მიუხედავად იმისა, რომ სულიერი გამოღვიძება, ძირითადად, ასოცირდება საზოგადოებაში ხალხის ერთობლივ გამოღვიძებასთან, ის ყოველთვის ცალკეული ადამიანებიდან იწყება. ერთ-ერთი სულიერი გოლიათი, ვინც კი ოდესმე ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, ხაზს უსვამს ცალკეული პიროვნების პასუხისმგებლობის უმთავრეს საფუძველს. ნებისმიერ ქრისტიანს, რომელსაც სურვილი აქვს, შეუძლია – რადიკალური სულიერი აღორძინება განიცადოს და ეს სხვა ქრისტიანთა შეხედულებისგან დამოუკიდებლად მოიმოქმედოს.
ისმის მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ? ქვემოთ ჩამოთვლილია ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ყველას შეუძლია და რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ქრისტიანის ცხოვრების საოცარ გარდასახვას.
(1) იყავით უკმაყოფილო საკუთარი თავით
თვითკმაყოფილება სულიერი წინსვლის დაუძინებელი მტერია. კმაყოფილი სული უმოქმედო, ერთ ადგილას გაჩერებული სულია. ამქვეყნიური ქონების შესახებ საუბრისას, მოციქული პავლე ამბობდა: „ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს“ (ფილიპელთა 4:11), მაგრამ თავის სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით ის ამოწმებდა: „ვილტვი მიზნისაკენ“ (3:14). „ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც … არის შენში“ (მე-2 ტიმოთე 1:6).
(2) „გაიკაჟეთ სახე“ თქვენს ცხოვრებაში მონაბერი გარდამქმნელი, ძლიერი ქარის პირისპირ
გაუბედავი ექსპერიმენტატორები ჯერ კიდევ დაწყებამდე არიან მარცხისთვის განწირულნი. ჩვენი სული მთლიანად ღვთისაკენ სწრაფვის წყურვილს უნდა გადავცეთ. „ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.“ (მათე 11:12).
(3) დააყენეთ საკუთარი თავი კურთხევის გზაზე
შეცდომა იქნება, თუ დაველოდებით, როდის გვეწვევა მადლი თავისით, ან როდის მოვა ღმერთის დახმარება მოულოდნელად, გარემოებების მიუხედავად. არსებობს მკაფიოდ აღნიშნული ბილიკები, რომლებსაც პირდაპირ ხასხასა, მწვანე მოლებისკენ მივყავართ და მოდით, ვიაროთ ამ ბილიკებით. გვსურდეს სულიერი აღორძინება და ამავდროულად, უგულებელვყოფდეთ ლოცვასა და უფლისადმი მიძღვნას, იგივეა, რომ ვნატრობდეთ ერთი გზით სიარულს, მაგრამ დავდიოდეთ მეორე გზით.
(4) საფუძვლიანად მოინანიეთ
ნუ იჩქარებთ. ნაჩქარევი მონანიება არ მოგიტანთ ღრმა სულიერ გამოცდილებას და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ იქნებით მტკიცედ დარწმუნებული. ნება მიეცით ღვთიურ ნაღველს, თავად აღასრულოს თქვენში განკურნება. ცოდვისადმი შემწყნარებლობის ბოროტი ჩვევა გვაიძულებს, დავრჩეთ ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში.
(5) გამოასწორეთ მიყენებული ზიანი, როცა კი შესაძლებელი იქნება
ვინმეს ვალი თუ გაქვთ, გადაიხადეთ, ან თქვენს მევალეს ის მაინც უთხარით, რომ ნამდვილად აპირებთ ვალის გასტუმრებას, რათა თქვენი პატიოსნება ეჭვქვეშ არ დადგეს. ვინმეს თუ ეკამათეთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ შეურიგდეთ. მთელი ძალისხმევით შეეცადეთ გამრუდებულის გასწორებას.
(6) იცხოვრეთ უფლის მიერ მთაზე წარმოთქმული ქადაგების შესაბამისად
აგრეთვე, იცხოვრეთ, ზოგადად, ახალაღთქმისეულ დარიგებათა მიხედვით, რომლებიც მიგვითითებს, თუ როგორ უნდა ვიაროთ სიმართლის გზით.
