ხშირად სვამენ კითხვას: მოსწონს თუ არა ღმერთს, რომ ქრისტიანმა მონაწილეობა მიიღოს აზარტულ თამაშებში (კარტი, რულეტი, ბინგო, ლატარია და ა.შ.), სადაც, ამ ბოლო დროს, უდიდესი ფინანსური რესურსია მობილიზებული და სადაც ადამიანები მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მატერიალურ და არამატერიალურ საგნებს რისკავენ.
ღმერთის წინაშე სწორია ფულის აზარტულ თამაშებში ჩადება? გამოიყენებს თუ არა ღმერთი ასეთ გზას ჩვენი ფინანსურად კურთხევისთვის?
ვეცდებით, წმინდა წერილზე დაყრდნობით გავარჩიოთ ეს საკითხი.
ბიბლიის მიხედვით, ღმერთი არ მიიჩნევს აზარტულ თამაშებს, როგორც პატიოსან გზას თავის გასატანად, თუმცა ბიბლიაში ვხვდებით „წილისყრის“ პრაქტიკას, რომელიც გამოიყენებოდა მიწების და სხვა მატერიალური ფასეულობების გასანაწილებლად თანაბარ მხარეებს შორის, რათა თავი აერიდებინათ მიკერძოებით განაწილებისათვის. ასევე, „წილისყრა“ გამოიყენეს ღვთისმსახურთა შორის პასუხისმგებლობის გასანაწილებლად.
და ადგნენ ეს კაცები და წავიდნენ. და უბრძანა იესომ მიმავალთ, რომ აღეწერათ ქვეყანა: ‘წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი, და დაბრუნდით ჩემთან. და აქ, შილოში, წილს გიყრით უფლის წინაშე.’ და წავიდნენ კაცები, და მოიარეს ქვეყანა, და ჩაწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან. და იესომ შილოში უყარა წილი უფლის წინაშე და დაუნაწილა იქ ქვეყანა ისრაელის ძეთ მათი ნაკვეთების მიხედვით.
და დააყენეს ორნი: იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მატათია. ილოცეს და თქვეს: ‘უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე, რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.’ და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მატათიას, და მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.
ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისაგან განსხვავებით, აზარტული თამაშები შეგვიძლია მივიჩნიოთ გართობის სახედ, რომელიც იყოლიებს ადამიანს გარკვეულ მომენტში, ავიწყებს არსებულ რეალობას და მის ფინანსურ ცხოვრებაში ისეთ შეცდომებს აშვებინებს, რომელიც საღ გონებაზე მასშივე იწვევს წრფელ გაოცებას. პრობლემა ამ თამაშებისა კიდევ ისაა, რომ მოთამაშეებს იგი მალე ექცევათ ჩვევად, რომელიც მათი ცხოვრების დომინანტი ხდება და რომლის გადაჩვევაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე იმ დონეს აღწევს, რომ მოთამაშე მთელ თავის იმედებს მომავალი ბედნიერების შესახებ მხოლოდ თამაშზე დებს და შედეგად კი სრულიად საპირისპიროს იღებს.
ამიტომ აუცილებელია ჩავუკვირდეთ საკუთარ თავს, რა დამოკიდებულება გვაქვს ამ ცუდ ჩვევასთან და თუკი გვაქვს მიდრეკილება მისკენ, მოვიშოროთ თავიდან, ვიდრე მთლიანად დაუნგრევია ჩვენი ცხოვრება.
იესო ამბობს:
მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს? ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
შორს რომ არ წავიდეთ იმის გარკვევაში, თუ რამდენად სწორია ღმერთის თვალში აზარტული თამაშების გამოყენება, განვიხილოთ რამდენიმე შედეგი, რომელიც მათზე დამოკიდებულებას მოჰყვება.
სიღარიბე და ოჯახური კონფლიქტები, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოთამაშე ხშირ შემთხვევაში იყენებს საოჯახო რესურსებს სათამაშოდ, შედეგად კი კარგავს იმას, რის შეძენასაც თვითონ უნდა ცდილობდეს, რითიც ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს თავის თანაცხოვრებას საკუთარ ოჯახთან.
