მოიშორეთ ძველი საფუარი – ალექსანდრე შევჩენკო

ჩვენ წინაშე არის ჯვარი. ჩვენ წინაშე არის შესაძლებლობა, წარვდგეთ ჯვრის წინ და ყოველმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენთვის კონკრეტული საფუარი, რომელიც სადღაც იწვევს ჩვენს „გაფუებას“. ვიღაცას შური აქვს და არ შეუძლია, ამას გაუმკლავდეს. ვიღაცას უპატიებლობა, ვიღაცას შიში, ქვეყნიერებამ შემოაღწია შენში და როგორც სიმსივნის მეტასტაზები, ისე გაკავებს. შენ შეწყვიტე უფალზე დაიმედება. ეს გადაგეზარდა უკამაყოფილებასა და პრეტენზიაში, ეს არ არის ნორმალური, ეს ქვეყნიერების სულია, ქვეყნიერების ელემენტები. შენ შეგიძლია გოლგოთის ჯვართან ამ ყველაფრის დატოვება, შეგიძლია, გოლგოთის ჯვართან დატოვო ნებისმიერი ტვირთი.

მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ შეაბიჯა აღდგომის კვირეულში. ვფიქრობ, კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, რომ დედამიწის მასშტაბით დაკეტილი ყოფილიყო ყველა ეკლესია, სხვადასხვა დაწესებულება და აღდგომის კვირეული ასეთი ფორმით ჩაგვეტარებინა. მაგრამ სადღაც ღრმად, ჩემს გულში არის რწმენა იმისა, რომ ღმერთი შეარცხვენს ყველა ხელისუფლებას, ყველა ძალას, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს ეკლესიის მარცხია. რატომ ვფიქრობ ასე და მჯერა ამის?! იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, და ეს არა იმის გამო, რომ კოლექტიურად ვიკრიბებით,  არც იმის გამო, რომ ბევრნი ვართ, ან იმის გამო, რომ ერთმანეთს ვაძლიერებთ სულიერად, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სულიერი ცხოვრების და ჩვენი ძალის წყარო.

 

მესმის, როცა ერთად ვიკრიბებით და ვლოცულობთ, როცა ერთად ვცემთ თაყვანს ღმერთს, განვიცდით იმას, რასაც ღვთის თანდასწრებას, ღვთის ძალის შეგრძნებას და გამოვლინებას ვუწოდებთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ, მაგრამ ზუსტად ასე მხნევდებიან ადამიანები სტადიონებზეც. მიმაჩნია, რომ პირიქით, ასეთ დროს, როცა სახლებში, იზოლაციაში ვიმყოფებით, შევძლებთ – ვკონცენტრირდეთ შინაგან წყაროზე, ჩვენში მყოფ სულიწმიდაზე, რომელიც თითეულ ჩვენგანშია. და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ვიგრძნობთ. ამიტომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ურთიერთობა ერთმანეთთან  და გვაქვს ურთიერთობა ღმეთთან იქ, სადაც ვიმყოფებით. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ აღდგომის შესახებ, რა გვაქვს მხედველობაში?!

 

მინდა წავიკითხო, თუ როგორ იყო თავდაპირველად, როდესაც პირველად გამოიყენეს ეს სიტყვა ისტორიაში, როცა თავად ღმერთმა დააწესა აღნიშნული დღესასწაული, უპირველესად ებრაელი ხალხისთვის, ხოლო შემდგომ ქრისტიანული სამყაროსთვის. ეს დაწერილია ბიბლიის რიგით მე-2, გამოსვლის წიგნში, რომელიც მოსეს ხუთწიგნეულიდან არის. თქვენ კი გთხოვთ, რომ ყურადღებით მომისმინოთ იმის გასაგებად, თუ როგორ ხდებოდა ეს.

 

გამოსვლის მე-11 თავი: „უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს; ამის შემდეგ გაგიშვებთ ფარაონი, და არა თუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგაძევებთ აქედან. დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ოქროსა და ვერცხლის სამაკაული.“  შემდეგ ვკითხულობთ ამის შესახებ, რომ ებრაელებმა ითხოვეს ეგიპტელებისგან და ღმერთმა განაწყო მათი გული და ისინი ნამდვილად აძლევდნენ ებრაელებს მრავალ სხვადასხვა ძვირფასეულობას.  „და თქვა მოსემ, ასე ამბობსო უფალი: დაახლოებით შუაღამისას გამოვალ ეგვიპტეში. და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში; ფარაონის პირმშოდან – ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე – ხელსაფქვავს რომ უზის. მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაში დიდი მოთქმა-გოდება, რომლის მსგავსი არ ყოფილა და რომლის მსგავსიც აღარასოდეს იქნება. ხოლო ისრაელიანებს – კაციდან პირუტყვამდე – ძაღლიც არ შეუყეფს, რათა იცოდნენ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.“

 

აქ ერთ მომენტზე შევჩერდები:  ეს უბრალოდ ღვთის შურისძიება არ არის, იგი დამოკიდებული იყო ფარაონზე. ფარაონი რომ დანებებულიყო და უბრალოდ გაეშვა ღმერთის ერი, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, აქ ღმერთების ბრძოლა იყო. ფარაონს სურდა დაემტკიცებინა ებრაელებისთვის და მათი ღმერთისთვის, რომ ის მაინც მართავს და აკონტროლებს სიტუაციას. ხოლო ისრაელის ღმერთს სურდა დაემტკიცებინა, რომ ეს ასე არაა. მოსე აგრძელებს ფარაონთან საუბარს:

 

„ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება! ამის შემდეგ გავალ.’ და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული. უთხრა უფალმა მოსეს: ‘არ მოგისმენთ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი ნიშნები ეგვიპტის ქვეყანაში.’ და მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის წინაშე; მაგრამ გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან.“

 

შემდგომ მოდის მე-12 თავი. საერთოდ ვფიქრობ, რომ გამოსვლის წიგნში ის მთავარი, ცენტრალური თავია. „უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში: თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში. ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.“

 

თქვენს ყურადღებას გავამახვლებ იმაზე, რომ ყველა ეს შემდგომი ინსტრუქცია ეძლეოდა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ერს. ის ყველაფერი, რასაც მოსე საუბრობდა პასექთან დაკავშირებით, არ იცოდნენ არც ეგვიპტელებმა და არც სხვა უცხოტომელებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ იმ დროს ეგვიპტეში. ხოლო ყველაფერს, რაც იქამდე ხდებოდა, მოსე არ მალავდა, არ მალავდა ამ ინფორმაციას; საუბრობდა ფარაონის წინაშე და ყველას შეეძლო ამის მოსმენა; ყველას შეეძლო ამაზე რეაგირება და ზოგიერთები რეაგირებდნენ კიდეც. ისინი პატივს სცემდნენ მოსეს. გამოსვლის წიგნში წერია, რომ მოსეს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, არა მხოლოდ ებრაელთა შორის, არამედ ეგვიპტელთა შორისაც. მაგრამ ყველა ეს ინსტრუქცია, რომელიც პასექს და ამ საღამოს ეხება, ის ეძლეოდა მხოლოდ ღვთის ხალხს, სხვას არავის. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს ღვთისმსახურება, ეს ტრაპეზი არ ეკუთვნის ყველას. მე გავაფრთხილებდი კიდეც გარეშე პირებს, რომ ამაში ბრმად მონაწილეობის მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები ასე აკეთებენ, უსაფრთხო არაა და დღეს დაინახავთ ამას. წავიკითხავ ცალკეულ ტექსტებს, მათ შორის ახალი აღთქმიდანაც. ამრიგად, რა ინსტრუქციები დაუტოვა მოსემ ებრაელ ხალხს?

