ოდესმე გითხოვიათ სულიწმიდისთვის, ესწავლებინა თქვენთვის რაღაც და შემდეგ მალევე გაგიაზრებიათ, რომ სთხოვეთ მეტი, ვიდრე ელოდით, რომ მიიღებდით?
ასე დამემართა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვთხოვე, გამოცხადება მიმეღო იმის თაობაზე, თუ რა არის სინამდვილეში სიამაყე. მე უფალს ასევე ვთხოვე ‒ ვემხილებინე იმ სფეროებში, სადაც სიამაყეს ვერ ვამჩნევდი. ყოველივე ეს დაიწყო ერთ დღეს, როდესაც ელექტრონულ წიგნს ვკითხულობდი და რაღაცაზე ვფიქრობდი. შინაგანში ვიგრძენი, რომ მქონდა სიამაყის პრობლემა.
განცვიფრებული ვიყავი. „სიამაყის პრობლემა? რანაირად, უფალო?“ ‒ ვფიქრობდი მე.
იმ დროს სიამაყეს განვიხილავდი, როგორც მხოლოდ ზედმეტად თავის შექებას, როგორც ერთგვარ თავკერძობასა და ამპარტავნობას. ვინმეს რომ ეკითხა, მაქვს თუ არა სიამაყის პრობლემა ამ განმარტებაზე დაყრდნობით, ვუპასუხებდი, რომ „არა“. თუმცა უფალმა სხვა რამ დამანახვა: მე ვდარდობდი იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები, და სხვების მიერ ჩემს შეფასებაზე ფიქრს ვაძლევდი საშუალებას, ყოფილიყო უფრო მთავარი ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე უფლისა და მისი ნების ძებნა კონკრეტულ სიტუაციაში, რომელსაც წავაწყდი. და სწორედ ეს იყო სიამაყის ერთ-ერთი ფორმა.
მე ვერ ვხედავდი ამაში სიამაყეს, რადგან ეს არ იყო სიამაყის აშკარა ფორმა. ის შენიღბული იყო. სიმართლე რომ ვთქვა, არცთუ ისე სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როდესაც უფალმა ამას მიმახვედრა. მაგრამ მაინც, მადლობელი ვიყავი, რომ ღმერთმა მამხილა. სწორედ იმ მომენტში მოვინანიე (შევცვალე ჩემი აზროვნება და ზურგი ვაქციე მას) და ვთხოვე სულიწმიდას, რომ ყოველთვის გამოემჟღავნებინა ჩემთვის სიამაყის ყოველი დეტალი, როდესაც ის თავს წამოყოფდა. და მან მართლაც შეასრულა ჩემი თხოვნა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულიწმიდა მიმითითებდა კონკრეტულ სიტუაციებზე, რომლებშიც ამაყი ვიყავი, ან როდესაც სხვა ადამიანები, რომლებთანაც ვურთიერთობდი, გამოხატავდნენ სიამაყეს. სიამაყე ბევრი ფენისგან შედგება და ყველა მათგანი მიდის იქამდე, რომ მე ვიყო ყოველთვის ცენტრში და ჩემს თავზე ვაკეთებდე კონცენტრირებას, ნაცვლად იმისა, რომ ცენტრში ქრისტეს ვაყენებდე და მასზე იყოს ჩემი ყურადღება მიმართული.
აი, შენიღბული სიამაყის რამდენიმე მაგალითი:
სიმორცხვე
მიგიღიათ ოდესმე გადაწყვეტილება, არ გამოგეთქვათ საკუთარი აზრი რამესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად გრძნობდით, რომ აუცილებლად უნდა გეთქვათ თქვენი სათქმელი? მე ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში. ეს უფრო შიშით იყო გამოწვეული. მაგრამ შიშის მიზეზს ხშირად წარმოადგენს იმაზე ნერვიულობა, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, როდესაც თქვენს სათქმელს იტყვით. წმინდა წერილი შთაგვაგონებს, ვიყოთ ძლიერები და მამაცები. სულიწმიდის დახმარებითა და ძალით ჩვენ უნდა ვიყოთ ლომივით გაბედულები.
ხვალისთვის გადადება
სიამაყის მოულოდნელი ფორმაა ასევე სამომავლოდ გადადება. როდესაც რაიმეს გაკეთებას სახვალიოდ ვდებთ, ეს ხშირად დაკავშირებულია იმ გრძნობებთან, რომლებიც ახლავს მოცემულ ამოცანას. ჩვენ ნებას ვაძლევთ ამ გრძნობებს, წარმართონ ჩვენს ქმედებათა მოტივაცია მაშინაც კი, როდესაც საქმე სასწრაფოა. უნდა ჩავიხედოთ საკუთარ გულებში და შევამოწმოთ მიზეზები, რის გამოც ვწელავთ რაიმე საქმეს. და თუკი ეს მიზეზები არ იქნება კონცენტრირებული ქრისტეზე, ე.ი. ჩვენ გვჭირდება გონების განახლება და შემდეგი შესაბამისი ქმედებების განხორციელება.არამარტო დროული მოქმედებაა საჭირო, არამედ იმის გაცნობიერებაც, რომ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული, რომ არ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, თუნდაც ხვალინდელი დღე გაგვითენდება თუ არა. თუ დავუკვირდებით, ჩვენი დაგეგმარება ხშირად იმდენად თავდაჯერებულია, რომ არ ვუშვებთ მასში ღმერთის ჩარევის შესაძლებლობას და სხაგვარად წარმართვას.
ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება, ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, – თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა.
