უნდა ვაღიაროთ, რომ ცუდად ვიცით ლოცვა. ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებზეც კი: ოჯახზე, სამსახურზე, ჯანმრთელობაზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე… საუკეთესო შემთხვევაში, ღმერთს იმას ვთხოვთ, რაც ჩვენს ნებას შეესაბამება, რაც ჩვენთვის ხელსაყრელი და მოსახერხებელია. გაცილებით უფრო რთულია ლოცვა ძნელბედობის ჟამს, უბედურებათა და მტრების გარემოცვაში ყოფნისას.
ბიბლიაში საკმაოდ ბევრი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ მიმართავდნენ ღმერთს ადამიანები ცხოვრების კრიტიკულ წუთებში და როგორ ახდენდა ღმერთი სასწაულებს მათი ლოცვების პასუხად. ეს ისტორიები არა მხოლოდ იმას მოგვითხრობს, რა მოხდა და როგორ მოქმედებდა ღმერთი, არამედ გვასწავლის კიდეც იმას, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ყოველივეს მიმართ, რაც გარშემო ხდება. რა უნდა გავაკეთოთ, უპირველეს ყოვლისა? სწორია, ვილოცოთ. მაგრამ როგორ ვილოცოთ სწორად? ეს არის ყველაზე მთავარი შეკითხვა.
სწორად ლოცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ღმერთის შესახებ სწორი წარმოდგენა გვექნება. ბიბლიური ღმერთი ფლობს სრულ ძალაუფლებას და ჩვენს ნებას სრულად უნდა ვუმორჩილებდეთ მის ნებას. ამ მორჩილებას უნდა ეფუძნებოდეს მის მიმართ აღვლენილი ჩვენი ყველა ლოცვა. ლოცვა არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთს ვთხოვდეთ – მოგვცეს ის, რაც გვჭირდება. ლოცვა ნიშნავს ჩვენი თაყვანისცემის, თავმდაბლობის, მორჩილების გამოვლინებას. ლოცვა განდიდებაა − როდესაც ღმერთს ვადიდებთ, ვითარცა ჩვენს მეფესა და უფალს.
თუ გვწამს და ვიცით, რომ ჩვენი ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშ, უნდა ვენდობოდეთ კიდეც მას იმაში, თუ რას მოიმოქმედებს და როდის. ამ შემთხვევაში, ლოცვისას ნაკლები იქნება სათხოვრები და მეტი − მადლიერება და განდიდება. და თუ ვთხოვთ, ვთხოვთ ისე, რომ ჩვენს სურვილებს მის ნებას ვუმორჩილებთ: „და იყოს ნება შენი.“ უფალმა ისედაც ყველაფერი იცის. უფალი ისედაც ჩვენთან არის. უფალი ისედაც მოქმედებს ჩვენდა სასიკეთოდ. ის ჩვენთან ერთად იტანჯება ჩვენს გასაჭირში. ის განამტკიცებს ჩვენს ხელებს და იბრძვის ჩვენთვის. სწორედ აქ და ახლა.
ერთ-ერთი საინტერესო ბიბლიური ისტორია გარდაუვალი სიკვდილისგან უფლისმიერი ხსნისა და მტრის მრავალრიცხოვან ჯარზე გამარჯვების შესახებ წინასწარმეტყველ ელისეს სახელთან არის დაკავშირებული. მაშინ, როდესაც ასურელთა (არამელთა) ლაშქარი ისრაელს შემოესია, ამ ღვთისკაცმა იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. ის პანიკაში არ ჩავარდნილა. მან მეფე გააფრთხილა და ამით იხსნა მისი სიცოცხლე:
და შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: ‘მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარულნი.
არამელთა მეფემ ელისეს შეპყრობა გადაწყვიტა მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ ისრაელის ხსნა ღვთის წინასწარმეტყველზე იყო დამოკიდებული. ღამით მტრის ლაშქარმა ალყა შემოარტყა ქალაქს, სადაც ელისე იმყოფებოდა. თითქოს ისრაელის უკანასკნელი იმედიც აქ უნდა მომკვდარიყო. ეს იყო დასაწყისი დიდი და საოცარი ისტორიისა.