 

„და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს. ცხოველი საღი, მამალი, ერთწლიანი იყოს. ცხვართაგან ან თხათაგან აიყვანთ მას.“ 

 

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. დღეს უყურებთ ამ ტრანსლაციას, პირდაპირ ეთერს და შეიძლება ითქვას, დისტანციის მიუხედავად, რაღაც ფორმით ვხელმძღვანელობ ამ პროცესს ტექნოლოგიათა მეშვეობით. იმ დროს კი მოსე მათთან არ იყო, ამ პროცესს ვერავინ ხელმძღვანელობდა. ოჯახის ყველა თავი, ყოველი მამაკაცი, რომელიც მართავს თავის სახლს – ოჯახის მამა – პირადად თავის თავზე იღებდა ამ მისიას. ანუ ის ისმენდა ყველა ინსტრუქციას, რომელზეც საუბრობდა მოსე და უკვე დამოუკიდებლად მოქმედებდა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დღეს ხდება. ვიმეორებ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთ სიტუაციაში. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით საკუთარ სახლში და ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ეს მსახურება საკუთარ ოჯახურ წრეში ჩავატაროთ. ამაში არსებობს რაღაც… ვგრძნობ, ვხედავ, რომ ამაში არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი.

 

ჩვენ ძალიან ხშირად ვიმალებოდით სულიერი ლიდერების ზურგს უკან, მეტად პასიურები ვიყავით, თუმცა მჯერა, რომ დგება დრო, როცა ოჯახის ყოველი მამა უნდა დადგეს მთელი ძალით, აიღოს მთელი პასუხისმგებლობა და მოიქცეს ისე, როგორც იქცეოდნენ მაშინ.

 

ამრიგად, რა წერია შემდეგ: „შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა. (ამრიგად, ეს იყო ადამიანთა დახურული ჯგუფი და დახურული ტიპის ინფორმაცია) აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ. იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით (ყურადღება მიაქციეთ, ხმიადი. პური უნდა ყოფილიყო ხმიადი, ესე იგი, მასში შერეული არ უნდა ყოფილიყო საფუარი, როგორც ვუწოდებთ მას. ეს პრინციპული მომენტია, ამაზე კიდევ ბევრს ვისაუბრებთ.

 

ვიმეორებ, ეს პრინციპული მომენტია, ძალიან პრინციპული მომენტი; იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი. არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი – თავფეხიანად და შიგნეულიანად.“ შემდგომ ის იძლევა სხვადასხვა მითითებას.  „მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს.“ შემდგომ მოსემ მთელი ეს ინფორმაცია, რომელსაც თვითონაც პირველად ისმენდა, რადგან მოსე ხომ არ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს? ის ხომ არ იყო ყველა ამ მოვლენის ინიციატორი? მან უბრალოდ გადასცა ხალხს ღვთის ნება; მთელი ეს ინფორმაცია მიუტანა ებრაელ ერს; ყველაფერი თანმიმდევრულად ახსნა და როდესაც მოსე უხსნის ამ გამოცხადებას ერს – ამ თავის მე-15 მუხლში – ის აფრთხილებს: „შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუვრიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან – ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.“  შემდგომ ის რამდენჯერმე იმეორებს, მაგალითად, მე-19 მუხლში: „შვიდ დღეს არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი, რადგან ვინც კი საფუვრიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან: როგორც მდგმური, ისე ქვეყნის მკვიდრი. საფუვრიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ.“ ერთ-ერთ თარგმანში საერთოდ წერია: „მოიკვეთება ასეთი ადამიანი ისრაელის საზოგადოებიდან.“

 

ჩვენთვის არაა გასაგები ღმერთის ყველა მითითება, ვიტყოდი, რომ ბევრი მათგანი გაუგებარია. აქ ის არც კი ცდილობს მათ ახსნას. რა აზრი აქვს ასეთ კატეგორიულობას?! პრინციპულადაა დასმული საკითხი, საფუარი ცომში არ დაუმატოთ. თუ ამას გააკეთებთ, მოიკვეთებით ისრაელის საზოგადოებიდან. ამ დღესასწაულის დღეებში ამის გაკეთება არ შეიძლება. და ის დარჩა ებრაულ ტრადიციებში დღემდე, დარჩა ძალიან კატეგორიულად, პრინციპულად. ადამიანები თავიანთ სახლს ათავისუფლებენ ყოველგვარი საფუვრიანისგან.

 

მსურს, ცოტა ხანს შევჩერდე და ავხსნა რამდენიმე მომენტი, თუ რა გვაქვს მხედველობაში, როცა საფუარზე ვსაუბრობთ. ინფორმაცია ამოღებული მაქვს სხვადასხვა სტატიიდან, ენციკლოპედიიდან: საფუარი – ეს არის რძემჟავა ბაქტერია, მიკრობიოლოგიური ან ბაქტერიული შემადგენლობის, რომელიც პურის ცომის გაფუებას იწვევს. ეს გახლავთ ის, რაც პურს ხდის გემრიელს. ეს ისაა, რაზეც დიასახლისი ამბობს: პური აფუვდა. და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ცომში არის საფუარი. ეს არის მჟავე ცომი, რომელშიც არსებობს საფუარი. ცნობილია ისეთი საფუარიც, რომელიც ძველ საცხობებში ინახება 200 წლის განმავლობაში. მას კვებავენ, გამუდმებით უვლიან.

 

ერთხელ, ბალტიისპირეთში მსგავს დიდ, ცნობილ საცხობში ვიყავი. მაჩვენეს დაკეტილი კასრები, რომლებიც ინახებოდა გარკვეულ ტემპერატურაზე და შესაბამის სინათლეში, იქ ბნელოდა. ისინი ამ საფუარს ასწლეულობით თუ არა, ათწლეულობით მაინც ინახავდნენ. ის აძლევს პურს გარკვეულ სუნს, არომატს, მოცულობას, გემოს. ამიტომ ჯერ კიდევ იმ დროს, ეგვიპტის დროიდან საფუარი ინახებოდა, ადამიანები იღებდნენ მცირე საფუვრიან ცომს, ურევდნენ ახალ მასაში  და ის იწყებდა აფუებას. ცომი ფუვდებოდა და პური ხდებოდა საუცხოო, გემრიელი და ამგვარად ადამიანები იღებდნენ სიამოვნებას.

 

ამრიგად, ისტორიული ჭვავის საფუარი მზადდებოდა ცომის ნარჩენებისგან და წარმოადგენდა ძირითად კომპონენტს ცომის ასაფუებლად. მხოლოდ მე-19 საუკუნეში ბიოლოგებმა შეძლეს, მიკროსკოპის საშუალებით დაენახათ მასში საფუვრის უჯრედები, სწორედ ის ბაქტერიები.  რაც შეეხება ებრაულ ტრადიციებს, სიტყვა „ხამეც“ ებრაულად ნიშნავს ნებისმიერ ფქვილიან კერძს, მათ შორის პურს, რომლის მომზადებისას ცომში მოხდა აფუების პროცესი. ბუნებრივად ეს პროცესი ხდება წყლისა და ფქვილის შერევით. მაგრამ ამას აქვს თავისი პროცედურა 3-5-დღიანი: თავდაპირველად მას ცუდი სუნი აქვს, შემდგომ ეს აფუება წყდება და ბოლოს ვიღებთ იმას, რასაც ვეძახით საფუარს. მას ინახავენ. მცხობლები ცომში ამატებენ დაძველებული ცომიდან მიღებულ საფუარს, რომელმაც უკვე საფუძვლიანად მოასწრო დამჟავება. ამიტომ, თორა დღემდე და მაშინაც, იმ ღამიდან მოყოლებული, კრძალავს საჭმელად ყველაფრის გამოყენებას, რაც საფუვრიანია, ნებისმიერი ცომეულის. ეს იმდენად კატეგორიულია, როგორც თავად მოისმინეთ, რომ ასეთ ადამიანს აძევებდნენ ებრაული საზოგადოებიდან. მას არ შეეძლო ამ საზოგადოებაში დარჩენა.

 

ახლა, როდესაც ვსაუბრობთ და ვცდილობთ სულიერი არსის გაგებას, რადგანაც ეს ჩვენთვის ნიმუში იყო და ღმერთი მათში გარკვეულ არსს დებდა ცალსახად.

