამ ვინმე მოვიდოდა და უშველიდა. იმედს განუმტკიცებია პატრიოტი, რათა განეგრძო ბრძოლა და მოეპოვებინა გამარჯვება მრავალრიცხოვანი მტრის წინაშეც კი. იმედს უხსნია სიგიჟისა თუ თვითმკვლელობისაგან საკანში მარტო მჯდარი პატიმარი, რომელიც წლებს, თვეებსა და დღეებს ხელნაკეთ კალენდარზე აღნიშნავდა. იმედს მიუცია ძალა ავადმყოფისა თუ დაჭრილისათვის გაეძლო ტკივილისათვის მანამ, სანამ ტანჯვას ბოლო მოეღებოდა და ჯანმრთელობა დაუბრუნდებოდა. იმედს გაუნათებია სავალი გზა ქანცგაწყვეტილი მოგზაურისათვის, რათა მიეღწია სახლამდე, სადაც საყვარელი ადამიანი ელოდა.
„იმედი… რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე…“
ებრაელთა 6:18-19