ეს მოხდა ორი ადამიანის თათბირის შედეგად, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მილანში 313 წელს შედგა. ერთი იყო კონსტანტინე I, რომელიც განაგებდა რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილს, მეორე კი ლიცინიუსი, რომელიც აღმოსავლეთს მართავდა.
„მილანის ედიქტით“(ლათ:ქრისტიანობას კანონიერი სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ქრისტიანობა რომის ოფიციალურ რელიგიად მხოლოდ 380 წელს გამოცხადდა თეოდოსიუს I-ის მიერ. წამებულთა ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. დაიწყო გარდამავალი პერიოდი „ქრისტიანული იმპერიისაკენ“.
ედიქტის დადგენილებანი
იმპერატორთა შეხვედრა მილანში კონკორდატით დასრულდა, თუმცა მისი პირობები მხოლოდ 6 თვის შემდეგ ლიცინიუსის მიერ გამოცემული ბრძანების მეშვეობით გახდა ცნობილი.
ეს ბრძანება იმპერიის ადმინისტრაციულ პროვინციათა მმართველებს დაეგზავნათ. დოკუმენტის პოვნა შეიძლება ქრისტიანი მწერლის ლუციუს ლაქტანციუსის თხზულებაში „მდევნელთა სიკვდილი“ და ეკლესიის ისტორიკოსის – ევსები კესარიელის – „ეკლესიის ისტორიაში“.
მილანის ედიქტი გახლდათ 311 წელს იმპერატორ გალერიუსის გამოცემული „ნიკომედიის ედიქტის“ გაგრძელება, რომელმაც ქრისტიანობას კანონიერი სტატუსი მიანიჭა და ნება მისცა ქრისტიანებს აღესრულებინათ ღვთისმსახურებანი იმ პირობით, თუ ისინი რომის რესპუბლიკისა და იმპერატორის კეთილდღეობისათვის ილოცებდნენ.
ბრძანება ადგენდა სრულებით სამართლიან მოპყრობას ყველასთვის: „დაუშვებელია ერთ-ერთი სარწმუნოების დაკნინება სხვისი განდიდების ხარჯზე“. ბრძანებაში ძლიერი პროქრისტიანული განწყობა იგრძნობა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია ქრისტიანთათვის თავიანთი საკუთრების უკან დაბრუნების შესახებ. ეს შეეხებოდა, როგორც ინდივიდუალურ ქრისტიანებისთვის, ასევე ქრისტიანული თემებისათვის წართმეულ საკუთრებას.
ეს განკარგულება ყველგან უნდა გამოქვეყნებულიყო, რათა მისი პირობები ყევლასთვის ცნობილი გამხდარიყო.
ედიქტის მნიშვნელობა
ფაქტობრივად, იმპერატორ კონსტანტინეს წყალობით, დასავლეთ რომის იმპერიაში მცხოვრები ხალხი უკვე სარგებლობდა საკუთრების იმ უფლებებითა და შემწყნარებლური პოლიტიკით, რომლებიც ამ ედიქტში იყო გადმოცემული. მიუხედავად ამისა, ედიქტის მნიშვნელობა უდავოდ დიდი გახლდათ (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს, ტრადიციული გაგებით, „ედიქტი“ სულაც არ იყო).
„მილანის ედიქტი“ სულაც არ იყო იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანული რწმენის აღიარების ნაბიჯი, რადგან ის მხოლოდ იმპერიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ კონსტანტინე ცრუმორწმუნე იყო და იმპერიის სხვა „ღმერთების“ არსებობისაც სწამდა. „მილანის ედიქტი“ არ იძლევა საკმარის საფუძველს, რომ იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანად მივიჩნიოთ.