ელიას ბუდინო ამერიკის კონტინენტური კონგრესის პრეზიდენტად აირჩიეს 1782 წლის 4 ნოემბერს. მან მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას ინგლისთან, რომლითაც ბოლო მოეღო ამერიკის რევოლუციურ ომს, მაგრამ ელიას ბუდინოს მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია ქრისტიანობის ისტორიაში.
ელიას ბუდინო დაიბადა 1740 წლის 2 მაისს, ფილადელფიაში. მისი პაპა იყო ფრანგი პროტესტანტი, რომელიც საფრანგეთიდან ჰუგენოტების დევნის გამო გამოიქცა.
ბუდინო შეისწავლიდა სამართალს და პატივსაცემი ვექილიც გახდა ნიუ-ჯერსიში. თავისი პროფესიის წყალობით მან საკმაოდ დიდი ქონება შეიძინა, რომლის უდიდესი ნაწილიც ქველმოქმედებას მოახმარა. თავისი გულმხურვალე პატრიოტიზმის გამო მეზობლებმა ის დელეგატად აირჩიეს კონტინენტურ კონგრესში, ხოლო ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ ელიასი უკვე ფედერალურ კონგრესში იქნა არჩეული წარმომადგენლად, სადაც მან სამი ვადით იმსახურა.
მიუხედავად ყოველივესი, ელიას ბუდინოს უფრო მეტად რელიგია აინტერესებდა, ვიდრე პოლიტიკა. ის გახლდათ ნიუ-ჯერსის (პრინსტონის) კოლეჯის დირექტორთა საბჭოს წევრი. ხსენებული სასწავლებელი მიზნად ისახავდა სასულიერო პირთა სწავლებასა და მომზადებას. ბუდინომ ხელი შეუწყო ამ კოლეჯში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნას და მის დაფინანსებას, მაგრამ ძირითად ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და აღდგომის შესახებ ესწავლებინათ ამ სასწავლებელში.
ბუდინო ფიქრობდა, რომ ამერიკელი ინდიელები ისრაელის ათი დაკარგული ტომის შთამომავლები იყვნენ და წიგნიც კი დაწერა ამის შესახებ სახელწოდებით „დასავლეთის ვარსკვლავი“ (A Star in the West) (თუმცა შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ის ცდებოდა). ელიასი დიდად ზრუნავდა ინდიელებზე და გზებიც გამონახა იმისათვის, რომ მათი სწავლა–განათლებისთვის ხელი შეეწყო.
გარდა ამისა, ელიას ბუდინო ბიბლიურ საზოგადოებათა არსებობის თავგამოდებული მომხრე გახლდათ, რადგან ეს საზოგადოებანი ცდილობდნენ, რომ ბიბლია რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონოდა. 1816 წელს მან ფრენსის სკოტ კისთან ერთად დააარსა ამერიკის ბიბლიური საზოგადოება. ის თავად იყო ამ საზოგადოების პირველი პრეზიდენტი და 10 ათასი დოლარიც გაიღო ამ საქმისთვის იმ დროში, როცა 400 დოლარის ოდენობის წლიური შემოსავალი სოლიდურ თანხად ითვლებოდა.
ამერიკის ბიბლიური საზოგადოება დღესაც აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს და აფინანსებს ბიბლიის სხვადასხვა ენებზე თარგმნისა და მთელ მსოფლიოში გავრცელების საქმეს.