თვალთმაქცობა
ხშირად ჩვენ კარგ ნიღაბს ვირგებთ გარშემომყოფთათვის, თუნდაც ჩვენს შინაგანში სრული არეულობა და ქაოსი სუფევდეს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის აუცილებელი ჩვენს შინაგანში მიმდინარე ბრძოლის დეტალების ყველასთან გაზიარება, ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც შეგვიძლია და უნდა ვიყოთ კიდეც გულახდილები.
დამოუკიდებლობა
დამოუკიდებლობამ შეიძლება იქამდე მიგიყვანოთ, რომ უარს იტყვით დახმარებაზე და თავად გააკეთებთ ყველაფერს. ეს ბევრისთვის საკმაოდ რთული მომენტია და უამრავ სიტუაციაში მეც მიგრძნია თავი დამნაშავედ. ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი დახმარება სხვებისთვისაც ზუსტად ისევეა კურთხევა, როგორც თქვენთვის, როდესაც სხვას ეხმარებით. როდესაც დახმარება გჭირდებათ, მიიღეთ ის და ნუ შეგრცხვებათ! თუ თქვენ ერთხელ მიიღეთ ტკივილი და იმედგაცრუება, ელოდებით, რომ ეს ისევ განმეორდება, მაგრამ არ მისცეთ უფლება ცუდ გამოცდილებას, წარმოშვას დამოუკიდებლობის სული, რომელიც ამბობს: „მე არავისგან არაფერი არ მჭირდება“ ან „მე თავადაც შემიძლია ამის გაკეთება“, მიიღეთ დახმარება, რომელსაც გთავაზობენ, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიაში.
როდესაც სავსე ხართ საზრუნავით
გულახდილი რომ ვიყო, ეს ისაა, რაშიც უფალი ჯერ კიდევ აგრძელებს ჩემს შეცვლას. ხშირად ჩვენ ძალიან დაკავებულნი ვართ, ან გვაქვს უამრავი ცხოვრებისეული საზრუნავი და საფიქრალი, ან გვართობს და გვაკარგვინებს დროს სოციალური ქსელები და ტექნოლოგიები. ასეთ დროს ძალიან მარტივია, გამოგეპაროთ ის, რის დანახვებაც უნდა უფალს თქვენთვის, ან გაუშვათ შესაძლებლობა ‒ ზეგავლენა იქონიოთ სხვა ადამიანების ცხოვრებაში, არა მარტო მათ, ვინც ჩვენ ირგვლივაა, არამედ სრულიად უცხო ადამიანების ცხოვრებაშიც. როდესაც ჩვენ ნაკლებად დაკავებულნი ვართ, შეგვიძლია, მეტად გვქონდეს გამახვილებული ყურადღება ქრისტეზე და ვაცნობიერებდეთ იმას, რასაც ის აკეთებს.
თუ ღრმად გამოვიძიებთ ჩვენი გულის მოტივებს დავინახავთ, რომ ჩვენი ზედმეტი ზრუნვა და ფორიაქი ასევე ღმერთის უნდობლობაზე მეტყველებს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს თავზე თმებიც კი დათვლილია, რომელიც ამბობს, რომ ბოლომდე უნდა მიევენდოთ და ამქვეყნიური საზრუნავი გულისთქმად არ უნდა გავიხადოთ. ენდეთ ღმერთს, გაუშვით ხელი კონტროლის საჭეს, მიეცით მას თქვენის აზრუნავი, რადგან დაწერილია:
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
ეს არის ის, რასაც ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ გავიგოთ, რადგან უფლის სიტყვა გვეუბნება: ღმერთს სძულს სიამაყე! აი, რამდენიმე ადგილი, სადაც ბიბლია ამ თემაზე საუბრობს:
ყველა გულით ამაყი საძაგელია უფლისთვის, უსათუოდ დაუსჯელი ვერ გადარჩება ასეთი.
ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას-თავმდაბლობა.
დარწმუნებული ვარ, რომ სიამაყის სხვა ფარული გამოვლინებებიც არსებობს, რომლებსაც არ შევხებივარ და სავარაუდოდ, ზოგიერთი მათგანის აღმოჩენაც მომიწევს ცხოვრებაში. თუმცა მოგიწოდებთ, იმოქმედოთ და ნუ დაელოდებით, როდის შეგაწყვეტინებთ უფალი წიგნის კითხვას, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. სთხოვეთ ღმერთს, დაგანახვოთ სფეროები, რომლებშიც სიამაყეს ავლენთ, რათა შეძლოთ მონანიება და წინ სვლის გაგრძელება და მტკიცედ ცოდნა იმისა, რომ მტერს აღარ შეუძლია ამის გამოყენება თქვენ წინააღმდეგ, რათა შეაფერხოს თქვენი მომდევნო, ახალ ეტაპზე გადასვლა.
P.S. მოჩვენებითი თავმდაბლობა ხშირად ხდება სიამაყის საბურველი. ზოგჯერ ადამიანები საკუთარი თავის გაუცნობიერებელ დამდაბლებას და სხვებთან შედარებას იწყებენ: „მე ისე არ გამომდის, როგორც მას, ჯობია მან გააკეთოს…” „ის ჩემზე ბევრად ნიჭიერია.” თუ გულში ღრმად ჩავიხედავთ დავინახავთ, რომ სინამდვილეში კომპლექსები არ გვაძლევს საშუალებას ვიქონიოთ ნორმალური თვითშეფასება საკუთარ თავზე. ამ გზით კი გაუცნობიერებლად ვცდილობთ ყურადღება მივიქციოთ. გახსოვდეთ, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ასე რომ საკუთარი თავის შეყვარებით დაიწყეთ. როდესაც ჯანსაღი თვითშეფასება გაქვს, ჯანსაღად აფასებ მოვლენებს და ადამიანებს შენ გარშემო, სიამაყეს კი აღარ ეძლევა საშუალება ამოეფაროს რომელიმე ნიღაბს.