კოლეჯში სწავლისას ხელში ჩამივარდა ერთ-ერთი მეგაეკლესიის გამოჩენილი ხუცესის წიგნი. ავტორი მოგვიწოდებდა, გვეცხოვრა ისე, როგორც ღვთის შვილებს შეეფერებათ. ის ამბობდა, რომ ღმერთს სურს ჩემი კურთხევა და თუ რწმენა მექნება, ღმერთი მომცემს საუკეთესო სახლს პრესტიჟულ უბანში. მისი სიტყვები თითქოსდა დამაჯერებლად ჟღერდა.
ავტორი განმარტავდა, რომ თავის დროზე მასაც სურდა საუკეთესო სახლი მეზობელ უბანში და ღმერთმა აჩუქა ის. და აი, ჩემ წინაშე დგას ადამიანი, რომელსაც ასეთი დამოწმება აქვს. სახლის შესახებ დამოწმების გარდა ის ჰყვებოდა ისტორიებს სხვა რამდენიმე საკითხზეც და თეთრი, ქათქათა კბილებიც ჰქონდა (როგორღაც არაბუნებრივად თეთრი, გავიფიქრე მე).
ასე გავიცანი კეთილდღეობის შესახებ პოპულარული სწავლება, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, „ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და კეთილდღეობის სახარება“. იმ დროისთვის ჩემი ლოგიკა ასეთი იყო: „თუ ეს გამოუვიდა მას, რატომ არ შეიძლება გამომივიდეს მე?“ და ეს ლოგიკა სრულიად უვნებლად მეჩვენებოდა.
უფრო თუ ჩავუღრმავდებოდი, დავინახავდი იმის ნამდვილ მიზეზს, რატომ გამოუვიდა ეს მას, მე კი არა. ეს იმიტომ, რომ კეთილდღეობის შესახებ სწავლება ფინანსური პირამიდაა.
რა არის ფინანსური პირამიდა?
აი, როგორ მოქმედებს უმარტივესი პირამიდული სქემა.
პირველი: მოხერხებულ მეწარმეს სურს, იშოვოს ბევრი ფული. ვთქვათ, ის მიდის და ორ მეგობარ პენსიონერ ქალს ეუბნება, რომ თუ ისინი დაიწყებენ მისი „სუპერნაკეთობა 3000“-ის გაყიდვას, ისინი ცოტაოდენი ფულის გამომუშავებას შეძლებენ. თავდაპირველი შენატანი ბიზნესის განვითარებისთვის 401.76 დოლარია. მართალია, „სუპერნაკეთობა 3000“ სულაც არ არის შესანიშნავი რამ და ნამდვილი თაღლითობაა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მთავარი მიზანი არა პროდუქციის გაყიდვაა, არამედ ახალი დამბანდებელ-რეალიზატორის მოზიდვა.
მეორე: ეს მშვენიერი ქალბატონები მიდიან სხვა მეგობრებთან ამავე წინადადებით და იწვევენ ახალ დამბანდებლებს.
მესამე: გარკვეული ხნის შემდეგ ხალხი რწმუნდება, რომ არავის სურს „სუპერნაკეთობა 3000“-ის ყიდვა და ვერც ერთი დამბანდებელ-რეალიზატორი, ფაქტობრივად, ვერაფერს ყიდის. ამ დროს კი მათ მიერ თავდაპირველად შეტანილი თანხა სულ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს და ჩვენი მოაზროვნე მეწარმე ტკბება თავისი ფინანსური მდგომარეობით.
ეს ფინანსური პირამიდის ძირითადი პრინციპია.
სამი მიზეზი, რომელთა მიხედვითაც „კეთილდღეობის სახარება“ შეიძლება ჩაითვალოს პირამიდად
რა საერთო აქვს პირამიდის მსგავს პრინციპს ზემოთ აღნიშნული ხუცესის წიგნთან? არსებობს, სულ მცირე, სამი პუნქტი, რომლებიც საოცარ მსგავსებაზე მიუთითებს.
ის ეფუძნება სათავეში მდგარი პიროვნების ცრუ წარმატებას
მე ისევე მოვტყუვდი კეთილდღეობის სახარების მქადაგებლის მიერ, როგორც პირამიდის მსგავსი სქემით მოტყუვდნენ სხვა ადამიანები. ისინი ხედავენ ვიღაცას სულ მაღლა და ფიქრობენ: „მას გამოსდის, ხომ ასეა?“ დიახ, ეს სიმართლეა და ეს მოხდა იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაიხადა თანხა ხუცესის საოცნებო სახლისთვის. მათ შორის მეც, როდესაც ეს წიგნი ვიყიდე მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად. სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მის წარმატებას, დგანან პირამიდის საძირკველთან. რა თქმა უნდა, მისთვის ეს ამართლებს. ის ხომ სათავეშია!
ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანებისადმი მიმართული ტყუილი
ისევე, როგორც ფინანსური პირამიდა, „ჯანმრთელობისა და სიმდიდრის სახარებაც“ იკვებება იმ ადამიანთა ხარჯზე, რომლებიც სოციალური კეთილდღეობის ბორტს მიღმა არიან. ჩემი მეგობარი, ვალერიან მგანგა, მიყვებოდა, რომ კენიაში კეთილდღეობის სახარების შესახებ უწყება ქრისტიანული სწავლების ერთადერთი ვერსიაა, რომელსაც ისმენს ხალხი. ჩემი სიმამრი, რომელიც ეწევა მსახურებას პატიმრებთან, ამბობს, რომ გამუდმებით უხდება ამ სწავლებასთან შეჯახება ციხის სისტემაში. რატომ? იმიტომ, რომ „ჯანმრთელობისა და სიმდიდრის სახარება“ ნადირობს ადამიანებზე, რომლებსაც სწყურიათ შვება.
მისიონერი პოლ ბორტვიკი ჰყვებოდა, რომ განაში მოგზაურობისას მოწმე გახდა იმისა, როგორ ასახელებდა 150 კილოგრამი წონის მქონე მქადაგებელი სიმსუქნეს ღვთის კურთხევის მოწმობად და როგორ „ამხნევებდა“ მსმენელებს იმით, რომ მათ ფინანსურ დანათესსაც ასევე აკურთხებდა ღმერთი.
„სიღატაკეში როცა ცხოვრობ,“ – ამბობდა ერთ-ერთი მისიონერი ჯგუფიდან, – „იმის მოსმენა, რომ შენ ღმერთს უყვარხარ, არაა საკმარისი. შენ გსურს ღვთისმიერი წარმატება და კეთილდღეობა… მათ ასწავლიან იმას, რომ ფულის გაღება ხელს უწყობს ამას“. წარმატების დოქტრინა უბრალოდ ცუდი სწავლება როდია, ეს არის ზეწოლის, მანიპულაციისა და ჩაგვრის ფორმა.
ის ასაზრდოებს ჩვენს კერპთაყვანისმცემლობას
აუცილებელი არ არის, რომ ფინანსურ პირამიდათა მსხვერპლნი გავხდეთ, ისევე, როგორც კეთილდღეობის სწავლების მიმდევარნი, სასოწარკვეთილი, ხავსს მოჭიდებული ადამიანები.
ამ სწავლებისთვის საკმარისია იმ ადამიანთა გამოყენება, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობაში ცხოვრობენ. ჩვენ უბრალო გულუბრყვილობის გამო კი არ ვებმებით პირამიდული სქემის ხაფანგში, არამედ საკუთარი სურვილით ვდგამთ ფეხს მასში. ჩვენ გვსურს, მივიღოთ ბევრი ფული, ჯანმრთელობა და პატივისცემა, რომლებსაც ისინი გვთავაზობენ და გვინდა, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ. გვსურს დავიჯეროთ, რომ ამ ყოველივეს მიღწევა შესაძლებელია ჩვენს ცნობიერებაში რწმენის გადამრთველის ერთი დაწკაპუნებით. ჩვენ სასოწარკვეთამდე გვსურს ეს.
