ღვთის წყალობით, ჩვენ ერთად ვიწყებთ ახალ წელს! ახალ წელთან ერთად მოდის მრავალი ახალი გამოწვევა, შესაძლებლობა, ახალი მიზანი და დასაპყრობი სიმაღლე. რასაკვირველია, ამ მიზნებს ხშირად თან ახლავს შიშიც. გაურკვევლობა ხანდახან გვაბნევს, მაგრამ ჩვენ შეგნებულად უნდა გავურბოდეთ შიშს და რწმენით დავდიოდეთ, განსაკუთრებით ამ ახალი წლის ზღურბლზე ყოფნისას.
ბევრი ადამიანი ისურვებდა, რომ მომდევნო თორმეტი თვე თავის ახლობლებთან გაეტარებინა, ახლობლებთან, რომლებიც დაკარგეს. სწორედ ამიტომ, ბევრი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ ვხარობდეთ ყველა იმ კურთხევით, რომელიც უფალმა მოგვცა. ამრიგად, ჩვენ უშიშრად და კმაყოფილებით უნდა შევხვდეთ ახალ წელს. აი, სამი მიზეზი ამისათვის:
1. ღმერთი არ მიგვატოვებს
ეს ახალი წელი სავსეა უცნობი და ამაღელვებელი განცდებით, ახალი საწყისებითა და მოგონებებით და ეს ყოველივე საოცარი მიზეზებია იმისათვის, რომ ვხარობდეთ დამდეგი ახალი წლით. თუმცაღა, მესმის, რომ გაურკვევლობას ხშირად შიში ახლავს თან. მიუხედავად ამისა, უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ღმერთი არასოდეს მიგვატოვებს. შეიძლება გვეშინოდეს, ძალიან გვეშინოდეს, მაგრამ ღმერთი არ მიგატოვებთ; მარტოს არ მოგიწევთ, შეხვდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს.
და თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.
2. ღმერთი დაგვიცავს
ჩვენ არც კი ვეჭვობთ იმის შესახებ, რა გველის წინ. ჩვენი წელი შეიძლება ფანტასტიკური იყოს, ან კრიზისული, ანდა, სულაც, ორივე ერთად. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მომავალში, თუმცა ნუგეშს იმაში უნდა ვპოვებდეთ, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, ღმერთი უკვე იქ იქნება. შესაძლოა, ფიზიკურად ვერ იგრძნოთ ღმერთის თანდასწრება, მაგრამ ის აუცილებლად თქვენთან იქნება და მისი წყალობით, სასიკეთოდ გეწევათ ყოველივე. ნუ შეგეშინდებათ, რადგან ღმერთი თქვენ გვერდითაა.
სარწმუნოა [ერთგულია] უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.
3. იცნობდეთ ღმერთს და გჯეროდეთ მისი მშვიდობის
დიახ, უფალი იესო გვიცავს და დიახ, ის არ მიგვატოვებს; და მაინც, ღმერთის შემეცნება არ გულისხმობს იდეალურ ახალ წელს, არამცთუ იდეალურ ცხოვრებას.
ღმერთი მოუწოდებს თავის შვილებს − იყვნენ კმაყოფილნი იმით, რაც აქვთ. შეიძლება გვეშინოდეს იმის, რომ ჩვენი ესა თუ ის მოლოდინი არ გამართლდება, თუმცა შვებით ამოისუნთქავთ, თუ გააცნობიერებთ, რომ ქრისტეს შემეცნებაში მოიპოვება თქვენი ყველა სურვილისა და ნატვრის პასუხი.
ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის – იესო ქრისტეს – ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო.
ცხოვრებისეულ აღმასვლათა და დაღმასვლათა წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. გასულ წელს ვუყურებდი, როგორ დგამდა ჩემი ბიჭუნა პირველ ნაბიჯებს, როგორ კარგად სწავლობდა ჩემი გოგონა ახალ სკოლაში.
ამავდროულად, მე განვიცადე ჩემი ოჯახისათვის ძალიან ახლობელი რამდენიმე ადამიანის დაკარგვა და მწუხარების ძალიან მტკივნეული პროცესი გავიარე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ წელსაც მოჰყვება მსგავსი აღმასვლანი და დაღმასვლანი, თუმცაღა მე ქარს ვატან ჩემს ყველა შიშს და ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ღმერთს ვიწვევ ჩემს გულში. რატომ? რადგან ვიცი, რომ ყველაფრის გადატანა შემიძლია, სანამ უფალი ჩემთან არის.
ავტორი: ლეისი სვონი