სიამაყე ის მანკიერებაა, რომელიც ქრისტიანის დაცემას უძღვის წინ. სიამაყე გვიშლის ხელს საკუთარი შეცდომისა და ნაკლის აღქმასა და აღიარებაში, შესაბამისად მონანიებას შეუძლებელს ხდის. ამპარტავნება ხშირად ნიღაბსაა ამოფარებული ჩვენს შინაგანში და მოჩვენებითი თავმდაბლობის საბურველში გახვეული, ან თვითშეცოდების მანტიამოსხმული გვევლინება. ზოგჯერ ადამიანები საკუთარი თავის გაუცნობიერებელ დამდაბლებას და სხვებთან შედარებას იწყებენ: „მე ისე არ გამომდის, როგორც მას, ჯობია მან გააკეთოს…” „ის ჩემზე ბევრად ნიჭიერია.” თუ გულში ღრმად ჩავიხედავთ დავინახავთ, რომ ამ გზით გაუცნობიერებლად ვცდილობთ გარეშეთა ყურადღება მივიქციოთ. არ მისცეთ სიამაყეს ნება ამოეფაროს რომელიმე ნიღაბს თქვენს შინაგანში. იდექით თქვენი სულიერი სიჯანსაღის სადარაჯოზე და გადაამოწმეთ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა უფლის სიტყვის შუქზე.
დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას – ქედმაღლობა.
გაცდუნა შენმა გულის ამპარტავნობამ, კლდის ნაპრალში დასახლებულო, შენი სადგომის სიმაღლეებში; გულში ამბობ: ვინ დამცემს მიწამდე?
თუმცა უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: ‘ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.’ ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმინდეთ გულები, ორგულნო!
საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს და თავშეკავება – ქედმაღლობას.
და თუ ვინმეს ბორკილები ადევს ან ტანჯვის საბელით არის შეკრული, გამოუცხადებს მათ თავიანთ ნამოქმედარს და დანაშაულს, რადგან გაამაყდნენ ისინი; ყურებს გაუხსნის შეგონებისთვის და უბრძანებს, რომ განუდგნენ ბოროტებას; თუ გაუგონებენ და ემსახურებიან, კურთხევაში დაასრულებენ დღეებს და წლებს – ნეტარებაში.
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი, გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.
მოსპობს უფალი პირფერ ბაგეებს, ამაყად მოლაპარაკე ენებს, რომლებიც ამბობენ – ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ჩვენი ბაგენი ჩვენთანაა, ვინ გვიბატონებს?
ამბობდა: კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნობა და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.
კაცის ქედმაღლური მზერა დამცირდება და ადამიანთა ამპარტავნობა დამდაბლდება; მხოლოდ უფალი ამაღლდება იმ დღეს.
დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.