არასოდეს დამავიწყდება ის წუთი, როდესაც დასაბუთებულად გავაკრიტიკე კეთილდღეობის შესახებ სწავლების ერთ-ერთი მიმდევრის წარმოდგენები ჩემი ნაცნობის წინაშე და მისი ყურადღება მივაქციე მოციქული პავლეს ცხოვრების. ის მპასუხობდა: „ესე იგი, მას არ ეყო რწმენა“… ეს სწორედ ისაა, რასაც ფინანსური პირამიდა სჩადის: მოგვიწოდებს ჩვენს კერპთა მორჩილებისკენ. შედეგად კი, ვეღარ ვამჩნევთ იმას, რომ გვატყუებენ, რამდენად აშკარაც არ უნდა იყოს ეს.
იესოს ჭეშმარიტი დაპირება
გთხოვთ, არასწორად არ გამიგოთ. მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთს სურს მაკურთხოს. მე მწამს, რომ ღმერთი ხელს მიმართავს და სურს ჩემთვის კარგი ცხოვრება, მაგრამ მე აგრეთვე მჯერა, რომ მისი სახარება გაცილებით უკეთესია „კეთილდღეობის სახარებაზე“. კეთილდღეობის შესახებ სწავლება ადამიანებზე გადავლით ცდილობს მაღლა ასვლას. იესო კი ჩამოდის, რომ ჩვენ აგვიყვანოს მაღლა. კეთილდღეობის შესახებ სწავლება ავიწროებს ღარიბებს, იესო კი იზიარებს გაჭირვებულ ადამიანთა საჭიროებებს. კეთილდღეობის შესახებ სწავლება აძლიერებს ჩვენი კერპების სამჭედლოს, იესო კი ანგრევს კერპებს თავისი დიდების გამოვლინებით.
ჭეშმარიტი სახარება ამბობს: ჩვენთვის განკუთვნილი იესოს გეგმები გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და პირადი კეთილდღეობისადმი სწრაფვა. იესო არ ამართლებს თავმოყვარეობას, ის გვთავაზობს ღვთის ღირსებას, როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ საკუთარი თავის ამაღლებაზე (მათე 5:3). ის არ გახლავთ თვითკმაყოფილების მომხრე, ის გვთავაზობს თავის სრულყოფილ სამყაროს, როდესაც ჩვენ ვმდაბლდებით ცოდვების მონანიებით (მათე 5:4). ის არ გვთავაზობს საუკეთესო სახლს პრესტიჟულ უბანში. ის გვთავაზობს მკვდრეთით აღდგომის იმედს, როდესაც ვტოვებთ ამპარტავნობას (მათე 5:5). აგრეთვე, ის არც სხვების „ზებუნებრივ კეთილგანწყობას“ გვთავაზობს, არამედ, ნაცვლად ამისა, გვპირდება სამუდამო ჯილდოს, როდესაც ჩვენ დევნილნი და დამცირებულნი ვართ მისი სახელის გამო (მათე 5:10-12).
მოკლედ რომ ვთქვათ: იესო საუკეთესო ღმერთია! ის არ არის მოვაჭრე, რომელიც ბრბოს თავში დგას და ამქვეყნიურ სიკეთეთ გვპირდება. ის არის ღმერთი, რომელიც პირდაპირ პირამიდის საძირკველთან ჩამოდის, მტვერში… ის ხელგაშლილი გაეკრა ჩვენთვის ჯვარზე, სადაც არ არის სიუხვე, სიმდიდრე და ჯანმრთელობა, მაგრამ არის ღვთის მარადიული საგანძურნი.
ავტორი: ნიკოლას მაკდონალდი