ეს ისტორია გვასწავლის იმას, თუ როგორ ვილოცოთ სწორად და როგორ ვხედავდეთ სწორად იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
და ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: ‘ვაი, ბატონო, რა გვეშველება?’ და თქვა: ‘ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.’ და ილოცა ელისემ და თქვა: ‘უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.’ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. და დაეშვნენ მისკენ არამელები, და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: ‘დააბრმავე ეს ხალხი!’ და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
წინასწარმეტყველი მშვიდად არის. მას არ აქვს კითხვები. კითხვა მის მსახურს აქვს: „რა ვქნათ?“ კითხვის პასუხად ისმის ლოცვა. ელისე ლოცულობს იმისათვის, რომ ღმერთმა იჩქაროს დასახმარებლად. მან იცოდა, რომ დახმარება უკვე ახლოს იყო. მხოლოდ ღმერთზე ნდობის დამყარება იყო ახლა საჭირო. თუმცა თავისი მსახურის გასამხნევებლად ელისემ სთხოვა ღმერთს, თვალები აეხილა ბიჭისთვის, რათა მას სულიერი რეალობა დაენახა. ამასთან ელისე ლოცულობს მტრის დაბრმავებისათვის:
და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: ‘დააბრმავე ეს ხალხი!’ და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
უფალი აბრმავებს თვალხილულთ და თვალებს უხელს ბრმებს. ამით ის თავის უზენაეს ძალაუფლებას გამოხატავს. უმწეო არამელები მორჩილად მიდიან ელისესკენ ქალაქში და ისრაელიანი მეომრების შუაში ექცევიან. გვგონია, რომ ამით სრულდება ისტორია. ვფიქრობთ, რომ ახლა ისრაელიანები ამოხოცავენ უიარაღო მტრებს და სასწაულებრივ გამარჯვებას იზეიმებენ. თუმცა, როდესაც ისრაელის მეფე ეკითხება წინასწარმეტყველს, დახოცოს თუ არა, ელისე აჩერებს მას:
არ დახოცო! შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.
ამით წინასწარმეტყველი უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას სთავაზობს მეფეს. წინასწარმეტყველური სიტყვები არ გამოხატავს თავად უფლის ხასიათსა და კეთილ ნებას. ამ ისტორიაში ელისეს ქცევა, მისი რჩევები და ლოცვები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
უპირველეს ყოვლისა, ის თავის მსახურს ეუბნება: „ნუ გეშინია“. გახსოვდეს ღმერთის ძალისა და ძალაუფლების შესახებ.
მეორე, ის ეუბნება მეფეს: „არ დახოცო“, ანუ, „ნუ იჩქარებ ღმერთის გამარჯვების მითვისებას და უადგილო სისასტიკის გამოვლინებას.“
მესამე, „აჭამე და გაუშვი“ მტრები, ანუ „გამოავლინე კეთილგონიერება და შენი ძალა სიკეთით გამოხატე, უჩვენე მათ, რომ შენ სხვანაირი ხარ, არა სულმდაბალი, როგორც თავად.“
ელისე თავისი ხალხისთვისაც ლოცულობს უფლის წინაშე და მტრებისთვისაც. საინტერესოა, რას სთხოვს ის უფალს. უპირველესად, ის ევედრება უფალს, რომ თვალი აუხილოს ისრაელიანებს, რათა მათ დაინახონ რეალობა, დაინახონ ანგელოზთა ლაშქარი და ღვთის თანდასწრება ყველაზე მძიმე წუთებში.
მეორე, ის სთხოვს უფალს, განაიარაღოს მტერი, რათა უმწეონი შეიქნენ ისინი. შემდეგ კი ლოცულობს, რომ თვალი აეხილოთ მათ, რათა დაინახონ, სად იმყოფებიან, როგორ მდგომარეობაში. შედეგად, ისრაელიანები გადარჩნენ, მტრები კი შეწყალებულნი იქნენ. ეს იმისთვის მოხდა, რომ ორივე ხალხი გამხდარიყო მოწმე ღმერთის ძალისა და გულმოწყალებისა. თავისი ლოცვებისა და რჩევების მეშვეობით, ელისე თითოეულ ჩვენგანს გვეუბნება: „არ ჩაცვივდეთ პანიკაში. მიენდეთ ღმერთის ძალას და ძალაუფლებას. არ გააღვივოთ სიძულვილი და სასტიკი დამოკიდებულება საკუთარ გულში და ნუ იქნებით მტრებივით ბრმანი.“
ჩვენ უნდა დავუჯეროთ ამ კეთილ რჩევებს და ვილოცოთ იმისათვის, რომ თავადაც „სწორად“ ვხედავდეთ და იმისთვისაც, რომ მტერსაც აეხილოს თვალები. დაე, ძნელბედობის ჟამს უფალმა გვიჩვენოს თავის ანგელოზთა ლაშქარი, თავისი ძალა და დიდება.
დაე, მტრები დაბრმავდნენ საკუთარ თავდაჯერებულობაში, რათა შემდეგ აეხილოთ თვალები უმწეო მდგომარეობაში მყოფებს და თავი დაიმდაბლონ ღმერთის ძალაუფლების წინაშე, რათა მეტად არასოდეს გაილაშქრონ ღვთის ერის წინააღმდეგ, რათა შიშითა და ძრწოლით უყვებოდნენ საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს ისრაელის დიადი ღმერთის ძალისა და მოწყალების შესახებ.
ავტორი: მიხაილ ჩერენკოვი