მაშინ, როდესაც საჭიროებების წინ ვდგავართ, ხშირად გამოსავლის ძიებას საკუთარი ძალებით ვცდილობთ, რადგან ადამიანებს გვიყვარს სიტუაციების კონტროლი. ხშირად იმედს ვდებთ ჩვენს მეგობრებზე, სამსახურზე, “შავი დღისთვის” გადანახულ ფულზე, საკუთარ კეთილგონიერებაზე, დაზღვევაზე, საკუთარ გავლენაზე და ა.შ. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ასე ხშირად ვრჩებით იმედგაცრუებულნი. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ღმერთია ყველაფერი, რაც გვჭირდება! ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი, მასში მოცემული აღთქმები ჭეშმარიტებაა, რადგან უფალი საკუთარი სიტყვების უკან დგას და თვალყურს ადევნებს, რომ აღსრულდეს ისინი. (რიცხვ. 23:19).
მხოლოდ ღმერთს ელოდება ჩემი სული მდუმარედ; რადგან მისგან არის ჩემი იმედი. მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი. ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთი არის ჩემი კლდე და თავშესაფარი. მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.
რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო! ადამის ძენი შენს ფრთებქვეშ აფარებენ თავს. დაპურდებიან შენი სახლის სიუხვით და შენს სიტკბოთა ნაკადებიდან შეასმევ მათ. რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.
მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.