ეს შეკითხვა მნიშვნელოვანია, რადგან ის საფუძვლად უდევს იესო ქრისტეს განმარტებას ხელახლა შობასთან (სულიერ აღორძინებასთან) დაკავშირებით. მაშინ, როდესაც იესო პირველად იწყებს საუბარს ამ საკითხის შესახებ (იოანე 3:3), ნიკოდემოსს არ ესმის, რას გულისხმობს იგი (იოანე 3:4): „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“ – სვამს კითხვას ის.
ბევრი ადამიანის აზრით, ნიკოდემოსის მიერ დასმული კითხვა იმაზე მიუთითებს, რომ ის იმდენად გონებაჩლუნგია, რომ ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, მაგრამ ეს ძალიან უხეში შეფასებაა. არავინ გიწოდებთ „ისრაელის მოძღვარს“ (იოანე 3:10 − შესაძლოა, წოდებაც იყოს ეს), თუ უჩვეულო მეტაფორის შემჩნევის უნარი არ გაქვთ.
ვფიქრობ, როდესაც იესო ამბობს, რომ ღვთის სასუფეველში შესვლისათვის ადამიანი ხელახლა უნდა იშვას, ნიკოდემოსს ესმის, რომ ადამიანი არ არის საკმარისად კარგი ამისათვის; საჭიროა თავიდან დაწყება, ახალი, განსხვავებული სიცოცხლიდან ამოზრდა, განსხვავებული საწყისის ქონა.
ნიკოდემოსი ფიქრობს, რომ ქრისტე ძალიან შორს მიდის: ადამიანებს არ შეუძლიათ ყველაფრის თავიდან დაწყება ან ახალი სიცოცხლის დაჩემება, ახალი შობის შესახებ კვეხნა, თუ ახალი დასაწყისით ტკბობა. ჩვენგან უმეტესობას გვინატრია, რომ შეგვძლებოდა „თავიდან დაწყება“, ან თუნდაც, ჩვენი ცოდვებიდან ყველაზე ცუდის ამოშლა მაინც. ალფრედ ლორდ ტენისონი წერდა:
„დაე, გაიღვიძოს ჩემში სხვა კაცმა
და ვინც ვიყავი, გაქრეს ანაზდად.“
ნიკოდემოსი ფიქრობს, რომ ამაოებაა დაჟინებული მტკიცება ახალი დასაწყისის შესახებ: ცოტაოდენ დაგვიანებულია ახლიდან დაწყებასთან დაკავშირებული მოთხოვნა მაშინ, როდესაც ამდენი რამ შეგვეშალა ცხოვრებისეულ გზაზე სვლისას (იოანე 3:3, 9). და თუ ეს მოეთხოვება ადამიანს სასუფეველში შესასვლელად, მაშ, იმედი არ არსებულა: „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია?“
იესო უკან არ იხევს და ისევ იმავეს იმეორებს (იოანე 3:5), თუმცა უფრო მეტად განავრცობს ნათქვამს ხელახლა შობასთან დაკავშირებით. ამჯერად „წყლისა და სულისაგან შობის“ შესახებ იწყებს ლაპარაკს, ამავდროულად, განმარტავს კიდეც. სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გაგება, თუ რას გულისხმობს ქრისტე ამ გამოთქმაში.
მაშ, რას გულისხმობს იგი?
არადამაკმაყოფილებელი მოსაზრებები
არსებობს რამდენიმე მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომელი მოსაზრებებიც არ არის დამაკმაყოფილებელი. ზოგი ვარაუდობს, რომ ქრისტე ორ შობაზე საუბრობს: ადამიანი არა მხოლოდ ბუნებრივი შობით უნდა იშვას („წყლისაგან შობილი“), არამედ სულიერადად („სულისაგან შობილი“), ანუ ადამიანები არა მხოლოდ უნდა ფიზიკურად იშვან, არამედ „ხელახლა“ უნდა დაიბადონ. ამ განმარტებას აქვს ორი მთავარი ნაკლოვანება:
(1) ის აუტანლად ბანალურია.
ზემოხსენებული ფრაზის პირველ ნაწილში ნათქვამია, რომ სასუფეველში მოხვედრისათვის აუცილებელია ადამიანი არსებობდეს, ანუ უნდა დაიბადოს, დედამიწაზე უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ იესოს პასუხის მთელი არსი მეორე ნაწილშია ჩადებული („ვინც… სულისაგან არ იშვება“), რაც ბადებს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰმატებს პირველი ნაწილი („წყლისაგან .. არ იშვება“) ქრისტეს განმარტებას.
(2) ანტიკური სამყაროს დროინდელ წყაროებს შორის ვერც ერთი ვერ ვიპოვე ისეთი, სადაც „წყლისაგან შობა“ ბუნებრივი დაბადების აღმნიშვნელი მეტაფორა იქნებოდა.
რა თქმა უნდა, შეუძლებელი არ არის ის, რომ ბუნებრივი შობის წინმდევი ამნიოტური სითხის დაღვრამ დაუდო საფუძველი გამოთქმას „წყლისაგან შობასთან“ დაკავშირებით. დავუშვათ, რომ ეს ასეც იყო, თუმცა ეს გამოთქმა არც ებრაულ და არც ელენისტურ წყაროებში არ გავრცელებულა. ორივე შემთხვევაში, ხსენებული განმარტება დამაჯერებლობასაა მოკლებული.
