თითოეულ ჩვენგანს განუცდია შიში. გამუდმებით რაღაცის გვეშინია, ზოგჯერ გაურკვეველი მომავლის, წარუმატებლობის, მიუღებლობის, დაცინვის, ავადმყოფობის, სიკვდილის და უამრავი ჯერ არმომხდარი უბედურების შიშით ვცხოვრობთ.
შიში ხშირად გვაიძულებს, უმოქმედონი დავრჩეთ მაშინ, როცა მოქმედება აუცილებელია. თითქოს უმოქმედობა აგვაცილებს მოსალოდნელ უბედურებას, მაგრამ მოგვიანებით ვხვდებით, რომ გაუბედაობამ უბრალოდ დრო და წარმატების შანსი დაგვაკარგვინა.
ბიბლია ამბობს, რომ არ მიგვიღია შიშის სული, არამედ სიმამაცის და გაბედულების. თუ ფიქრობ, რომ უმოქმედობა გამოსავალია, თუ გგონია, რომ ჩრდილში დარჩენით ნაკლებ პრობლემას შეეჯახები, თუ გამუდმებით საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრების კონტროლსა და უსაფრთხოებაზე ფიქრობ, უბრალოდ მოდუნდი, აიღე ხელში უფლის სიტყვა, რომელიც არის სულის მახვილი და გაიმარჯვე ყოველგვარ შიშზე, განდევნე ის უფლის სიტყვის სინათლით შენი ცხოვრებიდან და გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი უკუნისამდე.
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს?
ადამიანის მოშიშარს მახე დაეგება, უფალზე დანდობილი კი დაცული იქნება.
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს.
უფალი ჩემთანაა – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?