გულწრფელი ადამიანი, გადაშლილი ბიბლიის წინაშე, სწრაფად მიხვდება, რა აქვს გამოსასწორებელი. გირჩევთ, რომ თვითანალიზისას მუხლებზე იდგეთ ღვთის წინაშე, ხოლო წამოდგომისას ასრულებდეთ წმინდა წერილში გაცხადებულ ღვთის მცნებებს. არაფერი არ არის იმაზე უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე საკუთარ თავთან გამკლავების პირდაპირი გზა, მაგრამ ეს დასახულის შესრულებას მოითხოვს. ისაკის მსახურები გმირებს სულაც არ ჰგავდნენ მინდორში თხრისას, მაგრამ ისინი ჭებს თხრიდნენ და სწორედ ეს იყო მათ მიერ დასახული მიზანი.
(7) იყავით დაკვირვებული
ეშმაკის იდეალებს, მორალურ სტანდარტებს და შეხედულებებს ისე იღებთ, რომ ვერც კი აცნობიერებთ და შემდეგ გიკვირთ, რატომ არ არის წინსვლა თქვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. თქვენში არსებული კლიმატი არ არის ხელსაყრელი სულიერ სათნოებათა ზრდისათვის. თქვენი ჩვევები რადიკალურად უნდა შეიცვალოს, თუ არადა, არავითარი მუდმივი გაუმჯობესება არ იქნება შესამჩნევი თქვენს შინაგან ცხოვრებაში.
(8) განზრახ შეამცირეთ თქვენი ინტერესთა წრე
ყველაფრის ოსტატი არაფრის ოსტატიც არ არის. ქრისტიანული ცხოვრება ჩვენგან მოითხოვს იმას, რომ სპეციალისტები ვიყოთ. ძალიან ბევრ პროექტს მიაქვს ჩვენი დრო და ენერგია, თუმცა ღმერთს ვერ ვუახლოვდებით. ინტერესთა წრეს თუ შევამცირებთ, ღმერთი „გაადიდებს“ თქვენს გულს. სიტყვები „მხოლოდ იესო ქრისტე“ ურწმუნო ადამიანს ეჩვენება სიკვდილის დევიზად, მაგრამ ბედნიერი ადამიანების (ქრისტიანების) გარემოცვა ამოწმებს იმას, რომ ეს სიტყვები მათთვის იქცა ისეთ სამყაროში შემავალ გზად, რომელი სამყაროც უსაზღვროდ მდიდარი და ფართოა.
ქრისტეა ყოველი სიბრძნის, მშვენიერებისა და სათნოების არსი. მის შემეცნებაში ზრდა ნიშნავს ყოველივე კარგისა და მშვენიერის სათანადოდ დაფასებაში ზრდას. გულში არსებულ სადგომთა კედლები უფრო და უფრო გაფართოვდება, როდესაც მათი კარი გაიღება ქრისტეს წინაშე და დაიკეტება ქვეყნიერებისა და ცოდვისათვის. სცადეთ.
(9) დაიწყეთ დამოწმება
იპოვეთ საქმე, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ ღმერთისა და ადამიანებისათვის. უსაქმოდ ნუ „დაჟანგდებით”. უთხარით ხუცესს, რომ მზად ხართ საქმის საკეთებლად. ნუ შეეცდებით პირველობას. ისწავლეთ მორჩილება. უკანა ადგილი დაიკავეთ მანამ, სანამ ღმერთი არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ აგამაღლოთ.
(10) გქონდეთ ღვთის რწმენა, დაელოდეთ
მზერა მიაპყარით ტახტს, რომელზეც თქვენი შუამდგომელი ზის ღვთის მარჯვნივ. მთელი ზეცა თქვენს მხარესაა. ღმერთი იმედს არ გაგიცრუებთ.
ამ ნაბიჯებს თუ მიჰყვებით, აუცილებლად ნახავთ თქვენს გულში მომხდარ გამოღვიძებას. და ვის შეუძლია იმის თქმა, სადამდე გავრცელდება ეს გამოღვიძება? ღმერთმა იცის, რაოდენ სჭირდება ეკლესიას სულიერი აღდგომა. ეს კი მხოლოდ ცალკეული ადამიანის სულიერი აღორძინების მეშვეობით არის შესაძლებელი.
სტატია ადაპტირებულია ე. უ. ტოზერის წიგნიდან: „სულის ზომა“.