რა გვაქვს მხედველობაში, როდესაც აღსარებაზე ვსაუბრობთ?! მე ვერ წარმომიდგენია აღსარება მონანიების გარეშე. ეს შეხედულებები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. არ არსებობს შენი ცოდვების აღიარების საჭიროება, თუკი შენ არ მოინანიებ მათ. და წარმოუდგენელია მონანიება საკუთარი ცოდვების აღიარების გარეშე. როდესაც ვლაპარაკობთ აღსარების შესახებ, ვგულისხმობთ აღიარებას, ამ ცოდვების ხმამაღლა დასახელებას. დიახ, ხმამაღლა.
დღეს მინდა ვისაუბრო აღსარების საიდუმლოებაზე. ვფიქრობ, რომ ეკლესიაში 15 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ გვისაუბრია ამის შესახებ. რამ მიბიძგა ასეთი აზრებისკენ და რატომ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი საუბარი უნდა იყოს?.. იმიტომ, რომ არც ისე ბევრ ადამიანს შეუძლია, გაუმკლავდეს გარკვეულ ბნელ საიდუმლოებას თავის ცხოვრებაში. ჩვენ – ადამიანები – არ ვართ სრულყოფილები და არსებობს შემთხვევები, როცა ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდებით ხოლმე და წლები ვინახავთ გულში გარკვეულ ბნელ საიდუმლოებას. ბიბლია კი ცხადად, გარკვევით გვასწავლის და მიგვითითებს აღსარების საჭიროების შესახებ.
რა გვაქვს მხედველობაში, როდესაც აღსარებაზე ვსაუბრობთ?! მე ვერ წარმომიდგენია აღსარება მონანიების გარეშე. ეს შეხედულებები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. არ არსებობს შენი ცოდვების აღიარების საჭიროება, თუკი შენ არ მოინანიებ მათ. და წარმოუდგენელია მონანიება საკუთარი ცოდვების აღიარების გარეშე. როდესაც ვლაპარაკობთ აღსარების შესახებ, ვგულისხმობთ აღიარებას, ამ ცოდვების ხმამაღლა დასახელებას. დიახ, ხმამაღლა.
არ ვიცი, როგორია თქვენი ლოცვითი ცხოვრების გამოცდილება, მაგრამ ზოგჯერ, ღმერთის წინაშე, მაშინაც კი, როცა არავინ გისმენს, ძალიან რთულია – თავისი სახელი უწოდო რაღაცებს. კვლავ უბრუნდები იმ აზრს, რომ ღმერთს არ უყვარს ზედმეტი სიტყვები, ზედმეტი ჟესტიკულაცია. შენ მას ვერასდროს ვერაფრით გააოცებ. გსურს უკუკავშირი? გსურს ღმერთის მხრიდან რეაქცია? კეთილი ინებე და მოიკრიბე გამბედაობა ღმერთთან ღიად და გულწრფელად სასაუბროდ. უპირველესად უნდა გახსოვდეს, რომ მან ისედაც ყველაფერი იცის. ამიტომ ყველა ეს შტამპი, შაბლონი იმდენად სულელურად ჩანს, ეს ჩვენ თავად იმდენად გვამცირებს, რომ უბრალოდ არც კი ვიცით, როგორღა ავხსნათ ეს.
მაგალითისთვის გავიხსენებ ჩემს ბავშვობას. ვიზრდებოდით ოჯახში, სადაც მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთდამოკიდებულება გვქონდა და არ ვუმალავდით მათ არანაირ საიდუმლოებას. მაგრამ ჩვენ, ბავშვები ვცელქობდით და ყველაფერი ხდებოდა. ხოლო როდესაც ისეთ რაიმეს ჩაიდენ, რაიმეს ისეთს გააკეთებ, რომელშიც უნდა გამოტყდე… გადის დღე, ორი, სამი დღე და მშობლები ვერ ამჩნევენ, რომ შენ ჩაიდინე რაღაც ძალიან ცუდი და რთულ მდგომარეობაში ხარ. ისეთი უცნაური გრძნობაა… მაგიდასთან ზიხარ, ყველა იცინის, ჭამენ, ხუმრობენ, მაგრამ ხვდები, რომ შენსა და ყველა ამ ადამიანს შორის აღიმართა უხილავი კედელი. ხვდები, რომ საიდუმლოებას ატარებ, რომლის შესახებაც მათ არაფერი იციან. ისე ცუდად ხარ ამის გამო, ისე საშინლად. ერთი მხრივ, გინდება, რომ ამის შესახებ უამბო მათ, მოიშორო ეს საიდუმლო, რომელიც შენსა და შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს შორისაა აღმართული. მეორე მხრივ, ისე გრცხვენია ამის აღიარება და გეშინია კიდეც, რომ შეიძლება ამის გამო საკადრისი სასჯელი მიიღო, ეს სრულებით შესაძლებელია. უბრალოდ საკუთარ გრძნობებს ვიხსენებ, როცა გადის ერთი დღე, მეორე, პირადად მე ძილი არ შემეძლო. უსიამოვნო განცდა მქონდა. თავად მძულდა ჩემი თავი სიმხდალის გამო. და ამავე დროს, თითქოს შენ არაფერი გემუქრება. ამას ვერც ვერავინ ხვდება, არავინ ეჭვობს. თუმცა, ამავდროულად იმასაც ხვდები, რომ ასე ცხოვრება აღარ შეგიძლია. თითქოს შენ შიგნით რაღაც კვდება. თითქოს შინაგანად იფიტები.