სხვები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომელსაც შეიძლება „საკრამენტული განმარტება“ ეწოდოს. ამ მოსაზრების მიხედვით, ხელახლა შობა დაკავშირებულია როგორც ნათლობასთან (წყლით), ასევე ღვთის სულთან. თუმცაღა, გაუგებარია, როგორ უნდა ეფიქრა იესოს იმ ვითარებაში, რომ ნიკოდემოსი სიტყვა „წყლის“ მოსმენისას წარმოიდგენდა მინიშნებას ქრისტიანულ ნათლობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, იოანეს სახარების მომდევნო თავში მოციქული ხაზს უსვამს იმას, რომ თავად იესო არ ნათლავდა ხალხს (იოანე 4:2), ამას მისი მოწაფეები აკეთებდნენ.
უკეთესი განმარტება
არსებობს განმარტების უკეთესი გზა. პირველი, მკაფიოდაა გამოკვეთილი იოანეს 3:3-სა და იოანეს 3:5-ს შორის არსებული პარალელები:
იოანე 3:3 | იოანე 3:5 |
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ… | ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ… |
ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. | ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. |
მყისვე ცხადი ხდება, რომ „წყლისა და სულისაგან შობა“ (3:5) პარალელია „ხელახლა შობისა“ (3:3). სხვა სიტყვებით, „წყლისა და სულისაგან შობა“ არ შეიძლება ორ შობას მიემართებოდეს: ბუნებრივსა და სულიერს. ეს სიტყვები შეეხება ერთ შობას, რომელსაც იესო გულისხმობს „ხელახლა შობაზე“ საუბრისას. აქედან გასაგებია, რომ ქრისტე „ხელახლა შობას“ განმარტავს ფრაზით „წყლისა და სულისაგან შობა“ და ამით პასუხობს ნიკოდემოსის შეკითხვას ხელმეორედ შობასთან დაკავშირებით.
მეორე, მომდევნო მუხლებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ იესოს აზრით, ეს პასუხი ნიკოდემოსისთვის გასაგები უნდა იყოს. ქრისტე საყვედურობს ნიკოდემოსს იმისათვის, რომ ის ვერ იგებს ამ პასუხს მიუხედავად იმისა, რომ „ისრაელის მოძღვარია“ (3:9-10).
ნიკოდემოსი განათლებული ფარისეველი გახლდათ და მას შესწავლილი ჰქონდა წმინდა წერილი, ის, რასაც ჩვენ დღეს ძველ აღთქმას ვუწოდებთ და ასევე, დამატებითი თეოლოგიური განმარტებანი. ნასწავლის საფუძველზე, რას უნდა მიმხვდარიყო ნიკოდემოსი იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, რაც მას ნათქვამის უკეთ გაგებაში დაეხმარებოდა?
აქედან გამომდინარეობს მესამე პუნქტიც, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, ასე ჟღერს: ძველ აღთქმაში სად გვხვდება „წყალი“ და „სული“ ერთად ახალი საწყისის აღსანიშნავად? არსებობს რამდენიმე მონაკვეთი, თუმცა მათგან ყველაზე თვალსაჩინოა ეზეკიელის 36:25-27:
„და გასხურებთ წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ თქვენ. და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ.“
ამრიგად, ქრისტეს დაბადებამდე ექვსი საუკუნით ადრე, ეზეკიელ წინასწარმეტყველის მეშვეობით, ღმერთი აღგვითქვამს, რომ მოვა დრო გარდაქმნის ძალის მქონე ახალი დასაწყისისა. მისთვის დამახასიათებელი იქნება განწმენდა და ამ განწმენდის სიმბოლო იქნება წყალი, რომელიც განგვბანს ყოველი უწმინდურებისა და კერპებისაგან და რომელიც, სულიწმიდის ძალის მოქმედებით, გარდაქმნის ადამიანთა გულებს. სწორედ ეს მოეთხოვებათ ადამიანებს, თუკი მათ ღვთის სასუფეველში შესვლა და მისი ხილვა სურთ. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ქრისტე იმეორებს: „თქვენ ხელახლა უნდა იშვათ“.
მეოთხე, არ არის რთული იმის დანახვა, თუ როგორ შეეთანხმება „წყლისა და სულისაგან შობის“ განმარტება ხსენებული თავის დანარჩენ ნაწილს და ზოგადად, იოანეს სახარებას. იესო ქრისტე დამაჯერებლად აცხადებს, რომ ხელახლა შობის აუცილებლობა განპირობებულია ღვთიური გამოცხადების ძალით: თავად ქრისტე მოვიდა ზეციდან ამ გამოცხადების მოსატანად (იოანე 3:11-13). ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ჩანს მაგალითი იმისა, რომ ღმერთი თავისი ძალით იხსნიდა ადამიანებს მათ ცოდვებისა და კერპთაყვანისმცემლობისგან (იოანე 3:14-15; შდრ. რიცხვნი 21:4-9).
მართლაც, ეს ყოველივე ეფუძნება ღმერთის უბადლო სიყვარულს (იოანე 3:16-21), რომლის მიღებაც რწმენით არის შესაძლებელი:
„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).