 

ეს არ არის სიტყვების თამაში, ეს არ არის ღმერთის მხრიდან უბრალო ახირება და რაღაც უცნაური წესები. ის კონკრეტულად დებდა გარკვეულ არსს იმაში, რასაც ებრაელი ხალხისგან ითხოვდა და რასაც დღეს ჩვენგან ელოდება.

 

1-ლი კორ. მე-5 თავში დაწერილია ტექსტი, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად: „არ შეგფერით კვეხნა.“ ეს უკვე ახალი აღთქმაა, პავლე მოციქული უკვე წერს ჩვენთვის – ქრისტიანებისთვის გასაგებად; და წერს იმავე სააღდგომო ტრაპეზის შესახებ: „ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?“ განა ეს თქვენთვის სიახლეა? არ იცით ამის შესახებ, რომ თუ მოხვდება ახალ ნარევში ცოტაოდენი საფუვრიანი ცომი, ის მთლიანი ცომის აფუებას გამოიწვევს. ნუთუ ეს არ იცით?! „განწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც ხმიადები ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენ გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუვრით, – და აქ ის აზუსტებს, თუ რას გულისხმობს კონკრეტულად ძველ საფუარში – არა ბოროტებისა და უკეთურების საფუვრით, არამედ სიწმინდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.“

 

სანამ შევეცდები ამის ახსნას, წავიკითხავ კიდევ ერთი თარგმანიდან ზუსტად ამავე ტექსტს, ჩაუფიქრდით: „საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუვრით, არა უკეთურებისა და უწმინდურების საფუვრით, არამედ სიწმინდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.“  პავლე მოციქული ცდილობს ჩვენამდე გარკვეული აზრის მოტანას. კონკრეტულად კი ამბობს, რომ თქვენ უფუარნი ხართ, რომ ქრისტემ თავისი მსხვერპლით სულიწმიდის მეშვეობით გაგათავისუფლათ ამ ბაქტერიებისგან. თქვენმა ახალმა არსმა, თქვენმა ახალმა ბუნებამ გაიარა განწმენდის გარკვეული პროცესი. თქვენი შინაგანი, თქვენი სული, თქვენი დნმ განიწმინდა ამ ინფექციისგან, რომელიც არსებობს მთელ სამყაროში. თქვენ გამოყოფილი საზოგადოება ხართ, თქვენ გამოყოფილნი ხართ, მაგრამ რადგანაც ცხოვრობთ იმავე ძველ გარემოცვაში, რისკი რჩება. შეიძლება ისევ საფუვრიანი გახდეთ იმ რაღაცებით, რასთან ერთადაც ცხოვრობენ ჩვეულებრივად ადამიანები. ამრიგად, ეს ძალიან კონკრეტული წყალგამყოფია ადამიანთა ორ ბანაკს შორის, ორ საზოგადოებას შორის. ეს გამყოფი უფრო მკაფიო ხდება, როგორც კი ვუახლოვდებით სააღდგომო ტრაპეზს. რადგანაც ებრაელები ჭამდნენ ჩვეულებრივ საფუვრიან გემრიელ პურს, რომელსაც ყოველთვის ყველა იყენებდა, ხოლო პასექის კვირაში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება.

 

ჩვენც სწორედ ასე ვცხოვრობთ, ბევრ რამეს ვეხებით, ვურთიერთობთ. მაგრამ როგორც კი ვუახლოვდებით ამ დღესასწაულს და მასში უშუალოდ მონაწილეობას, უნდა მოხდეს განწმენდა. ეს იყო სახლების განწმენდა, ჩვენს შემთხვევაში კი გულების გაწმენდა, ჩვენი სინდისის განწმენდა – ეს პირდაპირი მნიშვნელობით უნდა მოხდეს. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, როგორ ხდება ეს პრაქტიკულად. 

 

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ განწმენდა ხდება უშუალოდ პურის და ღვინის, როგორც უფლის სისხლისა და ხორცის მიღებისას. ეს ძალიან არასწორი და მცდარი გაგებაა იმისა, თუ როგორ ვიწმინდებით. ჩვენ უკვე ვართ განწმენდილნი. ქრისტემ უთხრა მოწაფეებს – თქვენ უკვე წმინდა ხართ. უკვე ვახსენე, რომ ჩვენ განწმენდილნი ვართ სიტყვის მეშვეობით, განწმენდილნი ვართ სულიწმიდასთან ურთიერთობის მეშვეობით. მაგრამ რამდენადაც ვუახლოვდებით ზიარების მსახურებაში მონაწილეობას, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ამგვარად მოვიხსენიებ ხოლმე ზიარებას – უნდა მოხდეს განწმენდა. თუ ის არ მომხდარა იქამდე, მერე უკვე გვიანია ამაზე საუბარი. გვიანია დაიმედება იმაზე, რომ ამაში მონაწილეობის მიღების მომენტში  ჩვენ განვიწმინდებით. პირიქით, თუ არაფერს არ მოვიმოქმედებთ ღვთის წინაშე განწმენდის თვალსაზრისით, ჩვენ სერიოზულ რისკზე მივდივართ – პასუხი ვაგოთ ამისთვის  ჩვენი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით. მე ეს არ მომიგონებია. თქვენ ამას ხედავთ ძველი აღთქმის საფუძველზე და მე ახლა გაჩვენებთ, რომ იგივე ემართებათ ადამიანებს ახალ აღთქმაშიც. სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდა მოციქული პავლე. როცა ვსაუბრობთ საფუარზე, მინდა უფრო ნათლად, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ მასზე.

 

მსურს, ცოტა ხნით შევჩერდე ტოლერანტობის, მოთმინების, თავმდაბლობის თემაზე. რასაც დღესდღეობით ეთიკას, აღზრდას ვუწოდებთ. ჩვენ თითქოს თავს ვიმდაბლებთ, ბოდიშს ვიხდით, განსაზღვრებას ვაძლევთ ბევრ რამეს ჩვენ ირგვლივ. ეს კარგია და მართებულია. ჩვენ ცივილიზებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფერი იმდენად აირია ერთმანეთში, ყველაფერმა იმდენად ძლიერ შეაღწია უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეცნობიერში! მიუხედავად იმისა, რომ ეს უცხო სხეულია, ეს საფუარია ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით. ავხსნი ახლა, თუ რას ვგულისხმობ.

 

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ტოლერანტობა, როგორც ტერმინი ძალიან მრავალმხრივია და ტოლერანტობა, როგორც მდგომარეობა შეიძლება არსებობდეს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: სოციოლოგიაში, ეკოლოგიაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, მუსიკაში. მე თავად არ ვიცოდი ამის შესახებ და ძალიან გაკვირვებული ვიყავი.

 

მინდა, წაგიკითხოთ მეცნიერული ახსნა იმისა, თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა, ასე ვთქვათ, შეწყნარება ან მოთმინება. მაგალითად, ტოლერანტობა სოციოლოგიაში: ეს არის მოთმინება, ეს გახლავთ სხვისი ცხოვრების წესის, სხვისი ქმედების, ჩვეულების, აზრების, იდეების, რწმენის მშვიდად, მტრობის გარეშე აღქმის უნარი. ანუ სხვისი კულტურის, სხვისი მოსაზრებების, სხვისი რწმენის, ცხოვრების წესის არსებობის უფლების აღიარება. ასე რომ, ეს კარგია თუ ცუდი?! ვფიქრობ, კარგია. ყველას აქვს უფლება – იცხოვროს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, სწამდეს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია. აი, ეს არის ტოლერანტობა. ადაპტირების უნარი და შეგუება იმასთან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მრავალკულტურულ საზოგადოებაში.

