XX საუკუნის ბრიტანელი მახარებელი, დევიდ ჰეთევეი ცნობილია იმით, რომ მისი მისიონერული მსახურების ცენტრად იქცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. „რკინის ფარდის“ დროს მას ჩუმად შეჰქონდა ბიბლიები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რის გამოც ციხეშიც მოხვდა. თავისი რწმენითა და სულიერი სიმტკიცით იგი დღესაც დიდი გამხნევება და შთაგონებაა ათასობით ადამიანისათვის მთელ მსოფლიოში.
დღესაც, ისევე, როგორც 60 წლის წინ, როცა ის-ის იყო იწყებოდა მისი სარბიელი, დევიდი აგრძელებს მოგზაურობას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სხვადასხვა ქალაქში. ყოველწლიურად ტარდება კონფერენციები მისი მონაწილეობით. ამ კონფერენციებს ათასობით ადამიანი ესწრება; ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ღმერთი, მისი მხარდაჭერა და განკურნება. დევიდი ევანგელურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა და ქრისტიანულად აღიზარდა.
დევიდი შვიდი წლის ასაკიდან დაინტერესდა ღმერთით, ხოლო 12 წლის ასაკში უკვე წყლით მოინათლა, რაც საკმაოდ ადრეა პროტესტანტულ ეკლესიებში მიღებული შეხედულებით. თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობიერებულობა და ღვთის მსახურების წყურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ეკლესიის მსახურებმა მოიწონეს მისი სურვილი და მონათლეს იგი. ერთი წლის შემდეგ კი ყმაწვილი უკვე უქადაგებდა ადამიანებს იესო ქრისტეს სწავლების შესახებ. 26 წლამდე დევიდი არ ფიქრობდა იმაზე, რომ საკუთარი ცხოვრება მისიონერული მსახურებისათვის მიეძღვნა.
მან ბიბლიური კოლეჯი დაამთავრა ლონდონში, რის შემდეგაც ორ ეკლესიაში იმსახურა ხუცესად, ასევე, ორჯერ ჩაატარა სამახარობლო ღვთისმსახურება. ამ სამახარობლო მსახურებათა დროს მორწმუნეებს შეეძლოთ სხვადასხვა ადამიანის გაცნობა და მათთვის იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის შესახებ უწყება. 20 წლის ასაკში დევიდმა მოაწყო პირველი საერთაშორისო მისიონერული ტური საფრანგეთსა და შვეიცარიაში. შესაძლოა, უცხოეთში მსახურების ამ გამოცდილებამ მოახდინა გავლენა სახუცესო მსახურების დატოვების მისეულ გადაწყვეტილებაზე. ვერც ქორწინებამ, ვერც ახალი ეკლესიების დაარსებისკენ მიმართულმა შრომამ ვერ ამოძირკვა მისი გულიდან სახარების ქადაგების სურვილი.
მანამ, სანამ ახალ გზას დაადგებოდა, ახალგაზრდა კაცს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს: ყელის სიმსივნე. ექიმები ერთხმად ამბობდნენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთი გახლდათ: საჭირო იყო სახმო სიმების იმ მონაკვეთის ამოკვეთა, რომელიც სიმსივნის მიერ იყო დაზიანებული. დევიდს კი სწამდა, რომ ღმერთს შეეძლო მისი განკურნება და სამი თვის განმავლობაში ლოცულობდა ამაზე, თუმცა პასუხი არ ჩანდა.
მაშინ მან გადაწყვიტა, ღმერთისთვის პირობა წაეყენებინა, რის შესახებაც ის შემდეგ ინტერვიუში ჰყვებოდა: „მახსოვს, ლოცვისას ვამბობდი: ‘ღმერთო, თუ გსურს, რომ ინგლისში დავრჩე, არ განმკურნო. წავალ ექიმებთან და ისინი ხმას წამართმევენ. მაგრამ თუ გსურს, რომ წავიდე საბჭოთა კავშირში, მაშინ სასწაული მჭირდება. ნიშანი მჭირდება შენგან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში სწორედ შენ, უფალი, მიმიძღვები საბჭოთა კავშირისკენ. განკურნე ჩემი ყელი…’“
იმ საღამოს, ამ ლოცვის შემდეგ, ღმერთმა განკურნა დევიდი. მეორე დღესვე ექიმებთან წავიდა. „თქვენი სიმსივნე თითქოს სკალპელით ამოჭრესო,“ – ეუბნებოდნენ ექიმები და გაოცებულნი ხელებს შლიდნენ. ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ღმერთის მოქმედების შედეგი იყო. მას შემდეგ დევიდი დარწმუნებულია: ის, რაც ექიმებს არ შეუძლიათ, შეუძლია ღმერთს.
