ღმერთი მართალი და სამართლიანი მოსამართლეა, რომელიც ერთ დღეს გადმოღვრის თავის რისხვას ამბოხებულ სამყაროზე. მაგრამ წმინდა წერილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს არა ღვთის რისხვაზე, არამედ უფრო მის წყალობაზე. როგორც მეფსალმუნე აცხადებს: „შემბრალე და გულმოწყალეა უფალი, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე.“ (ფსალმუნი 102:8).
თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ღვთის ხასიათი რომ საპირისპირო იყოს? ის რომ ძუნწი ყოფილიყო წყალობაში და გულუხვი რისხვაში? ჩვენ განადგურებულნი ვიქნებოდით ჯერ კიდევ ბევრი ათასწლეულის წინ.
როგორც მეფსალმუნე აგრძელებს: „არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. რადგან რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ; როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი; ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.“ (ფსალმუნი 102:9-14).
და გახსოვდეთ, ეს სიტყვები ქრისტეს ჯვარცმამდე იყო დაწერილი, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ღმერთმა თავისი სიყვარული გამოგვიცხადა თავისი ძის მეშვეობით. მანამდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩვენმა უმანკო მხსნელმა გადაიხადა საფასური ჩვენი ცოდვებისთვის. მიუხედავად ამისა, მეფსალმუნეს, თავად დავითს, ესმოდა ღმერთის წყალობისა და სიკეთის სიდიადე, მისი თანაგრძნობა და სულგრძელობა. აი, ასეთია ღმერთი.
მოწყალე ღმერთი
წინასწარმეტყველმა მიქამ, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია უფლის სამსჯავროზე, ასევე თქვა უფალზე: „რომელ ღმერთს მოუთმენია შენ გარდა უკეთურება, და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.“ (მიქა 7:18). ჩვენს ღმერთს უყვარს წყალობის გამოვლენა.
ასევე ეზეკიელ წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარმეტყველებდა უფლის სამსჯავროზე, უფლის სახელით თქვა: „განაგდეთ თქვენგან ყველა თქვენი დანაშაულება, რომლითაც თქვენ სჩადიოდით დანაშაულს, და შეიქმენით ახალი გული და ახალი სული, და რატომღა მოკვდები, ისრაელის სახლო? რადგან მე არ მსურს მოკვდავის სიკვდილი,“ ‒ სიტყვა უფალი ღმერთისა, ‒ „აბა, მოიქეცით და იცოცხლებთ!“ (ეზეკ. 18:31-32).
დიახ, ჩვენი მართალი ღმერთი ეძებს შესაძლებლობას, რომ თავისი წყალობა გამოავლინოს. მას სურს, გაგვიცხადოს თავისი თანაგრძნობა. და მიუხედავად იმისა, რომ მას არ გამორჩება თვალთახედვიდან ჩვენი ამბოხი და ცოდვა, მას სწყურია, რომ გვაპატიოს.
აბრაამი ემუდარება ღმერთს
დაბადების წიგნში მოცემულია შესანიშნავი დიალოგი აბრაამსა და ღმერთს შორის, პირისპირ საუბარი, რომელიც მე-18 თავშია მოყვანილი (18:16-33).
უფალი აპირებს სოდომისა და გომორას ქალაქების განადგურებას მათი ცოდვების გამო. მაგრამ აბრაამის დისშვილი ლოტი თავის
ცოლთან და შვილებთან ერთად სოდომში ცხოვრობს. ღმერთს, თავისი საკვირველი მოკრძალებით, სურს, რომ აბრაამმა წინასწარ გაიგოს მისი გეგმების შესახებ, რათა აღძრას აბრაამი რწმენის თამამი ნაბიჯის გადასადგმელად.
როგორც დაბადების წიგნში წერია:
„და მიეახლა აბრაამი და უთხრა: ‘ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად? ეგების იყოს ორმოცდაათი მართალი ამ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს იქ მყოფი ორმოცდაათი მართლისათვის? შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, და იყოს მართალი უკეთურივით! შორს შენგან! მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?’“
როგორი უჩვეულო ლოცვაა, და როგორი აღმაშფოთებელი თხოვნა. ამ ტექსტს თუ პერიფრაზს გავუკეთებთ, დაახლოებით ასე გამოვა: „ღმერთო, მე ვიცი, რომ სრული უფლება გაქვს, განსაჯო ეს ქალაქები, მაგრამ შენ სამართლიანი მოსამართლე ხარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ დაღუპავ მართალს დამნაშავეებთან და უმართლოებთან ერთად. ამიტომ, თუ იპოვი 50 მართალ ადამიანს, დაინდობ თუ არა მთელ მოსახლეობას?“
აღსანიშნავია, რომ სამყაროს შემქმნელი და მისი მპყრობელი უფალი აკმაყოფილებას აბრაამის თხოვნას: „თუ ვპოვებ სოდომში, ქალაქში, ორმოცდაათ მართალს, შევუნდობ მათ გამო მაშინ მაგ ადგილს.“ მაგრამ აბრაამი არ გაჩერდა ამაზე.
„და თუკი იქ 45 მართალი იქნა?“
„მე დავინდობ ქალაქს,“ ‒ იყო პასუხი.
„და 40 მართალზე რას იტყვი?“
აბრაამი მართლაც მიდიოდა რისკზე! საოცარია, მაგრამ უფალმა დადებითად უპასუხა ამ თხოვნასაც. ფაქტობრივად, მან უპასუხა „დიახ“ აბრაამის ყველა თხოვნას, რაც იმით დასრულდა, რომ ღმერთი დათანხმდა, შეენდო მთელი სოდომის ქალაქისთვის, თუკი იქ შეძლებდა თუნდაც 10 მართალი ადამიანის პოვნას. სამწუხაროდ, ვერ იპოვა, ამიტომაც მისი რისხვა გადმოიღვარა.
მოდით, ვთხოვოთ ღმერთს წყალობა
ისტორიიდან ნათლად ვხედავთ საკუთარი ქმნილებისადმი ღვთის გულის საოცარ დამოკიდებულებას. ღმერთი ყველანაირად ეცდება, შეაჩეროს სამსჯავრო. ის მოგვცემს ყველა შესაძლო შანსს მონანიებისთვის. ის იქნება საოცრად თანამგრძნობი და მომთმენი. მხოლოდ ამის შემდგომ გადმოიღვრება მისი რისხვა.
ამის ყველაზე მთავარი მტკიცებულება ჯვარზეა. იქ, იმის ნაცვლად, რომ ღმერთს გადმოენთხია თავისი მსჯავრი ყველა ჩვენგანზე (დიახ, ჩვენ ყველანი დამნაშავე ცოდვილები ვართ მის თვალში), მსჯავრი მან თავის შვილზე გადმოღვარა. იესომ დაიკავა ჩვენი ადგილი. იესომ იტვირთა ჩვენი დანაშაული. იესომ გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური. ეს არის სახარების არსი. ასეთია ღმერთის გული.
ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვლოცულობთ ღვთიურ ჩარევაზე კორონავირუსის შუაგული პანდემიის დროს, მოდით, მოვუხმოთ მის წყალობასა და თანაგრძნობას. მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იყო მიზეზი ამ ვირუსის აფეთქებისა და მხოლოდ ღმერთს შეუძლია სიტუაციის მკვეთრად შეცვლა.
ამიტომ, ჩვენ ვლოცულობთ: „შეგვიწყალე, უფალო! და მოგვეცი ჩვენ მონანიება ჩვენი ცოდვებისა. ჩვენ არ გვაქვს სხვა იმედი, შენ გარდა.“
წყარო: http://ieshua.org