 

რაც შეეხება ტოლერანტობას  ეკოლოგიაში: ეს არის ორგანიზმების შესაძლებლობა – იცხოვრონ და განვითარდნენ გარემო პირობების ფართო დიაპაზონში. ფაქტობრივად, ეს არის არსებობასთან შეგუება ცხოვრებისთვის არახელსაყრელ პირობებშიც კი. ეს უკვე საშიშია. ამრიგად, ეკოლოგიაში ტოლერანტობა – ეს არის ადაპტაცია იმ გარემოსთან, რომელიც პოტენციურად საშიშია, საშიშია ფილტვებისთვის, საშიშია საკვები პროდუქტებიც… მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ჩვენ ირგვლივ სულ ასეთი საკვები პროდუქტებია?! რის გაკეთებას გვთავაზობთ? როგორ ვიცხოვროთ? ორგანიზმი ეჩვევა, ადაპტირდება, ადაპტირდება, ადაპტირდება – აი, ეს არის ტოლერანტობა ეკოლოგიაში. მაგრამ აი, რა გახლავთ მნიშვნელოვანი ჩვენსა და ჩვენს რწმენასთან მიმართებით: თავად ტერმინი „ტოლერანტობა“ არის სამედიცინო წარმოშობის. შეხედეთ, ტერმინი აღებულია ტრანსპლანტოლოგიიდან, ანუ როცა ადამიანს გადაუნერგავენ ორგანოს და მნიშვნელოვანია, რომ უცხო ორგანო დამკვიდრდეს სხეულში, ხომ ასეა?! სხვისი უცხო ორგანო უნდა დამკვიდრდეს ჩემს სხეულში.

 

ტერმინი „ტოლერანტობა“ წარმოიშვა სწორედ აქედან. რას ნიშნავს ის?! ეს არის ჩემი ორგანიზმის უუნარობა, გაარჩიოს უცხო ორგანოები. წესით, ჩემმა ორგანიზმმა უნდა გარიყოს უცხო ელემენტები, უცხო ორგანოები. მაგრამ ტოლერანტობა, რომელიც სამედიცინო ტერმინია, არის ჩემი ორგანიზმის უუნარობა – გაარჩიოს საკუთარი ორგანოები უცხოსგან. ასეთი მდგომარეობა მიიღწევა შხამიანი ნივთიერებების მეშვეობით ჩემი ორგანიზმის იმუნური სისტემის თანდათანობითი დასუსტებით. გავიმეორებ, თუ როგორ აღწევენ ისინი ამ მდგომარეობას, ანუ ტოლერანტობას. ეს მიიღწევა ჩემი ორგანიზმის იმუნური სისტემის თანდათანობითი დასუსტებით შხამიანი ნივთიერებების მეშვეობით.

 

ამრიგად, იმუნური სისტემის ეფექტიანობას ნულამდე აქვეითებენ. ჩემი ორგანიზმი წყვეტს წინააღმდეგობას და მათ ჩემი სისტემა მოჰყავთ აპათიისა და უგრძნობლობის მდგომარეობაში. ამიტომ, მედიცინაში სრული ტოლერანტობა არის სიკვდილი. ეს დგება მაშინ, როცა შენი ორგანიზმი საერთოდ არ ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება.

 

ახლა კი, როცა ვსაუბრობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, ჩვენც სხეული ვართ ქრისტესი. მაგრამ ირგვლივ უამრავი უცხო რამაა, რომელიც ცდილობს ჩვენს გარემოში შემოღწევას. მესმის, რომ ადამიანები ამ პრობლემას სრულიად სხვადასხვა გზით ჭრიან, ზოგიერთები უპირატესობას ანიჭებენ იზოლაციას, მკაცრ იზოლაციას, სრულ ცელიბატს, არანაირი საქორწინო კავშირი. ადამიანები დებენ უქორწინობის აღთქმას, დუმილის აღთქმას, სიღარიბის აღთქმას, რომ არ ჰქონდეთ არანაირი ცდუნება, არანაირი მიკრობი, არანაირი ბაქტერია, რათა მათ არ შემოაღწიონ გულში.  ადამიანები მიდიოდნენ მონასტრებში, მისდევდნენ ცხოვრების  მკაცრ, ასკეტურ წესს. მწირად იკვებებოდნენ, ეძინათ ნოტიო ნიადაგზე, ატარებდნენ ჯაჭვებს, ქვებს, სიმძიმეებს – ფიზიკურად ფიტავდნენ საკუთარ სხეულს, რომელიც ითხოვს კომფორტს, გემრიელ საკვებს, ითხოვს ყურადღებას, ზრუნვას.

 

ეს უბრალოდ გასაოცარია, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ამ პრობლემას ადამიანები ისტორიის განმავლობაში და წრფელად რომ ვთქვა, მე ამ ადამიანებს რაღაც კუთხით პატივს ვცემ. იმიტომ, რომ მათ შესანიშნავად ესმოდათ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ვნებები. შენ მათ ოდნავ გამოკვებავ და აი, ეს „მხეცი“ დაიწყებს ზრდას. ის უფრო მეტად და მეტად მოითხოვს საკვებსაც, ყურადღებასაც, ვნებებსაც და სიმაყესაც. შემდგომ კი ამ „მხეცს“ გალიაშიც ვერ მოათავსებ. შენ მის შეჩერებას ვეღარ მოახერხებ ვერც ლოგიკით, ვერც სიკვდილის შიშით, ვერც დასჯის შიშით. ადამიანი უკვე სრულიად უგუნურ ქმედებებს სჩადის, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, ის უკვე ვეღარ  უმკლავდება, მას უკვე გონება და აზრი აღარ უჭრის. ადამიანები საკუთარ თავს შთააგონებენ, ჰპირდებიან საკუთარ თავს, რომ ამას აღარ გააკეთებენ და მაინც აკეთებენ – ეს არის ცოდვის მონობა. „ვინაიდან, ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.“

 

ამრიგად, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ადამიანების უუნარობაზე, შეეწინააღმდეგონ უცხოს, რასაც მოაქვს სიკვდილი. ამიტომ მოციქული პავლე ამბობს: განიწმინდეთ ძველი საფუვრისგან, თქვენ უფუარნი ხართ. თქვენ ქრისტემ გაგათავისუფლათ. ნუ მისცემთ უფლებას მას, დაბრუნდეს. ის საფუვრიანს გახდის თქვენს ურთიერთობებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ცნობიერებას… თქვენ ტოლერანტები გახდებით. რაღაცებზე შეიძლება ძლიერ რეაგირებდით და აღარ იცოდით, როგორ მოქცეულიყავით, თუმცა…

 

გამოგიტყდებით ერთ რამეში, დღეს ეს ალბათ რაღაც გაუგებარ და უცხო რამედ ჩანს, მაგრამ რასაც ახლა გეტყვით, აბსოლუტური სიმართლეა. მე სოფელში გავიზარდე. დავამთავრე 9 კლასი სოფლის სკოლაში. იქ ცხოვრების მთელი დროის განმავლობაში, მახსოვს, ალბათ ერთხელ ან ორჯერ ვნახე, როგორ კოცნიდა ბიჭი გოგოს. აი, ასეთ მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობდით.  ისიც შემთხვევით მოხდა, როცა საპირფარეშოს უკან ვიღაცები კოცნიდნენ ერთმანეთს, ან ეწეოდნენ. ხოლო როცა ჩვენ გადმოვედით შეერთებულ შტატებში, გავაანალიზე, რომ სკოლაში, რომელშიც მე დავდიოდი, რეალურად არ კრძალავდნენ ამის გაკეთებას. მოსწავლეებს ჰყავდათ მეგობარი გოგოები, ბიჭები და თავისუფლად შეეძლოთ ამის გაკეთება, რასაკვირველია, რაღაც დონემდე, მაგრამ, რეალურად, ეს არ იყო აკრძალული. მახსოვს, მესამე თუ მეოთხე დღეს უბრალოდ გავიქეცი სკოლიდან. ვერ გავუმკლავდი ჩემს ემოციებს. არ ვიცოდი, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა. ჩემი შინაგანი ადამიანი პრაქტიკულად ვერ აღიქვამდა ამას. მე არ შემეძლო ამ გარემოში ყოფნა. რა თქმა უნდა, დღეს ეს სასაცილოდ ჩანს, იფიქრებთ: „შენ ალბათ ველური იყავი“,  შეიძლება კი, როგორც მაუგლი ტყიდან, მაგრამ შემდგომ შევეჩვიე. შევეჩვიე, იმიტომ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. ყველა ასე ცხოვრობდა.