ყველაზე გასაკვირი კი მთელ ამ ისტორიაში ისაა, რომ განკურნების შემდეგ დევიდმა მიიღო უნარი იმისა, რომ ელოცა სხვა ადამიანების განკურნებაზე და პასუხებიც მიეღო ამ ლოცვებზე. მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი განიკურნა დაავადებებისგან დევიდ ჰეთევეის მსახურებათა განმავლობაში: „ზოგიერთ ადამიანს არ სწამს განკურნების და ამიტომაც, ცდილობს, შეაჩეროს განკურნების სასწაულები, თუმცა შეუძლებელია ღვთის ძალის შეჩერება. მე თავად არ ძალმიძს სასწაულების მოხდენა, თუმცა ღმერთს ძალუძს. მე არ ვიცი, როგორი ღმერთი ჰყავთ სხვებს, მაგრამ ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია. ეს ბიბლიის ღმერთია.“
პირველად საბჭოთა კავშირში ჩასვლა დევიდმა 1967 წელს შეძლო. მან საკუთარი ტურისტული კომპანია გახსნა, რომლის მეშვეობითაც მოიპოვა შესაძლებლობა იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო. ტურისტებისათვის განკუთვნილ ავტობუსებში მოწყობილი საიდუმლო სამალავების მეშვეობით დევიდს მთლიანი ბიბლიები და ახალი აღთქმები გადაჰქონდა. მას ესმოდა, რომ კომუნისტური ქვეყნები შორს იყვნენ ღმერთისგან და ამიტომაც კარგად აცნობიერებდა იქ მცხოვრები ხალხების სულიერ საჭიროებათა შესახებ. ერთი მოგზაურობისას მას, დაახლოებით, 5 ათასი ეგზემპლარის წაღება შეეძლო. მათ ღვთისმსახურებაზე მოსულ ადამიანებს ურიგებდნენ.
1972 წლის ზაფხულში სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტებმა ერთ-ერთ ავტობუსში საღვთო წერილის მთელი პარტია აღმოაჩინეს. ეს მოხდა იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიის საზღვარზე გადასვლისას. შედეგად, დევიდი დააკავეს გარემოებათა გარკვევამდე. მან ერთი წელი გაატარა ციხეში, რა დროის განმავლობაშიც გამუდმებით ლოცულობდა და უფალმაც არ დააყოვნა. ცნობილი მახარებლის ციხიდან დასახსნელად თავად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ჰაროლდ უილსონი ჩავიდა ჩეხოსლოვაკიაში.
მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების არაკეთილგანწყობილებისა დევიდის საქმიანობისადმი, ის მაინც არ წყვეტდა მცდელობებს საბჭოთა კავშირის მცხოვრებთათვის სახარების ქადაგებისა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის უკვე სახარებისეულ ქრისტიანთა იატაკქვეშ მოქმედ ეკლესიებს სტუმრობდა, რომელი ეკლესიებიც გამუდმებით იდევნებოდნენ. 1980 წლისათვის დევიდმა ღიად დაიწყო ღვთისმსახურებათა ჩატარება საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. მისი 60-წლიანი მისიონერული მოღვაწეობის განმავლობაში სახარების უწყება 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მოისმინა.
მისიონერი დღესაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას: 2008 წელს ის პირველად ჩავიდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მის შესახვედრად ტალინში რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბა. დევიდი ხშირად გამოდის სიტყვით კონფერენციებზე: მისი გამოსვლა მოიცავს ქადაგებას სახარების შესახებ – იესო ქრისტეს ცხოვრების, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ; მოწოდებას მონანიებისკენ და ლოცვას განკურნებისთვის. მრავალი დამოწმება არსებობს იმისა, რომ ღმერთი კურნავდა დევიდ ჰეთევეის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებაზე დამსწრე ადამიანებს.
დევიდი მიიჩნევს, რომ მისთვის, ვისაც გულში რწმენა აქვს, გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. რწმენის საწყისი თითქმის უხილავია, მაგრამ თუ თესლი ნოყიერ ნიადაგში მოხვდება, თუ მას ლოცვითა და ღვთის სიტყვით მოვრწყავთ, ის გაიზრდება და ერთხელ აუცილებლად მოხდება სასწაული.
თავისი მისიონერული მსახურების წლების განმავლობაში დევიდი არაერთხელ გამხდარა სასწაულების მოწმე და მისი რწმენა იესო ქრისტეს ძალის მიმართ უფრო და უფრო მტკიცდებოდა.
დევიდ ჰეთევეი გახლავთ დამფუძნებელი და პრეზიდენტი საერთაშორისო მისიისა: Eurovision Mission To Europe.