რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის შესახებ
8 სექტემბერს გავრცელდა კოდური შეტყობინება: „ლონდონის ხიდი დაეცა.“ ეს იყო სიგნალი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ. გაერთიანებული სამეფოსა და კიდევ, თანამეგობრობის 14 სამეფოს მონარქი 96 წლის იყო. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალის შესახებ.
1. ელისაბედი 70 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში დაქორწინებული იყო მამაკაცზე, რომელიც მოზარდობისას შეუყვარდა.
ელისაბედი თავის მომავალ მეუღლეს, ფილიპს, პირველად ბავშვობაში შეხვდა. ისინი მეორედ შეხვდნენ მაშინ, როცა ელისაბედი 13 წლის იყო, ხოლო ფილიპი – 18-ის. გოგონას შეუყვარდა ფილიპი. ისინი საიდუმლოდ იყვნენ დანიშნულნი, როცა 1946 წელს ფილიპმა მეფე ჯორჯ VI-ს ქალიშვილის ხელი სთხოვა. მეფე დასთანხმდა მის თხოვნას, თუმცა ოფიციალური ნიშნობა ელისაბედის 21-ე დაბადების დღემდე, ანუ მომდევნო წლის აპრილამდე არ შემდგარა. ფილიპმა უარი თქვა თავის ბერძნულ და დანიურ ტიტულებზე და ბერძნული მართლმადიდებლობიდან ანგლიკანობაზე მოექცა. ელისაბედი და ფილიპი დაქორწინდნენ 1947 წელს და თითქმის 74 წელი იცხოვრეს ერთად 2021 წლამდე, როცა ფილიპი გარდაიცვალა.
2. ელისაბედის კორონაციისას მრავალი ქრისტიანული რიტუალი შესრულდა
ელისაბედის კორონაცია, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, მოიცავდა ზიარებასაც. ეკლესიაში მისი შესვლისას გალობდნენ 121-ე ფსალმუნს (121:1-3, 6-7). შემდეგ ელისაბედმა დაიჩოქა და რამდენიმე ლოცვა წარმოთქვა. კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ის ხალხს წარუდგინა და ბევრი შეკითხვა დაუსვა, მათ შორის: „მთელი ძალისხმევით შეეცდებით თუ არა თქვენი მმართველობისას, რომ დაიცვათ ღვთის კანონები და სახარების ჭეშმარიტი აღსარება?“ შემდეგ ელისაბედმა მარჯვენა ხელი „დიად ბიბლიაში ჩაწერილ წმინდა სახარებას“ დაადო და წარმოთქვა ფიცი. ამის შემდეგ მას ეს ბიბლია საჩუქრად გადასცეს. არქიეპისკოპოსმა უთხრა: „ჩვენო მოწყალეო დედოფალო, ჩვენ გჩუქნით ამ წიგნს, რომელიც ყველაზე ძვირფასია, რაც კი ამქვეყნად არსებობს, რათა თქვენს უდიდებულესობას მუდამ ახსოვდეს ის, რომ ღვთის სახარება და ღვთის კანონი წესია მთელი ცხოვრებისა და ქრისტიან მმართველთა მმართველობისათვის.“
შემდეგ კი ცერემონიის წამყვანმა დასძინა: „აი, სიბრძნე; აი, სამეფო კანონი; ეს ღმერთის ცოცხალი გამოცხადებაა.“
კორონაციის რიტუალის დროს ასევე წაიკითხეს ფსალმუნები, პეტრე მოციქულის 1-ლი წერილი, მათეს სახარება და მოციქულთა სიმბოლო. შემდეგ კი ელისაბედს ზეთით სცხეს მე-3 მეფეთა 1:39-40-ში დაწერილის მიხედვით.