 

დღეს იმაზე ვსაუბრობ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონა. გასაგებია, რომ არის შავი და თეთრი ზონა. ის ბიბლიაში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული. მაგრამ არის ბევრი ისეთი რამ, რომლებიც არ შეგიძლია ნათლად ახსნა. ადამიანები მოდიან და მეკითხებიან: „სად წერია კონკრეტულად, მიმითითე ტექსტი ბიბლიაში, სადაც წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.“ მე, როგორც ხუცესი, ვიბნევი, ნამდვილად არ შემიძლია, გადავშალო ბიბლია გარკვეულ გვერდზე და ვანახვო:  „აჰა, წაიკითხე!“  არ შემიძლია. არსებობს კონკრეტული საკითხები: „არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო.“ – აქ ყველაფერი გასაგებია. ადამიანები ამ შეკითხვებს არც სვამენ. მაგრამ არის ბევრი რამ, ბევრი საკითხი, რომლებსაც, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, „მივყავართ დაცემისკენ.“ მაგრამ ისინი წარმოადგენენ ნაცრისფერ ზონას, სადაც ადამიანები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას გარკვეული რაღაცების კეთების, იმიტომ, რომ არ არსებობს მათზე პირდაპირი აკრძალვა. მაგრამ ისინი ქვეყნიურია, ისინი თავიანთ საფუძველშივე წარმოადგენენ ავხორცობას, როგორც იაკობმა დაწერა: „გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილს შობს.“ 

ჩადენილი ცოდვა ეს უკვე გარკვეული აქტია. ხოლო საწყის სტადიაზე ის უბრალოდ ცომის აფუებას ჰგავს…  ფიქრები, ფანტაზიები. ადამიანს, ფანტაზიაში, სადაც სურს, იქ წავა, თუნდაც სხვა პლანეტაზე. მისი გაკონტროლება ხომ არავის შეუძლია. აი, რა არის საინტერესო: 1-ლი ტიმ. 5:24 წერია: „ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.“

 

ამრიგად, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ეს პროცესია, რომელიც უსათუოდ მისი დაცემით დასრულდება. დააკვირდით, „შედეგი“ არის ის, რასაც ადამიანი მიიღებს ბოლოს, ის, რაც ცხადი ხდება ბოლოს. ახლა საშიში არაფერია, ახლა მას ცოდვასაც ვერ უწოდებ, რადგანაც არ არსებობს პირდაპირი სახელდება, რომ ეს ცოდვაა. ახლა საერთოდაც ცდილობენ, სიტყვა „ცოდვა“ სულაც ამოიღონ ბიბლიიდან. მის ნაცვლად იყენებენ სიტყვებს: „შეცდომა“, „მიზანს აცდენა“, „ადამიანის არასრულყოფილება“ და ასე შემდეგ.  შეხედეთ, იგავთა 23:31: „ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს; ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს.“ იმწამს არაფერია საშიში, და ბიბლიაში ნამდვილად არ არის ამის კატეგორიული აკრძალვა, მაგრამ ბოლოს მიხვდები, რომ ვერ აკონტროლებ შენს ქმედებებს, დაკარგე საღად აზროვნების უნარი, შეგიძლია საშინელი ქმედებების ჩადენა…

 

კიდევ ერთი ტექსტი, რომელიც კონკრეტულად შედეგს უკავშირდება. ეს არის იგავების 20:21:  „თავიდან უმართლობით შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება.“  ახლა თითქოს ისეთი გარიგება აწარმოე, ისეთი განწყობა გაქვს – ფიქრობ, საერთოდ როგორ გამოვიდა ეს. თავად გიკვირს, როგორ მოახერხე ყველას მოტყუება, როგორ მოხერხდა ყველა საბუთის მოგვარება?! როგორ გამოვიდა ეს ყველაფერი! მაგრამ იცოდე, „თავიდან უმართლობით შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება.“  მაინც არსებობს კანონები და როგორც ნათქვამია – „ავის მთესველი ავს მოიმკისო…“  ასე არ ხდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად და კარგად იყოს… არ ხდება ასე.

 

მოციქული პავლე წერს: „ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ასე არ ხდება. როდესაც ადამიანი თესავს, ის არ ფიქრობს მოსავალზე. ის ახლა კარგადაა. მან ახლა გაიმარჯვა. მას ამოძრავებს წუთიერი სარგებელი და სიამოვნება. ის არ ფიქრობს, რა იქნება ამის შედეგი. ამიტომ მე ამას ვუწოდებ ნაცრისფერ ზონას, საკმარისად საშიშ ზონას, სადაც მოიპოვება ის ბაქტერიები, რომლებიც მეტად და მეტად საფუვრიანს გვხდის და არასწორი ქმედებისკენ გვიბიძგებს.

 

ცოტა ხნის წინ მივიღე წერილი, რომელშიც ერთი ადამიანი მეუბნება: „ალექსანდრე, რა დამოკიდებულება გაქვთ Comedy Club-ის ყურებაზე?“ ვიღაცამ არ იცის, ეს რა არის, ვიღაც კი ამას თვალს არ აშორებს, გამუდმებით ამას უყურებს. მეც არ ვიცოდი და დღესაც ზუსტად არ ვიცი, რა არის ეს. მე მიყვარს იუმორი. მივხვდი, რომ ეს დაკავშირებულია იუმორთან. რამდენიმე სცენას ვუყურე და დავინახე, რომ აქ ახალგაზრდები უბრალოდ ოსტატურად ახალისებენ სხვებს, ყურადღებას იქცევენ. ვიმეორებ, მე მიყვარს იუმორი, მომწონს გახალისება, თუ ეს გონებამახვილურია, ღრმად ჩამწვდომი. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა საკითხი დგას. იქ არსებობს უხამსობის ელემენტი, ღია უხამსობა. არ ვიცი, თქვენ როგორ ხართ. ჩვენ, ოჯახი, დღემდე, როცა ვუყურებთ ფილმს, ვმსჯელობთ. თუ მასში არის უცენზურო ლექსიკის შემცველი ელემენტები, თავს ვიკავებთ მისი ნახვისგან. მე თავს ვიკავებ, თუ ასეთ ფრაგმენტს ვუყურებ ან ვიდეორგოლს, სადაც არსებობს ასეთი რამეები. დღემდე ასე ვარ მიჩვეული, რომ არ მსურს, ჩემს ყურს მსგავსი რამ ესმოდეს. ალბათ მეტყვით: „შენ უცნაური ხარ, ეს უკიდურესობაა. ალბათ ბევრი სხვა ადამიანის გარემოცვაში არ მუშაობ, შენ მოგწონს უკიდურესობაში ყოფნა.“  შეიძლება ასეცაა, შეიძლება. არ მინდა, ჩემი თავი მოვიყვანო მისაბაძ მაგალითად, იმიტომ, რომ ცხოვრებაში მართლაც სრულიად განსხვავებული ადამიანების გარემოცვაში შეიძლება მოგიწიოთ მუშაობა. თქვენი მესმის და თანაგიგრძნობთ ამაში. მაგრამ მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ მაჩუქეს ერთხელ წიგნი, საიუბილეო გამოცემა, ძვირფასი ყდით. მე მიყვარდა ლიტერატურის კითხვა.

