დღეს უკვე ნათელია, რომ COVID-19 სასიკვდილო საფრთხის შემცველი გლობალური პანდემიაა და რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის აღსაკვეთად. და მაინც, კლაივ ლუისის მიერ 72 წლის წინ ნათქვამი სიტყვები დღესაც ისევ დროული და აქტუალურია. უბრალოდ ჩაანაცვლეთ „ატომური ბომბი“ სიტყვით „კორონავირუსი“.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ატომური ბომბის შესახებ. ‘როგორ უნდა ვიცხოვროთ ატომურ ეპოქაში?’ გავბედავ და ვიტყვი: ‘ისე, როგორც იცხოვრებდით მე-16 საუკუნეში, როცა შავი ჭირი თითქმის ყოველ წელს სტუმრობდა ლონდონს; ან ისე, როგორც იცხოვრებდით ვიკინგების ეპოქაში, როცა სკანდინავიიდან მოსულ მოთარეშეებს შეიძლება ყელი გამოეჭრათ თქვენთვის ღამით; ან ისე, როგორც უკვე ცხოვრობთ სიმსივნის ეპოქაში, სიფილისის ეპოქაში, დამბლის ეპოქაში, საჰაერო თავდასხმათა ეპოქაში, თუ რკინიგზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევათა ეპოქაში, ავტოკატასტროფათა ეპოქაში.’
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნუ გავაზვიადებთ და ნუ ვიტყვით იმას, რომ ეს რაღაც ახალია. მერწმუნეთ, ძვირფასო ბატონო თუ ქალბატონო, თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს სასიკვდილო განაჩენი მანამ გამოგიტანეს, სანამ ატომურ ბომბს გამოიგონებდნენ და საკმაოდ ბევრ ჩვენგანს მოუწევს უსიამოვნო გზით სიკვდილი.
ჩვენ ერთი დიდი უპირატესობა გვქონდა ჩვენს წინაპრებთან შედარებით − ანესთეზიური საშუალებები, და ისინი დღესაც გვაქვს. სრულიად სასაცილო იქნება, ახლა წუწუნი რომ დავიწყოთ და ცხვირი ჩამოვუშვათ, რადგან მეცნიერებმა მსოფლიოს ნაადრევი და მტკივნეული სიკვდილის კიდევ ერთი შესაძლებლობა შემატეს, მსოფლიოს, რომელიც ისედაც სავსე იყო ამგვარი შესაძლებლობებით და სადაც თავად სიკვდილი შესაძლებლობა კი არა, გარდაუვალობა გახლდათ. პირველად სწორედ ეს უნდა აღინიშნოს და პირველად სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას: ძალა მოვიკრიბოთ და თავი მოვთოკოთ.
თუ ჩვენ ატომური ბომბი გაგვანადგურებს, დაე, ბომბმა გონივრულ და ადამიანურ საქმეთა კეთებისას მოგვისწროს − ლოცვისას, მუშაობისას, სწავლებისას, კითხვისას, მუსიკის მოსმენისას, ბავშვების დაბანისას, ჩოგბურთის თამაშისას, მეგობრებთან საუბრისას და დარტსის თამაშისას და არა მშიშარა ცხვრებივით შეჩოჩქოლებულებს ბომბებზე ფიქრისას.
მათ შეიძლება ჩვენი სხეული გატეხონ (მიკრობს აქვს ამის უნარი), მაგრამ მათ ჩვენი გონება არ უნდა დაიპყრონ.“
ამონარიდი ნაშრომიდან “ატომურ ეპოქაში ცხოვრების შესახებ“ (1948)
წყარო: https://www.thegospelcoalition.org