პრობლემები სამსახურში. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნებისმიერ სამსახურში აქცევს ადამიანს აუტანლად. კარგავს კონცენტრირებას სამსახურის მიმართ და მთლიანად გადართულია თამაშებზე ფიქრით. უარეს შემთხვევაში კი მოთამაშე, მცდარად დარწმუნებული იმაში, რომ თამაში მომგებიანია, იყენებს სამსახურის ფინანსურ რესურსებს, რაც, თავის მხრივ, ფატალური შედეგით ასრულებს მის კარიერას.
წარმოშობს სიძულვილს მოგებულების მიმართ – ხანდახან იმ დონემდეც, რომ უჩნდებათ მათი მკვლელობის სურვილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევენ, რომ მათ მიერ წაგებული თამაში უსამართლოდ წარიმართა.
სასმელი, ნარკოტიკი – ალკოჰოლიზმი ყველაზე ხშირი პრაქტიკაა აზარტული მოთამაშეების ცხოვრებაში. წაგებული მოთამაშეები ცდილობენ, ალკოჰოლში ჩაახრჩონ წარმოქმნილი დარდი, მოგებულნი კი ცდილობენ – ალკოჰოლით აღნიშნონ საკუთარი გამარჯვება.
სიცრუე – იმისათვის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებმა დამალონ საკუთარი ცხოვრების წესი და მისით გამოწვეული პრობლემები, უმრავლეს შემთხვევაში ტყუილს მიმართავენ.
კრიმინალი – მრავალი აზარტული თამაში თავისთავად არალეგალურია. მათ უმრავლეს შემთხვევაში მფარველობას უწევენ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებანი. ასევე ფაქტია, რომ აზარტული თამაშები განსაკუთრებით იზიდავენ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც, თავის მხრივ, ცდილობენ, რომ წაგებული ფული ქურდობით და სხვა არასწორი გზებით იშოვონ.
პროსტიტუცია და ზოგადად სექსუალური ამორალიზმი – უმეტესწილად ამის მსხვერპლნი ხდებიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი სხეულის გაყიდვით გადაიხადონ კაზინოში წაგებული ვალები.
თვითმკვლელობა – როგორც ერთადერთი გამოსავალი მათი გადმოსახედიდან, რომელთაც უკვე წააგეს, რაც ჰქონდათ და ისიც, რაც არ ჰქონდათ.
სიზარმაცე – ადამიანებს, რომლებმაც გასინჯეს ადვილად მოპოვებული ფულის გემო, შემდგომში უჭირთ ყოველდღიურ სამსახურში „კაპიკებზე“ მუშაობა.
ზემოჩამოთვლილი ნაყოფებიდან გამომდინარე, წრფელი ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ეს ყოველივე ეშმაკის მახეა ურწმუნო და სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, მორწმუნე ადამიანების ცხოვრების დასანგრევად.
ის ქრისტიანები, რომლებიც მოქცევამდე იყვნენ დამოკიდებულნი აზარტულ თამაშებზე, ხშირად ხდებიან ამ საცდურის სამიზნე. ამიტომ განსაკუთრებით მათ უნდა ჩაიდონ გულში და დაუდონ საკუთარ თავს პირობა, რომ არასდროს ახლოსაც არ მიეკარებიან თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარ, პატარა აზარტულ თამაშებს, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება და ადამიანების უბედურებას იწვევს. ხოლო მათ, ვინც უკვე ღრმად არიან ჩაფლულნი ამ ცოდვაში, ღმერთი მოუწოდებს ცხოვრების შეცვლისკენ. პირველ რიგში, უნდა აღიარონ თავიანთი არასწორი ცხოვრების წესი და მიმართონ ღმერთს ლოცვით და მარხვით ამ ჩვევიდან გასათავისუფლებლად. კარგი იქნება ასევე, თუ ადამიანს ეყოლება სულიერი დამრიგებელი, რომელთანაც გულახდილად ისაუბრებს და რომელიც შეძლებს მისთვის სწორი მიმართულების მიცემას.
ავტორი: ალექს ბერიკაშვილი