 

მახსოვს, მაშინ, როცა დაქორწინებული არ ვიყავი, ვკითხულობდი ამ წიგნს, სახლში ტახტზე ვიწექი. მივედი იმ მომენტამდე, სადაც აღწერილი იყო რომანტიკული, სასიყვარულო სცენა. ის გრძელდებოდა შემდეგომ და შემდგომ, და შენ ეფლობი რომანში. უკვე მიჩვეული ხარ გმირებს, ნაწილობრივ უკვე მათი ცხოვრებით ცხოვრობ. მაგრამ მესმოდა, რომ არსებობს რაღაც ეთიკა, რაღაც საზღვარი ამაში.  ხომ არ შეგიძლია, სრულებით ღიად აღწერო ეს სცენები?.. მე იმ მომენტისთვის არც კი ვიცოდი, რომ არსებობს უამრავი ლიტერატურა, რომანები, სადაც ღიად არის აღწერილი სქესობრივი აქტი. მაგრამ ის ისეა აღწერილი, იგივეა, რომ პორნოგრაფიას უყურებდე. მე იმ მომენტისთვის ეს არ ვიცოდი, საკმარისად ზრდასრული ვიყავი და როცა დავიწყე ამის კითხვა, მსუბუქი კანკალი ამიტყდა, დამეწყო ძლიერი ბრძოლა – როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მესმოდა, რომ თუ ავტორი საკუთარ თავს აძლევდა იმის უფლებას, აღეწერა ეს სცენები ასე ღია ფორმით, ალბათ, შემდგომშიც დაშვებული იქნებოდა ეს ამ წიგნში. იმწამს ვიფიქრე: გამოვტოვებ ამ მომენტს, გავაგრძელებ რომანის ისტორიის კითხვას, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ასეთი ჟანრია. ეს ასეა მიღებული. ალბათ ავტორი თავს ამის უფლებას აძლევს. კარგად მახსოვს, როგორ ავდექი, დავხურე ეს წიგნი და ვთქვი: „უფალო, არ მსურს, შემოვუშვა ეს ჩემს ცხოვრებაში. მე არ მსურს ეს.“

 

ადამიანურად, რასაკვირველია, ის აღმიძრავდა გრძნობებს, გარკვეულ ცნობისმოყვარეობასაც მიღვიძებდა. ცხოვრებაში არასდროს მქონია სექსუალური გამოცდილება მანამდე და არც მერე, ქორწინებამდე. მესმოდა, რომ სერიოზულ ზღვართან ვიდექი: შემოვუშვებ თუ არა ამ „ბაქტერიებს“, მოიცავს თუ არა ისინი ჩემს ცნობიერებას. მახსოვს, გავედი ეზოში, თავი ავხადე ნაგვის ურნას და უბრალოდ გადავაგდე ეს წიგნი ლოცვით და ვთქვი: „უფალო, მე არ მინდა, ოდესმე დავუბრუნდე ამას.“  რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრი ცდუნებაა დღემდე, მით უმეტეს ასეთ დროს, ინტერნეტის ეპოქაში. ყველაფერი მესმის, ზრდასრული ადამიანი ვარ, მაგრამ დღემდე მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა მოვიშოროთ საფუარი, რომელიც საფუვრიანს გვხდის და როგორც ადრე ვთქვი, უპირველესად ის ამას ჩვენს ცნობიერებაში აკეთებს, ჩვენს თავში.

 

მოდი, ვილოცოთ ერთად, რომ ღმერთმა თავისუფლება მოგცეს. რათა შენმა სულმა ისევ გაიხაროს, რათა საფუვრისგან გაგათავისუფლოს, რომ ლოცვაში უბრალოდ მოინანიო და თქვა: „მე ამ უხამსობის ყურებას არ ვაპირებ. არ წავიკითხავ უცენზურო ანეგდოტებს, არ მოვუსმენ მათ, ამას არ გავაკეთებ.“ მით უმეტეს, ჩვენი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოახლოებისას.

 

კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი და ჩვენ დავასრულებთ ამ მსახურებას. კიდევ რა გარემო ან სფერო არსებობს, რისი დაინფიცირებაც შეიძლება? რუსულ თარგმანში გამოყენებულია შემდეგი სიტყვები: „მზაკვრობისა და მანკიერების საფუარი.“ რატომ იყენებს პავლე ამ ორ ტერმინს ერთად? დაფიქრდით… მზაკვრობა და მანკიერება. ის, რომ მზაკვრობა უკვე მანკიერებაა, გასაგებია. მაგრამ არსებობს გარკვეული ფორმის ან გარკვეული სახით გამოხატული მანკიერება, თუმცა გვერდით დგას მზაკვრობა. ანუ, მზაკვრობა არის უნარი – გაამართლო მანკიერება და შეიწყნარო იგი. მე ვგრძნობ შორი მანძილიდანაც კი, რომ ზოგიერთი ადამიანი არ იღებს და არ ეთანხმება იმას, რასაც ახლა ვსაუბრობ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს უკიდურესობაა, რომ „შენ უკვე ზედმეტად ყველაფერს ეკიდები, შარს უდებ და მიზეზებს ეძებ, ჩვენ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.“ – მაგრამ მე ამას არც უარვყოფ.

 

ვიმეორებ, არ მსურს, ეტალონი ვიყო, მსურს, რომ ბიბლია იყოს ეტალონი. მაგრამ რატომ წერია: „მოიშორეთ მზაკვრობისა და მანკიერების საფუარი“? იმიტომ, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ, თავად გავიმართლოთ თავი, ნაცვლად იმისა, რომ ღმერთში ვეძებოთ ჩვენი გამართლება. ეს ყველა ადამიანის მარადიული მანკიერებაა ოდითგანვე. ჩვენ მივეჩვიეთ, თავად გავიმართლოთ თავი, ახსნა მოვუძებნოთ, შევიწყნაროთ და გავამართლოთ რაღაცები. თუ გინდა, რომ თავად გამართლდე, მაშინ ატარე შენი თვითსიმართლე. მაშინ იყავი მართალი შენით და შენი თავისთვის. მაგრამ თუ გინდა ღვთიური სიმართლე, აღიარე მანკიერებად ის, რასაც თავად ღმერთი უწოდებს მანკიერებას. მიდი ჯვართან და თქვი: „შევცოდე, არასწორად მოვიქეცი. მჭირდება შენი სისხლი, მჭირდება შენი პატიება. უარს ვამბობ იმაზე, რასაც ვაკეთებდი, ვკითხულობდი, ვუყურებდი, ვფიქრობდი და ა. შ.“ მაშინ მოდის ღვთისგან გამართლება, ხოლო სხვაგვარად ჩვენ თავად ვმართლდებით. აი, ეს არის ფარისეველთა საფუარი, ალბათ ყველაზე გავრცელებული საფუარი ნებისმიერ რელიგიურ წრეში.

 

მინდა ვთქვა, რომ ორმაგი სტანდარტებით ცხოვრებასთან ადაპტირება არის დიდი მანკიერება ნებისმიერი რელიგიური სისტემისთვის, მათ შორის ქრისტიანობისთვის. თვალთმაქცობა ეს ორმაგი სტანდარტია. ამიტომ ქრისტე ეუბნება მოწაფეებს: „ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.“ თვალთმაქცობა, ძვირფასო მეგობრებო.

 

წავიკითხავ ტექსტს გალატელთა მიმართ წერილიდან: „როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო.“ ხალხმა ჩურჩული დაიწყო პეტრეზე. „ვინაიდან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ისე, რომ, თვით ბარნაბაც – პავლეს მეგობარი, თანამსახური –  ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.  პავლეს რომ არ აღმოეფხვრა ეს საფუარი, პავლე წინ რომ არ აღდგომოდა პეტრეს ყველას წინაშე, წარმოსადგენადაც კი საშინელებაა, თუ რაში გადაიზრდებოდა აი, ეს საფუარი. რა მასშტაბებს მოიცავდა ეს თვალთმაქცობა…  ეს მანკიერებაა, ეს საფუარია, ის ყველაფერს აფუებს. ის ვრცელდება. თუ პეტრე ამას აკეთებს, მისი გარემოცვა ამას აკეთებს და ბარნაბაც იმავეს აკეთებს, პავლეს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ როგორღაც ადაპტირებულიყო და ტოლერანტული გამხდარიყო სხვადასხვა შეხედულების მიმართ და აი, ასე ევლო ცხოვრებაში მაგრამ პავლეს ეყო სიმამაცე, რომ ეთქვა პეტრესთვის: „შენ არ ხარ მართალი. ასე არ შეიძლება!“ და გაეთავისუფლებინა ამ საფუვრისგან ადრეული ეკლესია.

