ჯონ ნელსონ დარბი დაიბადა ლონდონში, 1800 წლის 18 ნოემბერს. სწავლობდა სამართალს დუბლინის სამების სახელობის კოლეჯში (Trinity College), რომელიც მან ოქროს მედლაზე დაამთავრა. ხანმოკლე დროით მუშაობდა კიდეც თავისი პროფესიით, თუმცა შემდეგ უარი თქვა ადვოკატობაზე თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე. 1825 წელს ის ანგლიკანური ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს, მომდევნო წელს კი უკვე მღვდლად.
დარბიმ დაიწყო წმინდა წერილის კვლევა და ესაიას წინასწარმეტყველების საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები (და ასევე ძველი აღთქმის სხვა წიგნებში მოხსენიებული) ღვთის სამეფო/სასუფეველი არ იგივდებოდა ეკლესიასთან. დარბიმ შეიმუშავა თავისი თეოლოგიის პრინციპები და გარშემო შემოიკრიბა სხვა სწავლულებიც. მათ „პლიმუტის საძმო“ ეწოდათ. რამდენიმე წლის შემდეგ საძმო ოფიციალურად ჩამოშორდა ირლანდიის ეკლესიას.
პლიმუტის საძმო ყურადღებას ამახვილებდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ერთობაზე. თითოეული ჯგუფი ამ საძმოსი დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო; ზიარების ჩატარებისას უბრალოება უნდა გამოეჩინათ და გარდა ამისა, ყოველ კვირას სხვადასხვა ადამიანს უნდა ჩაეტარებინა იგი.
დარბი თანამედროვე დისპენსაციონალიზმისა (ქრისტიანობაში არსებული თეოლოგიურ შეხედულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ბიბლიური ისტორია ღმერთის მიერ დაყოფილი პერიოდებისგან შედგება და თითოეულ პერიოდს შეესაბამება ღვთის მიერ დადგენილი გარკვეული პრინციპები) და ფუტურიზმის (ქრისტიანული ესქატოლოგიური შეხედულება, რომელიც მომავალ მოვლენებად განმარტავს დანიელის წიგნისა და გამოცხადების წიგნის გარკვეულ ნაწილებს და პირდაპირ, ფიზიკურ, აპოკალიპტურ და გლობალურ კონტექსტში განიხილავს მათ) ფუძემდებელია. ის ასწავლიდა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა დიდი გასაჭირის დადგომამდე იქნება, რათა მან აიტაცოს წმინდანნი. დარბის თეოლოგიამ დიდი გავრცელება პოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან სკოფილდის სასწავლო ბიბლიის მეშვეობით, სადაც სწორედ ეს შეხედულებანი იყო გადმოცემული.
მე-19 საუკუნის 30-40-იან წლებში დარბი ევროპაში მოგზაურობდა. აარსებდა თავის მიმდევართა თემებს. ამავე მიზნით ის ამერიკაშიც ჩავიდა, სადაც კითხულობდა ლექციებს დალასის საღვთისმეტყველო სემინარიასა და სამხრეთ კაროლინაში არსებულ ბობ ჯონსის უნივერსიტეტში. ასევე, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ფილიპინებსა და სხვა ქვეყნებში. ამავდროულად ის წმინდა წერილის ტექსტებს ორიგინალი ენიდან ინგლისურ ენაზე თარგმნიდა, წერდა საღვთისმეტყველო სტატიებს, კომენტარებს, ლექსებსა და პოემებს ქრისტიანულ თემებზე. დარბიმ დიდი წვლილი შეიტანა ძველი აღთქმის გერმანულ ენაზე თარგმნაში.
ჯონ ნელსონი გარდაიცვალა 1882 წლის 29 აპრილს, ბორნმუთში.