წარმოიდგინეთ, რომ მარტო ადიხართ მთაზე. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მთა არ გახლავთ. მიწა შენი ფეხის ქვეშ იძვრის, ირყევა და მთის მწვერვალს კვამლი ფარავს. ის დაფარულია სქელი ღრუბლით, რომლიდანაც ჭექა-ქუხილი და ელვა გამოდის. ღვთის ცეცხლი ეშვება მთაზე და ყოველთვის, როცა მისკენ მიბრუნდებით, ის მეხის ხმით გპასუხობთ. მოსემ საკუთარი თვალით ნახა და განიცადა ეს ყველაფერი და აღწერა კიდეც გამოსვლის წიგნის მე-19 თავში. წაიკითხეთ და შეადარეთ ეს მონაკვეთი თქვენს ბოლოდროინდელ გამოცდილებას, როდესაც დრო ლოცვაში გაატარეთ. ეჭვი მეპარება, რომ იმ სიტყვებიდან, რომელიც ახლა შენი ლოცვებიდან გაიხსენე, ერთმა მაინც გაუელვა თავში მოსეს, როდესაც იგი მთაზე ადიოდა.
დაახლოებით სამი ათასი წლის შემდეგ, ჩვენ იშვიათად ვართ აღფრთოვანებულნი ამ სასწაულით, რომელსაც ღმერთის ადამიანთან შეხვედრა ჰქვია. თითქოს ჩვეულებრივი გახდა, რომ ღმერთმა არასრულყოფილ ადამიანთან ურთიერთობა და მეგობრობა ისურვა. და საერთოდ, დღეს ღმერთთან ურთიერთობის ჩვენი გამოცდილება შეიძლება ისეთივე გასაოცარი იყოს, როგორიც მოსესი გახლდათ?
მთაზე ასვლა
ჩემი მოძღვარი ინდოეთში ცხოვრობს. შარშან მან დამირეკა, ტიროდა და ამერიკაში ეკლესიების მდგომარეობა აწუხებდა: „ვგრძნობ, რომ ამერიკაში მცხოვრები ადამიანები კმაყოფილები დარჩებოდნენ, მოსესთან სურათის გადაღება რომ შესძლებოდათ, თუმცა მათ არ იციან, რომ თავად შეუძლიათ მთაზე ასვლა ღმერთთან სასაუბროდ.“
გაიხსენეთ, ბოლოს როდის ისიამოვნეთ ღმერთთან მარტო ყოფნით? ისეთი ლოცვით, რომლის შეწყვეტაც არ გსურდათ? როდის განიცადეთ ბოლოს, რომ უსასრულოდ იჯდებოდით მარტო და გამოიკვლევდით მისი სიტყვის სიღრმეებს?
პირადად მე მხოლოდ მაშინ ვთავისუფლდები სიამაყის, ტყუილისა და სტრესისგან, როდესაც ღმერთის პირისპირ ვდგები. სიამაყე მტოვებს, როდესაც მის წინაშე ვიმყოფები, რომელიც მიუწვდომელ ნათელში მკვიდრობს. ამას თავმდაბლობა მოაქვს ჩემში (1-ლი ტიმ. 6:16). ტყუილს ვწყვეტ, როდესაც ვესაუბრები მოსამართლეს, რომელმაც ყველაფერი იცის და ეს პატიოსნებისკენ მიბიძგებს (ებრ. 4:13). სტრესი ქრება, როდესაც გააზრებულად თაყვანს ვცემ ღმერთს, რომლის ხელშია გამარჯვება და დამარცხება, ეს მშვიდობას მაძლევს შფოთის ნაცვლად (ფსალმუნი 127:1).
ღონისძიების პროფესიონალი ორგანიზატორები
ჩვენ ხშირად დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ მორწმუნეების შეკრებაზე. ჩვენ გავხდით ექსპერტები იმაში, თუ როგორ ჩავატაროთ უნაკლო ღონისძიებები, მაგრამ ვერ შევძელით, მორწმუნეებისთვის გვესწავლებინა ღმერთთან განმარტოება, მის პირისპირ დგომა. ბოლოს როდის გსმენიათ, რომ ვინმეს ქადაგებისას ენთუზიაზმით ესაუბროს ღმერთთან დროის მარტო გატარებაზე? მორწმუნეების შეკრება, რომლებიც ღმერთთან განმარტოებით დროს არ ატარებენ, შეიძლება საკმაოდ საშიში იყოს. ამასთან, ჩვენი შეხვედრები შეიძლება შხამიანი გახდეს ჩვენთვის, თუ ღმერთთან დროს არ გავატარებთ.
ბევრ შეხვედრას ვესწრებოდი, სადაც ადამიანებმა საკუთარი აზრები გაგვიზიარეს. პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ ეს აზრები ხშირად არც ისე ღრმაა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, პრობლემაა ისიც, რომ ასეთი მონდომებით ვსაუბრობთ საკუთარ აზრებზე, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენივე გონებაში, ხოლო ჩვენ გვყავს ღმერთი, რომელიც ამბობს: „ჩემი აზრები არ არის შენი აზრები და არც შენი გზები არ არის ჩემი გზები“ (ეს. 55: 8-9). მე მსურს ღმერთის აზრების ცოდნა. მსურს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც წაიკითხეს მისი სიტყვა, ხალხთან, ვისაც ურთიერთობა აქვს უფალთან. მსურს ვიყო მათთან, ვინც ღმერთთან მეგობრობენ. აბსოლუტურად არ მაინტერესებს, გაქვთ დოქტორის წოდება თეოლოგიაში თუ მორწმუნეობის 60-წლიანი გამოცდილება. მე მირჩევნია, თხუთმეტი წლის თინეიჯერს ვესაუბრო, რომელიც ღმერთთან ერთად დადის.
ქადაგება გიყვართ?
დიდ დროს უთმობთ სხვადასხვა წიგნზე, ქადაგებასა თუ კონფერენციაზე საუბარს? მე არ ვარ ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ ქადაგებას, წიგნების წერას და კონფერენციების ჩატარებას დავუთმე, თუმცა დროა, ჩვენი ყურადღება გადავიტანოთ. ჩვენ ფაქტების წინაშე უნდა დავდგეთ. ამერიკელი ქრისტიანები უფრო მეტ წიგნს კითხულობენ და ქადაგებას ისმენენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანები მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ გადახედეთ დღეს ეკლესიების მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. ქრისტიანული რესურსების გაზრდილმა მოხმარებამ გამოიწვია სიწმინდის ზრდა ან ღმერთთან უფრო დიდი სიახლოვე?.. რა თქმა უნდა, შეიძლება ამტკიცებდეთ, რომ ამ რესურსების გარეშე ეკლესიის მდგომარეობა შეიძლება უარესიც ყოფილიყო და შესაძლოა ასეც იყოს. თუმცა, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ყველა ამ წიგნმა და ქადაგებამ იესოს შესახებ, ადამიანი რეალურად დააშორა მასთან უშუალო კომუნიკაციას.
შეიძლება გმობად გამოიყურებოდეს ვარაუდი, რომ ჩვენი ლოცვითი ცხოვრება შესუსტებულია მთელი ამ ქრისტიანული „მზა“ მასალის მოხმარებით. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც ადამიანთა უმეტესობას უჭირს რაიმეზე კონცენტრირება. ჩვენ მუდმივად ვეძებთ სწრაფ ამოხსნას და პასუხებს. ამ მიზეზით, ჩუმად ჯდომის, საღვთო წერილზე ფიქრისა და ღრმა ლოცვის იდეას სწრაფად ანაცვლებს სამსახურისკენ მიმავალ ავტომობილში მზა ქადაგების ჩანაწერის მოსმენის შესაძლებლობა…
რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ ამ სტატიის მთავარი აზრი ის არის, რომ ღმერთთან განმარტოება არაფერმა ჩაანაცვლოს.
რაღაც უნდა დავთმოთ
მოციქულ პავლესთვის ეს ადვილი იყო, მას უყვარდა იესოსთან დროის გატარება მარტოს. იგი გატაცებული იყო ქრისტეს ღრმა ცოდნის იდეით (ფილ. 3:8).
ჩემთვის სიცოცხლეა ქრისტე და სიკვდილი – მოგება.
ვერაფერი ჩაანაცვლებს ჩვენს ურთიერთობას იესოსთან. თუ ამისათვის საკმარისი დრო არ გაქვთ, საჭიროა თქვენი განრიგიდან სხვა რამის ამოღება, რომ დრო გაათავისუფლოთ უფალთან მოზიარეობისთვის. გამოტოვეთ ლანჩი ან შეხვედრა მეგობართან და შეხვდით იესოს.
დაიმახსოვრეთ, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რის გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ და რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შეხვედრა მასთან, ვის ხელშიც არის შენი სუნთქვა და არსებობა. შეიძლება რამე ამაზე უკეთესი იყოს? როგორ არ უნდა გამონახოთ დრო მისთვის, ვინც თავად შექმნა დრო? რა გეგმები გაქვთ დღეს? ისინი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შემოქმედს გვერდს აუვლით, რათა მათ დაედევნოთ?
ავტორი: ფრენსის ჩენი