 

ბოლოს კი, აი, ისიც, რასაც აქვს პირდაპირი კავშირი ჩვენთან. შეხედეთ, რა წერია 1-ლი კორინთელთა მე-11 თავში, ცნობილ თავში, რომელიც ეძღვნება ზიარების მსახურებას. 26-ე მუხლიდან: „ყოველთვის, ყოველთვის“, მათ შორის ამჯერადაც, „როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მის მოსვლამდე. ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. მაშ, გამოცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისიდან სვას. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. ამიტომ თქვენ შორის ბევრია უძლური, ბევრი – სნეული, და ბევრიც კვდება. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.“

 

პავლე მოციქული ძალიან გაბედულად განაცხადებს, რომ ადამიანები ავადმყოფობენ და იხოცებიან კიდეც ამ მსახურების მიმართ დაუდევარი მოპყრობის გამო. როგორც უკვე ვთქვი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ეს მსახურება სხვა შემთხვევაა, აქ შეიძლება ცეცხლთან თამაში გამოგივიდეთ. აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგიძლიათ, იღებდეთ ზიარებას, ღმერთთან აღთქმაში რჩებოდეთ და განიცდიდეთ  სიცოცხლეს, აღდგომას, განკურნებას, გამარჯვებასა და სიხარულს. მაგრამ შეიძლება „თქვენსავე განკითხვას სვამდეთ“, იმიტომ, რომ ამას უღირსად აკეთებთ. მომისმინეთ, ჩვენ ყველანი უღირსნი ვართ. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, გავამართლოთ ის, რასაც ღმერთი განიკითხავს. ამიტომ ახლა ჩვენ ლოცვას აღვავლენთ უფლის წინაშე. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, გათავისუფლდე ძველი საფუვრისგან. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, თქვა: „უფალო, მე არასწორად ვიქცევი, დამნაშავე ვარ შენი სიტყვისა და შენ წინაშე. მაპატიე. მსურს, რომ  ხელი გამოვიწოდო, მსურს ამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არ მსურს, რომ ეს ჯანმრთელობის ან, ღმერთმა არ ქნას, სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ეს არ მინდა!“

 

და ბოლოს, რისი თქმაც მსურდა მთელ ამ რიტუალთან დაკავშირებით. მეგობრებო, ნუ შეცბუნდებით, თქვენ ფოსტის მეშვეობით მიიღებდით ნაკრებს პატარა ჯამით, რომელიც შეგიძლიათ გახსნათ. ვიმედოვნებ, უკვე ყველაფერი მოამზადეთ და ჩვენ ყველანი შევძლებთ ამაში მონაწილეობის მიღებას. ჯამში არის პურის ნატეხიც.

 

დასასრულ, სანამ ვილოცებდეთ, მინდა ავხსნა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. შეხედეთ, რას ამბობს ქრისტე: „მე ვარ პური სიცოცხლისა“ – ის უშუალოდ საკუთარ თავზე საუბრობს. ნუ დაიბნევით ევქარისტიასთან მიმართებით, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს პურისადმი, არის თუ არა ეს უშუალოდ ქრისტეს სხეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით… არის თუ არა ეს ქრისტეს სისხლი, ლოცვამდე თუ ლოცვის შემდეგ… მისმინეთ, ქრისტე პირადად თავის თავზე საუბრობს. „მე ვარ პური სიცოცხლისა, თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს.“  რას გულისხმობს, როცა ამბობს „ზეციდან გადმომავალი პური“, რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ ასეთია „პური ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს“? დიახ, ის თავის თავს გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მანანა, რომელსაც ებრაელები ჭამდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით ზეციდან ცვიოდა. ის ამბობს, მათ შორის თქვენი მამები, რომლებმაც ჭამეს ეს მანანა, რომელიც ზეციდან ცვიოდა, დაიხოცნენ. „მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ.“ აქ იგი უფრო მეტად გასაგებს ხდის თავის ნათქვამს. 58-ე მუხლი: „ეს არის ციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.“

 

კიდევ ერთხელ, ის ერთმანეთს უპირისპირებს ორ საზოგადოებას და ორ გამოცდილებას. დავითის ერთ-ერთ ფსალმუნში „მანანა“ იწოდება ანგელოზების პურად, ანგელოზების პურს ჭამდა ადამიანი, ხედავდა ღმერთის დიდებას ყოველ დილით და მიუხედავად ამისა, ყველანი დაიხოცნენ. ქრისტე კი ამის საპირისპიროდ აცხადებს: აი, ეს პური, დიახ, აი, ეს – ადამიანების მიერ არის გამომცხვარი – ჩვეულებრივი ფქვილი და წყალი, ღუმელი, ცეცხლი, დაფქული მარცვლები – და ის ამბობს, რომ ეს, ერთი მხრივ, ციდან არ ჩამოცვენილა, ეს არაა მანანა, რომელიც ბუნებრივად წარმოგზავნა ღმერთმა, მაგრამ სწორი დამოკიდებულებით, ლოცვის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ახლა შევასრულებთ, მეორედ ვიმეორებ: სწორი დამოკიდებულებით, იესო ქრისტესთან ურთიერთობის მეშვეობით – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – მას აქვს სასიკეთო მოქმედება შენსა და ჩემს სულზე. ვამყარებთ პირდაპირ კავშირს იესო ქრისტესთან. ის არასდროს გამწყდარა, მაგრამ ეს შინაგანი მომენტია.

 

ქრისტე ეუბნებოდა მოწაფეებს: „სურვილით მსურდა, თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.“ ეს იყო მისი პირველი სიტყვები, როცა ისინი დასხდნენ დარბაზში, იყო დიდი სამზადისი, ფუსფუსი, ისინი ეძებდნენ ამ დარბაზს, იპოვეს, შეთანხმდნენ ფასზე, ყველაფერი იყიდეს, მოამზადეს, ყველას სთხოვეს, წასულიყვნენ. სიჩუმე ჩამოწვა. პირველი სიტყვები, რომელიც ქრისტემ თქვა: „სურვილით მსურდა, თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.“ და ის იწყებს მათთვის რაღაცების ახსნას. ის მათ ფეხებს ჰბანს. ისინი გარკვეულ უხერხულობას განიცდიდნენ. ისინი ბევრ რამეს ვერ იგებდნენ. პეტრე ეწინააღმდეგებოდა. ქრისტე არც კი ცდილობდა ამ დროს რაიმეს ახსნას, უბრალოდ უთხრა: „შემდგომ ყველაფერს გაიგებ. ახლა უბრალოდ დამემორჩილე.“  შემდეგ მან აიღო პური, აგრეთვე სასმისი, მადლობა შესწირა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, დალიეთ აქედან ყველამ. ეს არის სხეული ჩემი, სისხლი ჩემი მრავალთათვის დაღვრილი.“

 

მოგიწოდებთ, რომ ფეხზე წამოდგეთ ახლა, სადაც ხართ სახლებში, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას. მანამდე კი მინდა ვილოცოთ, თუ ვინმე სულში მხილებულად, მსჯავრდადებულად გრძნობს თავს, თუ არის რაღაცები, რომლებიც იცით, რომ არაღვთიურია. მე თქვენ არ გადანაშაულებთ და მიმაჩნია, რომ ღმერთიც არ გდებთ მსჯავრს; ღმერთს არ აქვს ეს ხასიათში; ის მოვიდა ხსნისთვის. თუ ის ხსნისთვის მოვიდა, მან შემოგვთავაზა გადარჩენის მეთოდები, ამიტომ ღმერთის ხასიათში არ დევს ადამიანის დასჯა ან გაწკეპვლა, ან გამუდმებით მკაცრი მოპყრობა; ადამიანის დამცირება ან ადამიანით მანიპულირება; რაღაც კომპრომატის დამალვა, შემდგომ კი ამის გამხელა ფართო საზოგადოებაში. არ შეესაბამება ეს ღმერთის ხასიათს. მე ასეთ ღმერთს არ ვიცნობ.

