გაგება – ქრისტიანებს შეუძლიათ ღვთის სიტყვის შეცნობა
„მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული და მთელი გულით შევინახო იგი“.
ყველა ქრისტიანს აქვს უფლება და მოვალეობა, არა მხოლოდ ეკლესიის სარწმუნოების მემკვიდრეობიდან ისწავლოს, არამედ თავადაც განმარტავდეს წმინდა წერილს. კათოლიკური ეკლესია ამ საკითხს ეჭვის თვალით უყურებს და ამტკიცებს, რომ ადამიანები ხშირად არასწორად განმარტავენ წმინდა წერილს. ეს მართლაც ასეა; მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი წესების კეთილსინდისიერად დაცვა ამ რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
წმინდა წერილის ყოველი წიგნი წარმოადგენს ადამიანურ ნაშრომს და მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ღვთის სიტყვად უნდა მივიჩნიოთ, მისი განმარტება სწორედ მისი ადამიანური ხასიათიდან უნდა დაიწყოს. ალეგორიზაცია, რომელიც ავტორის პირდაპირ ნათქვამ აზრს უგულებელყოფს, არ უნდა იყოს მიღებული.
წმინდა წერილის ყოველი წიგნი დაწერილია არა კოდური ენით, არამედ იმგვარად, რომ გასაგები ყოფილიყო იმ მკითხველებისთვის, რომელთაც ის მიემართებოდა. ეს სიმბოლურ ენაზე დაწერილ წიგნებსაც კი ეხება, როგორიცაა დანიელის, ზაქარიას და გამოცხადების წიგნები. ძირითადი შინაარსი ყოველთვის აშკარაა, თუნდაც ზოგი დეტალი ბუნდოვანი იყოს. ამრიგად, როდესაც ვიგებთ გამოყენებულ სიტყვებს, ისტორიულ ფონს და ავტორისა და მკითხველის კულტურულ კონტექსტს, გაცილებით ახლოს მივდივართ იმ აზრთან, რომლის გადმოცემაც ავტორს სურდა.
სულიერი გაგება – ანუ ღვთის რეალობის, მისი გზების, ნებისა და ადამიანის მასთან პირადი ურთიერთობის გარჩევა (გაგება) – ჩვენამდე მაშინ მოვა, როცა გულზე ჩამოფარებული საფარველი ჩამოგვეხსნება და ვეზიარებით ავტორის სწრაფვას იმისკენ, რომ შეიცნოს და განადიდოს ღმერთი. „ხოლო უფლისკენ რომ მოიქცევიან, რიდე ეხსნებათ“ (მე-2 კორ. 3:16). „მშვინვიერი ადამიანი კი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება“ (1-ელი კორ. 2:14). საჭიროა ლოცვა, რომ ღვთის სულმა აღძრას ჩვენში ეს სწრაფვა და გვიჩვენოს ღმერთი წერილში.
„ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებანი. მწირი ვარ ამქვეყნად, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს“.
„გაუწყე ჩემი გზები და პასუხიც გამეცი; მასწავლე შენი წესები. შენს დადგენილებათა გზას მიმახვედრე, რომ ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე“.
„უფალო, მასწავლე შენი წესების გზა და ბოლომდე დავიცავ მას. მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული და მთელი გულით შევინახო იგი“.
„შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი“.
„შენი მსახური ვარ, მომეცი გონიერება, რომ შევიცნო შენი მოწმობანი“.
„მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ; მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო“.
„ღმერთო, მოაღწიოს შენამდე ჩემმა ღაღადმა; მომეცი გონიერება შენი სიტყვისამებრ“.
ფსალმუნი 118:18-19, 26 -27, 33-34, 73, 125, 144, 169.
„რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმინდანთათვის; და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით“ (ეფეს. 1:17-19).
„რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში. ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში; რათა შეძლოთ ყველა წმინდასთან ერთად ჩასწვდეთ, თუ რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით“ (ეფეს. 3:16-19).
წმინდა წერილის ყოველ წიგნს თავისი ადგილი უკავია ღვთის მადლის გამოცხადების ისტორიაში, რომელიც იწყება ედემის ბაღიდან და კულმინაციას აღწევს იესო ქრისტეში, სულთმოფენობასა და მოციქულებრივ ახალ აღთქმაში. ეს კონტექსტი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. მაგალითად, ფსალმუნები ასახავს ღვთისმოსავი გულის მდგომარეობას ყველა დროში, მაგრამ მათში ღვთისადმი აღვლენილი ლოცვები და ქება ისეთ სიმბოლოთა მეშვეობითაა (მიწიერი მეფეები, სამეფოები, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, ხანგრძლივი სიცოცხლე) გადმოცემული, რომელი სიმბოლოებიც ქრისტემდელი ხანისთვის გახლდათ დამახასიათებელი.
წმინდა წერილის ყველა წიგნი ერთი და იმავე ღვთაებრივი გონებიდან გამომდინარეობს, ამიტომ მათი სწავლება თანმიმდევრულია და ურთიერთშემავსებელი. თუ ამას ჯერ ვერ ვხედავთ, პრობლემა ჩვენშია და არა წმინდა წერილში. წერილი წერილს არ ეწინააღმდეგება; პირიქით, ერთი მონაკვეთი მეორეს ხსნის. ეს ჯანსაღი პრინციპი – წერილის განმარტება თავად წერილით – ცნობილია, როგორც „წერილის ანალოგია“ ან „რწმენის ანალოგია.“
წმინდა წერილის ყოველი წიგნი წარმოგვიჩენს უცვლელ ჭეშმარიტებათ ღმერთზე, ადამიანზე, ღვთისმოსაობასა და უღვთოობაზე, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციებშია გადმოცემული და რომლებშიც ცალკეული პიროვნებები და ჯგუფები საკუთარ თავს პოულობენ. ბიბლიური ინტერპრეტაციის ბოლო ეტაპია ამ ჭეშმარიტებათა ხელახალი მიმართვა ჩვენი ცხოვრებისადმი – ეს არის გზა, რომლითაც აღმოვაჩენთ, რას ამბობს წმინდა წერილში ღმერთი ჩვენთვის ამ დროს. ამ მიდგომის მაგალითებია: იოშიას მიერ გაცნობიერება იმისა, რომ ღვთის რისხვა მოდიოდა იუდაზე, რადგან არ დაემორჩილა რჯულს (მე-2 მეფ. 22:8-13); იესოს არგუმენტაცია დაბადების 2:24-ის საფუძველზე (მათ. 19:4-6) და პავლე მოციქულის მიერ დაბადების 15:6-ისა და ფსალმუნი 31:1-2-ის გამოყენება რწმენით გამართლების ასახსნელად (რომ. 4:1-8).
წმინდა წერილში არ შეიძლება ჩადებული იყოს ისეთი მნიშვნელობა, რომელიც მკაფიოდ არ ჩანს თავად ტექსტში – მხოლოდ ისაა, რაც ნათლად და აშკარად არის გადმოცემული, სულ მცირე, ერთი ავტორის მიერ.
ამ წესების ყურადღებით დაცვა არის ნიშანი ყოველი ქრისტიანისა, რომელიც „სწორად ეპყრობა ჭეშმარიტების სიტყვას“.
„ესწრაფე, წარუდგინო ღმერთს შენი თავი გამონაცად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“
ჯ. ი. პეკერი
წიგნიდან: „თეოლოგია მარტივად“