3. დედოფალ ელისაბედს გულწრფელი პირადი რწმენა ჰქონდა იესო ქრისტესი
ელისაბედი გულჩათხრობილი ადამიანი იყო და ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საჯაროდ ხშირად არ ლაპარაკობდა თავისი რწმენის შესახებ. თუმცა იყო შემთხვევები, მაგალითად, დედოფლის ყოველწლიური საშობაო მილოცვისას, როცა მკაფიოდ ჩანდა მისი რწმენის გულწრფელობა. საშობაო მილოცვას, რომელიც ჯერ რადიოგადაცემის სახით დაიწყო, შემდეგ სატელევიზიო და ბოლოს კი ინტერნეტგადაცემად იქცა, მილიონობით ადამიანი უსმენდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2000 წლის საშობაო სიტყვის წარმოთქმისას, დედოფალმა თქვა: „მრავალი ჩვენგანისათვის საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ქრისტეს სწავლება და ღვთის წინაშე ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა ის, რაც მიწესებს იმ ჩარჩოს, რომლის საზღვრებშიც ვცდილობ წარვმართო ჩემი ცხოვრება. მრავალი თქვენგანის მსგავსად, სირთულეთა ჟამს მეც ქრისტეს სიტყვებსა და მაგალითში ვპოვებ დიდ გამხნევებას.“
4. ელისაბედი გახლდათ ანგლიკანური ეკლესიის „უმაღლესი მეთაური“
მონარქის როლში დედოფალი ელისაბედი გახლდათ ანგლიკანური ეკლესიის ნომინალური თავი. როგორც ნათქვამია „ანგლიკანური ეკლესიის აღმსარებლობის 39 მუხლისაგან შემდგარი წესდების შესავალში (რომელიც 1682 წელს არის დამატებული), ტიტულის თანახმად, მონარქი არის ეკლესიის „რწმენის დამცველი და მისი უმაღლესი მეთაური ამ ჩვენს სამფლობელოებში.“ დღეს ეს თანამდებობა, უმეტესწილად, სიმბოლურია, თუმცაღა ელისაბედს დაევალა ეპისკოპოსებისა და არქიეპისკოპოსების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის რჩევის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, განიხილავს ეკლესიის კომისიის მიერ შეთავაზებულ სახელებს. არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები, დიაკვნები და სამრევლოს მღვდლები ეკლესიის მეთაურის ერთგულების ფიცს დებენ და პატივს მიაგებენ მას.
5. დედოფალმა ასევე დაიფიცა, რომ დაიცავდა და გაუფრთხილდებოდა შოტლანდიის ეკლესიას
მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედი არ იყო შოტლანდიის ეკლესიის უმაღლესი მეთაური, მან ფიცი დადო, რომ „შეინარჩუნებდა და დაიცავდა პროტესტანტულ რელიგიას და პრესვიტერიანული ეკლესიის ხელმძღვანელობას.“ მისი ურთიერთობა შოტლანდიის ეკლესიისადმი სიმბოლურად იქნა დადასტურებული 1953 წლის 24 ივნისს ედინბურგში, სენტ-გაილსის ტაძარში ჩატარებულ მიძღვნის ცერემონიაზე. შოტლანდიის ეკლესია პრესვიტერიანულია და „ეკლესიის მეფედ და თავად“ მხოლოდ იესო ქრისტეს აღიარებს.
6. დედოფალი ელისაბედი ერთ-ერთი გულუხვი მონარქი იყო თანამედროვეობის ისტორიაში. მსახურების მოტივაციას მას უფალი იესო აძლევდა
ელისაბედი მფარველობდა რვაასზე მეტ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. ის ერთ-ერთ ყველაზე მეტად ქველმოქმედ მონარქად მიიჩნეოდა თანამედროვეობის ისტორიაში. მან, დაახლოებით, ორი მილიარდი დოლარის შეგროვება შეძლო იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც მფარველობდა. „ხანდახან ვფიქრობთ, რომ მსოფლიო პრობლემები იმდენად დიდია, რომ ბევრით არაფრით შეგვიძლია დახმარება. თავად ჩვენ არ შეგვიძლია, ბოლო მოვუღოთ ომებს და ამოვძირკვოთ უსამართლობა, თუმცა ათასობით მცირე სიკეთის ერთობლივი ეფექტი უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია… ქრისტეს მაგალითი მეხმარება იმის დანახვაში, თუ რაოდენ ფასეულია მცირე სიკეთეთა დიდი სიყვარულით კეთება, მიუხედავად იმისა, ვინ აკეთებს მათ და რისი სწამს პირადად,“ – თქვა დედოფალმა 2016 წელს.
7. ელისაბედი ნაღდ ფულს მხოლოდ კვირა დღეს ატარებდა თან, რათა ეკლესიაში შეეწირა
ელისაბედმა, თავისი ცხოვრების განმავლობაში, შეიძინა 500 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება, თუმცა ფული მხოლოდ კვირა დღეს ჰქონდა თან. კვირაობით ის ცოტაოდენ თანხას იდებდა ხელჩანთაში, რათა ეკლესიაში შეეწირა.
8. ელისაბედი იყო ერთ-ერთი იმ მონარქებს შორის, რომლებიც ხანგრძლივად მართავდნენ სამეფოს
დედოფალი ელისაბედი იყო ყველაზე დღეგრძელი და ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქი ბრიტანეთის ისტორიაში, ხოლო მსოფლიო ისტორიაში (რამდენადაც ცნობილია) მეორე, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV-ის შემდეგ (რომელიც 72 წლისა და 110 დღის განმავლობაში მეფობდა). ელისაბედი სამეფო ტახტს იკავებდა 70 წლისა და 214 დღის განმავლობაში.