რას ამბობს ბიბლია მოჩვენებებზე? არსებობენ კი ისინი საერთოდ? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იგულისხმება ტერმინ „მოჩვენებებში”. ეს სიტყვა თუ „სულიერ არსებას“ ნიშნავს, მაშინ პასუხი არის − „დიახ“, ხოლო თუ ეს სიტყვა ნიშნავს „გარდაცვლილ ადამიანთა სულებს“, მაშინ პასუხია − „არა“. ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ არსებობენ სულიერი არსებები − კეთილნიც და ბოროტნიც, მაგრამ ბიბლია უარყოფს იმ აზრს, რომ მიცვალებულ ადამიანთა სულები რჩებიან დედამიწაზე, რომ მოსვენება არ მისცენ ცოცხალ ადამიანებს.
და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და მერე განკითხვა.
ეს არის ის, რაც მოელის ადამიანის სულს სიკვდილის შემდეგ − განკითხვა. ამ განკითხვის შედეგი არის სამოთხე მორწმუნეთათვის (2 კორინთელთა 5:6-8; ფილიპელთა 1:23) და ჯოჯოხეთი − ურწმუნოთათვის (მათე 25:46; ლუკა 16:22-24). არ არსებობს მესამე გზა. შეუძლებელია, დარჩე დედამიწაზე სულით, როგორც „მოჩვენება“ და თუკი არსებობს მოჩვენებების მსგავსი რამ, ბიბლიის თანახმად, ისინი, უდავოდ არ შეიძლება იყვნენ გარდაცვლილ ადამიანთა სხეულებისგან გამოსული სულები.
ბიბლია საკმაოდ ნათლად გვასწავლის, რომ მართლაც არსებობენ სულიერი არსებები, რომლებსაც შეუძლიათ გამოჩნდნენ ჩვენს ფიზიკურ სამყაროში და ურთიერთობა დაამყარონ ცოცხალ ადამიანებთან. ბიბლია ამ არსებებს ანგელოზებად და დემონებად წარმოგვიდგენს. ანგელოზები არიან სულიერი არსებები, რომლებიც რწმენით ემსახურებიან ღმერთს. ანგელოზები სამართლიანნი, კეთილნი და წმინდანნი არიან. დემონები კი არიან დაცემული ანგელოზები, ანგელოზები, რომლებიც წინ აღუდგნენ ღმერთს. დემონები არიან ბოროტნი, მაცთუნებელნი და გამანადგურებელნი. 2 კორინთელთა 11:14-15-ის თანახმად, დემონები შეინიღბნენ „სინათლის ანგელოზებად“ და „სამართლის მსახურებად“. „მოჩვენებად“ გამოცხადება და გარდაცვლილ ადამიანთა განსახიერება ის ძალა და შესაძლებლობაა, რასაც დემონები ფლობენ.
მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რაც გვიწერია მარკოზის 5:1-20-ში. დემონების ლეგიონმა შეიპყრო ადამიანი და იყენებდა მას სამარხებში საცხოვრებლად. იქ არ იყვნენ მოჩვენებები. ამ შემთხვევაში ნორმალურ ადამიანს აკონტროლებდნენ დემონები იმისათვის, რომ დაეშინებინათ იმ ადგილას მცხოვრები ხალხი. დემონებს მხოლოდ ის უნდათ, რომ
მოიპარონ, მოკლან და მოსპონ.
ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოატყუონ ადამიანები და ჩამოაშორონ ღმერთს. ამით შეიძლება ავხსნათ დღეს გავრცელებული „მოჩვენებების“ აქტიური მოქმედება. ამას თუ მოჩვენებას, ვამპირს ან პოლტერგეისტს უწოდებენ და თუ ნამდვილი ბოროტ სულიერ აქტივობას ვამჩნევთ, ეს დემონების ნამოქმედარია.
იმ მაგალითებზე რას იტყვით, როცა „მოჩვენებები“ „დადებითად“ იქცევიან? ან იმ სპირიტისტებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ შეუძლიათ გარდაცვლილ ადამიანთა გამოძახება და მათგან უტყუარი და სასარგებლო ინფორმაციის მიღება? ვიმეორებ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გვახსოვდეს − დემონთა მიზანი არის მოტყუება, მაგრამ, თუ ადამიანები, ღმერთის მაგივრად, სპირიტისტებს ენდობიან, დემონები უფრო მეტად ეცდებიან ნამდვილი ინფორმაცია წარუდგინონ მსურველთ. კარგ და უტყუარ ინფორმაციასაც კი, რომელიც ბოროტი მოტივების წყაროდან მოედინება, შეუძლია მოატყუოს, მოსპოს და გაანადგუროს ადამიანი.
ჩვეულებრივ, ინტერესი პარანორმალური მოვლენებისადმი უფრო და უფრო იზრდება. ადამიანები ინდივიდუალურად და ზოგჯერ, ფულის შოვნის მიზნითაც იწყებენ „მოჩვენებებზე ნადირობას“. ისინი „გაასუფთავებენ თქვენს სახლს მოჩვენებებისგან“. სპირიტისტები, ჭინკები, სამკითხაო ბანქო და მედიუმები სულ უფრო და უფრო ჩვეულ მოვლენად იქცა დღეისათვის. ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი ცოდნა სულიერ სამყაროზე. სამწუხაროდ, ღმერთთან საუბრისა და მისი სიტყვის შესწავლის საშუალებით სულიერი სამყაროს შესახებ ჭეშმარიტების ძიების მაგივრად, ბევრი ადამიანი მოტყუების ნებას აძლევს ეშმაკს. დემონები ნამდვილად დასცინიან სულიერ სამყაროსთან დაკავშირებულ მასობრივ ტყუილს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს.