ეიდენ უილსონ ტოზერი (1897-1963) გახლდათ ამერიკელი ქრისტიანი ხუცესი, ავტორი, ჟურნალის რედაქტორი, რომლისმა შრომებმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ბევრ თანამედროვე ქრისტიან ლიდერზე.
ეიდენ უილსონ ტოზერი დასავლეთ პენსილვანიაში მცხოვრებ ღარიბ ოჯახში დაიბადა 1897 წლის 21 აპრილს. 15 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად ოჰაიოს შტატ ქალაქ აკრონში გადავიდა. იქ ეიდენმა საბურავების კომპანიაში დაიწყო მუშაობა. 17 წლის ასაკში, როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, ქუჩაში ქრისტიანი მქადაგებლის სიტყვები მოისმინა იესო ქრისტეს შესახებ. იმ საღამოს ეიდენმა მოინანია და ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა.
ხუთი წლის შემდეგ ეიდენ ტოზერი, რომელსაც არავითარი თეოლოგიური განათლება არ ჰქონდა, პროტესტანტული დენომინაცია „ქრისტიანული და მისიონერული ალიანსის“ ერთ-ერთი პატარა ეკლესიის ხუცესი გახდა ნატერ-ფორტში, დასავლეთ ვირჯინიაში, ხოლო უკვე 1928 წელს ჩიკაგოში არსებული ეკლესია Southside Alliance Church-ის ხუცესი იყო.
ტოზერი თვითნასწავლი გახლდათ. მას არც კოლეჯი დაუმთავრებია და არც უმაღლესი სასწავლებელი. ის ძალიან ბევრს კითხულობდა რელიგიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესახებ. მისი ქადაგებები პრაქტიკული იყო და დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. ტოზერს ორი საპატიო ხარისხი მიენიჭა. ერთი 1950 წელს უიტონის კოლეჯის, მეორე კი 1952 წელს ჰაუტონის კოლეჯის მიერ.
1950 წელს ტოზერი გახდა ჟურნალის Alliance Weekly რედაქტორი და ამ პოსტს გარდაცვალებამდე იკავებდა. 1951 წელს კი დაიწყო ყოველკვირეული რადიოგადაცემების სერია. ტოზერი 30 წლის განმავლობაში, 1959 წლამდე მსახურობდა ეკლესია Southside Alliance Church-ის ხუცესად, რის შემდეგაც ტორონტოში, კანადაში გააგრძელა მსახურება ეკლესია Avenue Road Churc-ის ხუცესად.
ე. უ. ტოზერი 1963 წლის 12 მაისს გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალულია აკრონში. მის საფლავზე უბრალოდ ეპიტაფიაა: „ე. უ. ტოზერი – ღვთისკაცი“.
ე. უ. ტოზერსა და მის მეუღლეს, ადა ვათსს შვიდი შვილი ჰყავდათ: 6 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ის ყოველთვის უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა და ავტომანქანაც არასოდეს ჰყოლია.
ე. უ. ტოზერი გახლავთ ავტორი 60-ზე მეტი წიგნისა, რომელთა უმეტესობაც მისი სიკვდილის შემდეგ შეადგინეს მისი ქადაგებებითა და სტატიებით. ე. უ. ტოზერის ორი წიგნი The Pursuit of God და The Knowledge of the Holy ქრისტიანული ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული.
ზოგი მას „მე-20 საუკუნის წინასწარმეტყველს“ უწოდებდა, ზოგიც „ევანგელისტ მისტიკოსს“, რაკი ის დიდ ყურადღებას ამახვილებდა „შინაგანი ცხოვრების“ განვითარებაზე.