 

ღმერთი არის, როგორც მზრუნველი მამა. ის ცდილობს, შეინარჩუნოს შენი რეპუტაცია, შენი ფიზიკური ჯანმრთელობა, შენი სულიერი ჯანმრთელობა. თუ წავიკითხავთ მარიამის ქმრის – იოსების შესახებ, როცა გაიგო, რომ მარიამი  ორსულად იყო, მას არ სურდა, საჯაროდ ემხილებინა ის. წერია, რომ მართალი კაცი იყო. რადგანაც ის მართალი იყო, არ სურდა ამის გაკეთება. მას აღარ შეეძლო მარიამთან ყოფნა; მან გადაწყვიტა, რომ მორჩა, მათი ნიშნობა შეწყდა. მაგრამ რადგანაც ის მართალი კაცი იყო, არ სურდა მისთვის ტკივილის მიყენება. აი, ეს არის სიმართლის ნიშანი ადამიანის ცხოვრებაშიც კი. მას არ სურს არავის დამცირება, არ სურს არავის დასჯა, არ სურს არავის საზღაური. მით უმეტეს ღმერთს. 

 

ამიტომ ჩვენ წინაშე არის ჯვარი. ჩვენ წინაშე არის შესაძლებლობა, წარვდგეთ ჯვრის წინ და ყოველმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენთვის კონკრეტული საფუარი, რომელიც სადღაც იწვევს ჩვენს „გაფუებას“. ვიღაცას შური აქვს და არ შეუძლია, ამას გაუმკლავდეს. ვიღაცას უპატიებლობა, ვიღაცას ავხორცობა, ვიღაცას შიში, ქვეყნიერებამ შემოაღწია შენში და როგორც სიმსივნის მეტასტაზები, ისე გაკავებს. შენ შეწყვიტე უფალზე დაიმედება. ეს გადაგეზარდა უკამაყოფილებასა და პრეტენზიაში, ეს არ არის ნორმალური, ეს ქვეყნიერების სულია, ქვეყნიერების ელემენტები. შენ შეგიძლია გოლგოთის ჯვართან ამ ყველაფრის დატოვება,  შეგიძლია, გოლგოთის ჯვართან დატოვო ნებისმიერი ტვირთი.

 

მოდით, ერთად ვილოცოთ ამაზე: „ზეციერო მამა, იესო ქრისტეს მეშვეობით, შენი მხოლოდშობილი – როგორც შენ თქვი – საყვარელი ძის, ხოლო ჩვენთვის  პირადი მხსნელის სახელით მოვდივართ ახლა შენთან, პირდაპირ მისი მეშვეობით, მისი მსხვერპლის მეშვეობით, გოლგოთაზე მისი ტაჯვის მეშვეობით, გმირობის მეშვეობით, რომელიც მან აღასრულა, რათა თავისუფალნი ვიყოთ. ჩვენ მოგვაქვს შენთან ყოველგვარი საფუარი, ვიღებთ მათ ჩვენი ცხოვრების ფარული კუთხეებიდან, ჩვენი ფიქრებიდან, სადაც არავის შეუძლია შეღწევა და რომლის შესახებაც არავინ იცის. მაგრამ ჩვენ თავად გვსურს მათი მოშორება. ჩვენ ვყრით ყოველგვარ საფუვრიანს, ყველაფერს, რაც უცხოა, ყოველგვარ საფუარს, რომელმაც შეიძლება დააინფიციროს ჩვენი ოჯახები, ის შეიძლება გავრცელდეს ჩვენს ეკლესიაზე. უარვყოფთ ყოველივეს, რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს. უფალო, ეს ჩვენი არაა. ჩვენ უფუარნი ვართ იესო ქრისტეში. უფალო იესო, შენ გაგვათავისუფლე ამისგან და  გარდაგვსახე ახალ, წმინდა სხეულად.  შენ გვავსებ შენი წმინდა სულით, რათა გამოაძევო ჩვენგან ყველაფერი, რაც უცხოა. იესო ქრისტეს სახელით, ჩვენ არ გვსურს – ამით ვიკვებოთ. 

 

უფალო, ვინანიებთ, რაც ჩავიდინეთ შენ წინააღმდეგ. თუნდაც ეს იყოს ნაცრისფერი ზონა, თუნდაც არაფერი კონკრეტული არ ეწეროს ამის შესახებ შენს სიტყვაში, მაგრამ ჩვენს გულში ვიცით, რომ ის შენ არ განგადიდებს. ის არ გვაახლოებს შენთან. ის გვაშორებს შენგან. ის ამძიმებს ჩვენს სულს. ჩვენ ვინანიებთ, უარს ვამბობთ მასზე და გთხოვთ დახმარებას, რომ გადავლახოთ ეს და მეტჯერ აღარ დავუბრუნდეთ მას. გვაპატიე უფალო, და შენი წმინდა სისხლით გაგვწმინდე, რათა შევძლოთ ხელის გამოწოდება წმინდა გულით, დავრჩეთ უფუარნი შენი სახის წინაშე და მონაწილეობა მივიღოთ ამ მნიშვნელოვან ზიარებაში.“

 

ახლა ვთხოვ ყველას, ვინც სახლში იმყოფება, უბრალოდ აიღოს პურის ნატეხი და ყველამ, ვინც ეკლესიის წევრია, ვისაც აღთქმა გაქვთ დადებული ღმერთთან, უბრალოდ ხელში აიღეთ ეს პურის ნატეხი – იგივე მაცა –  და ჩვენ ვილოცებთ ამის შესახებ და ვაკურთხებთ, ასევე ახლა ვაკურთხებთ და ვილოცებთ სასმისისთვის და მივიღებთ ამას ყველა ერთად. ეს შესანიშნავი მომენტია, დაე, ნურაფერი შეგაცბუნებთ, შეხედეთ, როგორ იყო ეს ძველ ეგვიპტეში და მოდით, გავაკეთოთ ეს დღესაც.

 

„უფალო შენი სახის წინ აღვავლენთ ამ ლოცვას ამ ჩვეულებრივი პურის ნატეხისთვის. ამ ყურძნის წვენისთვის ან ღვინისთვის, ვისაც როგორი დამოკიდებულება აქვს…  ჩვენ ამას ვაკურთხებთ შენი სახის წინ. როგორც შენ გვასწავლიდი, რომ მათი მიღებისას გაგვეხსენებინა შენ შესახებ, ასეც ვიქცევით დღესაც.  გვწამს, რომ მილიონობით ქრისტიანი მთელ დედამიწაზე ამ საოცარი კვირის განმავლობაში იმავეს აკეთებს. ვაკურთხებ შენი ეკლესიის მთელ სხეულს, ყველგან, სადაც წმინდანები არიან შენი სახელით შეკრებილნი, ყველგან, სადაც ადამიანი ამას რწმენით ასრულებს, დაე, კურთხეული იყოს უფალ იესო ქრისტეს სახელით. ამინ!“

 

ახლა ყველა ერთად მივიღებთ ამას, თითოეული, სადაც იმყოფებით. მეგობრებო, დღეს ჩემი სიტყვა დავიწყე იმით, რომ არსებობს რაღაც უჩვეულო ამ ყველაფერში, რაც ხდება. ღმერთი არასდროს მარცხდება, არასდროს. ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა, რომ ღმერთი დამცირებულიყო და შერცხვენილიყო. დაე, ნუ შეგაცბუნებთ ის, რომ ეკლესია ასეთი სახით იკრიბება. ღმერთი ასრულებს საოცარ საქმეს და გვესმის ეს თუ არ გვესმის, დამაკმაყოფილებელ პასუხებს იღებთ თუ არა თქვენს კითხვებზე და უმეტესწილად არ ვიცით, რა ხდება ჩვენს სამყაროში, ეს ახლა არც ისე მნიშვნელოვანია. უფალი რჩება მეფედ, ბატონად და ჩვენ ვიზეიმებთ მის აღდგომას მომავალ კვირას. შევიკრიბებით, განვადიდებთ უფალს, ამიტომ უკვე გეუბნებით: ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა! უფალი იყოს თქვენი მფარველი!

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში