მორალური კონფლიქტი – ანუ როდის არის შესაძლებელი, სიცრუე იქცეს სიმართლედ
ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ის მორალური კონფლიქტის პირისპირ აღმოჩნდება. არსებობს გარკვეული, გარდაუვალი მორალური კონფლიქტები, რომელთა წინაშე დგომის დროსაც პიროვნებას არ შეუძლია, დაემორჩილოს ორივე ბრძანებას. არსებობს კომბინაციები და გარემოებანი, რომელთა მიმართ ადამიანი არ არის მოვალე, ელაპარაკოს სიმართლე დამნაშავეებს. მაგალითად, თუ დედა ხედავს მკვლელს, რომელიც ეძებს მის შვილს, მას სრული უფლება აქვს, გზა-კვალი აურიოს მას თავის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ამ შემთხვევაში სიმართლის თქმის შესახებ ზოგად ვალდებულებას აღემატება სიცოცხლის გადარჩენა, რაც უფრო მაღალი ვალდებულება გახლავთ. მყარია პრინციპი, რომელიც ამბობს, რომ უფრო მაღალი ვალდებულება გვათავისუფლებს უფრო დაბლა მდგომი ვალდებულებისგან.
ორი მორალური ვალდებულება ერთმანეთს როცა ეჯახება, მორწმუნე თავისუფალია უფრო დაბლა არსებული მოვალეობის აღსრულებისგან. თეოლოგი ჩარლზ ჰოჯი მიიჩნევს, რომ კლასიკური აბსოლუტიზმის ეს სახე ნაკარნახევია თვით ბუნებრივი სინდისით, მაგალითად, სწორია ტკივილის მიყენება იმ მიზნით, რათა გადაარჩინო სიცოცხლე, ან მოგზაურთა დაკავება კარანტინში, რათა ააცილო ქალაქს ეპიდემია. იგი მიიჩნევს, რომ პრინციპი თავისთავად მკაფიოდ დანერგა უფალმა, როდესაც თქვა: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი.“ ასევე ცხადად ჩანს ღმერთის დამოკიდებულება, როდესაც იესო ასწავლიდა, რომ სწორია დაარღვიო შაბათი, რათა იხსნა შენი ცხვრის სიცოცხლე. ჰოჯი მიიჩნევს, რომ თუ ადამიანი დაბალ მორალურ ვალდებულებას უმორჩილებს მაღალს, ის არ სცოდავს. მას სჯერა, რომ სწორია განზრახ ტყუილის თქმა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და მეტიც, იგი ამ ქმედებას არ უწოდებს სიცრუეს, აღნიშნულ ტერმინს ის გაუმართლებელი, განზრახ მოტყუებისთვის ინახავს. ჰოჯი ამბობს, რომ მორალურად გამართლებულია განზრახ ტყუილის თქმა, როდესაც არსებობს უფრო დიდი მორალური ვალდებულება, მაგალითად ისეთი, როგორიც სიცოცხლის გადარჩენაა.
ჰოჯის ანალიზები წარმოაჩენს კლასიკური აბსოლუტიზმის არსობრივ ელემენტებს. ამის მსგავსად, წმინდა ავგუსტინესაც სჯერა, რომ არსებობს ცოდვათა იერარქია. ავგუსტინე მიიჩნევს, რომ არსებობს ფასეულობათა პირამიდა, რომლის თავშიც ღმერთია და ღმერთი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ადამიანები, ხოლო ადამიანები − უფრო მეტად, ვიდრე საგნები. ის, რომ ყველა მორალური კანონი არ არის ერთი და იმავე წონის, იესოს სიტყვებშიც ჩანს, როდესაც ის საუბრობს „მცირე“ (მათ. 5:19) და „დიდ“ (მათ. 22:36) მცნებებზე. ბიბლია ასევე ლაპარაკობს „უდიდეს სათნოებაზე“ (1-ლი კორ. 13:13) და ამ სათნოების „უდიდეს“ ქმედებებზე (იოან. 15:13). ზოგადი მითი, რომ ყველა ცოდვა თანაბარია, ხშირად ეფუძნება იაკობის წერილის (2:10) მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც საუბრობს არა ყველა ცოდვის თანაბარ მნიშვნელობაზე, არამედ უფრო მეტად რჯულის ერთიანობაზე. ის არ გულისხმობს, რომ პიროვნება თანაბრად დამნაშავეა ყველა ცოდვაში და არც იმას, რომ ყველა ცოდვისთვის თანაბარი დანაშაულია განსაზღვრული.
არსებობს არასწორი შეხედულება, რომლის მიხედვითაც ცოდვის განზრახვა და ქმნა ერთმანეთს უტოლდება. ეს ვარაუდი ქრისტეს სიტყვებს ეყრდნობა, რომელშიც იგი გულისთქმით შეხედვაზე საუბრობს. იმავე ქადაგებაში, მათეს მე-5 თავში, იესო გვიჩვენებს, რომ არსებობს ცოდვების სხვადასხვა დონე და მათი შესაბამისი სასჯელნი (5:22) და არა მარტო სასჯელნი, არამედ არსებობს ჯილდოების საფეხურებრივი დონეები ზეცაში (1-ლი კორ. 3:11-12). ის ფაქტი, რომ გარკვეული ცოდვები მოითხოვს განკვეთას (1-ლი კორ. 5) და არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც მიუტევებელია (მარკ. 3:29), ხაზს უსვამს იმას, რომ ცოდვები საფეხურებრივად ლაგდება.
მაღალი და დაბალი მორალური კანონის არსებობის ნათელი დადასტურებაა შეკითხვა უდიდეს მცნებასთან დაკავშირებით (მათ. 22:24-35). იესო პასუხობს, რომ პირველი და უდიდესი არის ღვთის უზენაესი სიყვარული, მის ქვემოთ დგას მოყვასის სიყვარული. ცხადად ვხედავთ, რომ არსებობს უფრო მაღალი და უფრო დაბალი მორალური კანონები.
ჩვენ თუ გვწამს, რომ ქრისტე გამოიცადა ყველაფერში, როგორც ჩვენ ვიცდებით, მაშინ ის აუცილებლად უნდა დამდგარიყო მორალურ დილემათა წინაშე და თუ იგი არ დამდგარა მსგავსი სიტუაციების პირისპირ, მაშინ იგი აღარც იქნებოდა ჩვენთვის სრულყოფილი მორალური მაგალითი. ჩვენ ვიცით, რომ მას არ შეუცოდავს, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ მსგავს დილემებს იგი შეცოდების გარეშე ართმევდა თავს (ებრ. 4:15). მაგალითი უამრავია: მორალური კონფლიქტები ღვთისა და მშობლების მორჩილებას შორის (ლუკ. 2), შაბათის დადგენილებანი და განკურნებანი (მარკ. 2), მთავრობა და ღმერთი (მათ. 22), თუმცა უდიდესი კონფლიქტი, რომელსაც ქრისტე შეხვდა, „ჯვრის კონფლიქტია“. აქ ის მოექცა წნეხში, ერთი მხრივ, სამართლიანობის მოთხოვნას უდანაშაულოსათვის (თვითონ) და, მეორე მხრივ, მოწყალებას შორის კაცთათვის (დამნაშავეთათვის). ყველამ კარგად ვიცით, რომ მან მრავალთათვის მოწყალება არჩია ერთისთვის სამართლიანობას. ასეთი კონფლიქტი არასდროს, არავის წინაშე არ დამდგარა და ის ხაზს უსვამს წყალობის აღმატებულობას სამართლიანობაზე გარდაუვალ მორალურ კონფლიქტებში.
ღმერთი თუ ერთია არსში, მაშ, როგორ არის შესაძლებელი მის ბუნებაზე დაფუძნებული მრავალი მორალური კანონის არსებობა? ღმერთი ერთია ბუნებით, მაგრამ მას აქვს მრავალი მორალური ატრიბუტი. თითოეული აბსოლუტური მორალური კანონი მიემართება მხოლოდ ერთისკენ. თითოეული მათგანი არის აბსოლუტური იმდენად, რამდენადაც ის ასახავს ღვთის ბუნებას. ისევე, როგორც წრის მრავალი რადიუსი დაკავშირებულია ერთ ცენტრთან და ამ ერთიდანვე გამოდის და იშლება, ასევე ღვთის მრავალი მორალური თვისება ფესვგადგმულია მის ერთ არსში; მაგალითად, ღმერთი არის უცვლელი სიყვარული და უცვლელად წმინდა. სიყვარული და სიწმინდე არის ორი განსხვავებული მორალური თვისება, თუმცა ორივე მათგანი ღვთის ერთი არსიდან გამოდის.
ყველა მორალური კანონი თუ ღმერთშია ფესვგადგმული, მაშ, როგორ არის შესაძლებელი, რომ სიცრუე ოდესმე სიმართლე იყოს, ვინაიდან ღმერთი არის აბსოლუტური ჭეშმარიტება? სიცრუე, როგორც ასეთი, არ გამომდინარეობს ღვთის ბუნებიდან და არ შეიძლება ოდესმე გამართლდეს ჭეშმარიტებისადმი მიმართვით. მიუხედავად ამისა, სიცრუე, რომელიც არასდროს მართლდება, შესაძლოა, გამართლებული იყოს მაშინ, თუ იგი სიცოცხლის გადარჩენისკენ არის მიმართული. სიცრუე სიცოცხლის გადასარჩენად რეალურად მოწყალების აქტია, მოწყალება კი ღვთის ატრიბუტია. ადამიანის ფეხის მოკვეთაც არასდროს მართლდება, მაგრამ თუ მისი მიზანი ადამიანის დამახინჯება კი არა, გადარჩენაა, მაშინ მისი კვალიფიკაცია იცვლება და მას ამპუტაცია ეწოდება. ღმერთი არის ჭეშმარიტიც და მოწყალეც. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია სიცოცხლის გადასარჩენად ნათქვამი ტყუილი ღმერთს ეფუძნებოდეს, როგორც ჭეშმარიტება, მას შეუძლია დაეფუძნოს ღმერთს, როგორც მოწყალება. სიცოცხლის გადარჩენა არის მოწყალება, თუნდაც მის მისაღწევად სიცრუის გამოყენება გახდეს საჭირო. მორალური კონფლიქტის დროს, კლასიკური აბსოლუტიზმი მიიჩნევს, რომ როდესაც სიმართლე და მოწყალება უპირისპირდება ერთმანეთს, მაშინ მოწყალებისთვის საჭირო ქმედება (ამ შემთხვევაში სიცრუე) პოულობს თავის დასაყრდენს ღვთის ბუნებაში, როგორც წყალობა. აქედან გამომდინარე, „გამართლებული სიცრუენი“ ეფუძნება არა ღვთის ჭეშმარიტებას, არამედ მის მოწყალებას.
ღმერთი არ გვაკისრებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გარდაუვალი მორალური კონფლიქტების გამო, როდესაც პიროვნება იცავს უფრო მაღალ მორალურ სტანდარტს. პირველი იმიტომ, რომ სამართლიანი ღმერთი არ მოჰკითხავს პიროვნებას პასუხს იმისთვის, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შეუძლებელია ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საქმის კეთება. მეორე იმიტომ, რომ პიროვნება არ არის მორალურად გასაკიცხი, როდესაც განიცდის მარცხს იმ ვალდებულებათა შესრულებისას, როცა მათი შესრულება შეუძლებელია უფრო მაღალ ვალდებულებათა დარღვევის გარეშე. მაგალითად, ვინ გაკიცხავს კაცს, რომელიც უარს ამბობს, დაუბრუნოს იარაღი გაბრაზებულ მეზობელს, რომელსაც სურს თავისი ცოლის მოკვლა?!.. მესამე, ბიბლიაში ვხვდებით მაგალითებს, სადაც აღწერილია ამბები, როდესაც გარკვეული პიროვნებანი შეაქო ღმერთმა უფრო მაღალ მორალურ ვალდებულებათა დაცვისთვის კონფლიქტურ სიტუაციებში. ღმერთმა მოიწონა აბრაამის მზადყოფნა, მსხვერპლად შეეწირა საკუთარი ძე; ასევე მოიწონა დანიელისა და სამი ყმაწვილის მთავრობისადმი დაუმორჩილებლობა; ებრაელი ბებიაქალებიც აკურთხა მეფის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, რადგან მათ დაიცვეს უფრო მაღალი მორალური კანონები, როგორიც იყო ღვთისადმი მორჩილება და სიცოცხლის გადარჩენა.
სწორედ ამიტომ, რეალურ, გარდაუვალ კონფლიქტებში ღმერთი არ მოჰკითხავს პიროვნებას დანაშაულს დაბალი მორალური კანონის დაუცველობისთვის, თუკი ის იცავს უფრო მაღალს. ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს თავისი მოვალეობისგან − დაიცვას დაბალი კანონი, ვინაიდან მას არ შეუძლია მისი დაცვა უფრო მაღალი კანონის დაურღვევლად. ეს გათავისუფლება მოქმედებს „მთავარი გზის“ კანონის მსგავსად ეთიკურ ასპექტში. კანონი აცხადებს, რომ როდესაც ორი ავტომანქანა ერთდროულად მიაღწევს გზაჯვარედინს, რომელზეც არ არის ნიშნები, მარჯვენა მხარეს მყოფი ავტომობილი სარგებლობს გზის გაგრძელების უპირატესობით. საღი აზრი გვკარნახობს, რომ ორივეს ერთდროულად არ შეუძლია ერთსა და იმავე დროს გზაჯვარედინის გადაკვეთა, ამიტომ ერთმა უნდა დაუთმოს გზა. ასევე, როდესაც პიროვნება აღწევს ეთიკურ გზაჯვარედინს, სადაც ორი კანონი გარდაუვალ წინააღმდეგობაშია, აშკარაა, რომ ერთმა კანონმა უნდა დაუთმოს მეორეს. ასეთ კონფლიქტებში, როდესაც ჩვენ ვიცავთ უფრო მაღალ მორალურ კანონს, აღარ ვართ პასუხისმგებელნი უფრო დაბალი კანონის დაუცველობისთვის.
ნორმან გეიზლერი – „ქრისტიანული ეთიკა“