ამრიგად, ღმერთმა გაითვალისწინა აბსოლუტური გამჭვირვალობა, თუ გვსურს ურთიერთობის შენარჩუნება ახლობელ ადამიანებთან და მით უმეტეს ჩვენს უფალთან. ვფიქრობ, რომ ეს არის ნებისმიერი ურთიერთობის ზუსტი ანარეკლი. როდესაც ვსაუბრობთ ღმერთთან ურთიერთობაზე, ჩემთვის ეს იმდენად ნათელია, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა, არანაირი დისტანცია. მაგრამ როცა იცნობ შენს თავს, ხვდები, რომ საკმაოდ ბევრი „error“ („ერორ“) გაქვს, როგორც ამერიკელები იტყვიან. ჩვენ ვარჩევთ სიტყვებს, რომ არ გამოვიყენოთ ეს ტერმინი – ცოდვა. ის ისეთი ეკლიანია, ისეთი მრავალწახნაგოვანი ტერმინია, და ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, გვერდი ავუაროთ ამ სიტყვას, არ გამოვიყენოთ იგი. და მის ნაცვლად ვამბობთ: გაუფრთხილებლობა, შეცდომა, არასრულყოფილება, მანკიერება, რაც კიდევ უფრო მძიმეა… რასაც არ უნდა უწოდებდე მას, ის უნდა მოიშორო. სხვაგვარად, შენი ლოცვითი ცხოვრება გადაიქცევა ფორმალობად. ის არც ღმერთს სჭირდება და შენც ძალიან გღლის. ამიტომაც დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვსაუბრობ, რომ ღმერთი დაინტერესებულია – მოგვაშოროს ეს ბნელი საიდუმლოებანი ჩვენი ცხოვრებიდან, რათა უფრო მარტივად ვცხოვრობდეთ, რათა ერთმანეთს ვუყურებდეთ თვალებში, რათა მარტივად ვლოცულობდეთ. და როგორ მოვახერხოთ ეს პრაქტიკულ დონეზე, მოდით, დარჩენილ დროში ვისაუბროთ ამის შესახებ.
ჩემს პრაქტიკაში ბევრჯერ მომიწია ადამიანების აღსარების მოსმენა. სხვადასხვაგვარი აღსარების. მახსოვს ერთხელ, როგორ მოვიდა ერთი ადამიანი ჩემთან. ის გაფითრებული იყო. დიდხანს დუმდა… იბრძოდა… ოფლი სდიოდა… ტიროდა. მე ვიჯექი, ველოდებოდი. შემდეგ მან თქვა: მე ცოლს ვუღალატე. ეს მოხდა საერთოდ სხვა ქვეყანაში. იგი არავის დაუნახავს, თვითმხილველი არავინ ყოფილა. მას არ ემუქრებოდა გამოაშკარავება. ის თავისი ნებით მოვიდა ჩემთან. მისთვის ძალიან მძიმე იყო ეს ყოველივე. მას ესმოდა, რომ ღმერთი შეურაცხყო. მას ესმოდა, რომ საყვარელი ქალიც შეურაცხყო. თუ თქვენ წინაშე არც ერთხელ არავის უღიარებია, წარმოდგენა არ გექნებათ, რა მძიმე ჯვარია – უსმინო ვინმეს აღსარებას. შეიძლება შორიდან ჩანს, რომ ეს ერთგვარი ცნობისმოყვარეობაა, შენ რაღაც ახალს იგებ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს საშინლად მძიმეა. იცით, რატომ არის ეს ჯვარი და სიმძიმე?! იმიტომ, რომ ამ მომენტამდე მხოლოდ ის ატარებდა ამ საიდუმლოს, ახლა კი მეც ვიცი ამის შესახებ. და რა ვუყო ამას, არ ვიცი. მე ამ ადამიანთან ერთად ვილოცე. დავინახე მასზე ღვთის ხელი. დავინახე, რომ ის გულწრფელად წუხდა იმის გამო, თუ როგორი ტკივილი მიაყენა ღმერთს, რომელიც უყვარს მას და თავის ცოლს აგრეთვე. დავინახე ასევე, რომ ღმერთმა გაათავისუფლა ის. დავინახე, რომ ეს სულიერი მოქმედება მის ცხოვრებაში ნამდვილად აღსრულდა. მან მოიპოვა თავისუფლება და პატიება, მან სიმსუბუქე იგრძნო. ჩვენ კიდევ დიდხანს ვისხედით, შემდეგ მან მკითხა: უნდა მოვუყვე ამის შესახებ ჩემს ცოლს?! მე ვეუბნები: სტანდარტული პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა: ფრთხილად იყავი, რადგანაც ვიაზრებ, რომ არსებობს რაღაც საკითხები, რომლებსაც ღმერთი გაპატიებს, მაგრამ ადამიანი ვერ შეძლებს პატიებას. ვერ შეძლებს. როგორც არ უნდა ეცადოს იგი, ეს მძიმე ტვირთია მისთვის. ჩემი გამოცდილებიდან ვხედავ, რომ ოჯახი შეიძლება დაინგრეს. და ოჯახი რომც არ დაინგრეს, ეს მაინც დატოვებს ძალიან მძიმე ნაკვალევს შენი მეუღლის ცხოვრებაში. ის შეიძლება ამას სიკვდილამდე ვერ გაუმკლავდეს. შემთხვევები განსხვავებულია. და მით უმეტეს, თუ ღმერთმა ნამდვილად წაშალა შენი ცხოვრებიდან ეს ცოდვა, ეს მანკი, ვფიქრობ, შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო და იქონიო ურთიერთობა შენს ცოლთან. ღმერთმა გაანადგურა ეს ფაქტი შენი ცხოვრებიდან. მან მე მისმინა… ამ პიროვნებამ მადლობა გადამიხადა დარიგებისთვის, შემდეგ თქვა: „ალბათ, ასე ვერ შევძლებ. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე მაინც მსურს, ვაღიარო ეს მის წინაშე.“ ვუთხარი: „ეს შენი საქმეა, შენი უფლებაა.“
დღეს, როგორც ვხვდები, ის ასეც მოიქცა. მან უთხრა ამის შესახებ თავის ცოლს. მათი ოჯახი შენარჩუნდა და ამის გამო გამოუთქმელად ბედნიერი ვარ! თუმცა ამ ყველაფრიდან მე ჩემთვის გამოვიტანე დასკვნა, რომ ადამიანებმა შეიძლება ვერ აპატიონ ერთმანეთს რაღაც საკითხები, ღმერთი კი პატიობს, ის გვპატიობს. ამასთან დაკავშირებით, მოძღვრის როლი, ხუცესის როლი, ან ნებისმიერი ადამიანის როლი, რომელიც იბარებს აღსარებას, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალზე საპასუხისმგებლოა – ისწავლო ასეთი მძიმე რაღაცებით გოლგოთის ჯვართან მისვლა, და დარწმუნებული იყო, რომ ადამიანები იქ მიდიოდნენ საშინელი ცოდვებით და იღებდნენ პატიებას, თუკი მათ ეყოფოდათ რწმენა იმისა, რომ იესო მოკვდა პირადად მათი ცოდვებისთვის. ხუცესს ან მოძღვარს უნდა შეეძლოს ამის გაკეთება. მან უნდა მიიყვანოს ადამიანი, დაეხმაროს მას, რომ მივიდეს გოლგოთის ჯვართან და ეპატიოს უფლისგან.
ოდესმე გიფიქრიათ, რატომაა გავრცელებული ეს პრაქტიკა – სიკვდილმისჯილების საკანში მოძღვრის მიყვანა. როცა ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება, მას ყოველთვის სთავაზობენ მოძღვართან შეხვედრას. მოძღვარი მიდის მასთან და ამ ადამიანს, რომელიც მალე მოკვდება, მოძღვრის წინაშე აღსარების შესაძლებლობა ეძლევა. ყოველთვის ვფიქრობდი, რას ცვლის ეს აღსარება?! ეს დამნაშავე ხომ ვეღარ გაამხელს რაიმე ახალ საიდუმლოს, რადგან მისი ყველა დანაშაული უკვე გახსნილია; ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, ამის შესახებ ყველამ იცის. აქ რას აქვს აზრი? კიდევ რა უნდა უთხრა მოძღვარს ისეთი, რაც ადამიანებმა ჯერ არ იციან?! ეს შენს სიტუაციას როგორ ცვლის, თუ ხვალ მაინც ელქტროსკამზე დაგსვამენ? მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ თავად ადამიანის მონანიების ფაქტი, თუკი ის ნამდვილად ნანობს ჩადენილს და აღიარებს ამას ღმერთის და მოძღვრის წინაშე, რა თქმა უნდა, არ ცვლის მის ბედს დედამიწაზე, მაგრამ ცვლის მის ბედს ზეცაში, ცვლის მის ბედს მარადისობაში. უბრალოდ უნდა გავიაზროთ, რომ აღიარება და მონანიება, ეს სინონიმური ცნებებია.
ამის შესახებ უკვე ვიმსჯელეთ. როდესაც ადამიანი გულწრფელად ნანობს ჩადენილს და საკუთარი ბაგით აღიარებს ამას, წუხს მის შესახებ, აცხადებს და არქმევს შესაბამის სახელს ამ ცოდვას, ასეთ შემთხვევაში თავად ღმერთი ხედავს, რამდენად წრფელად მოინანია ამ პიროვნებამ. მაგალითად, ქრისტე შეუნდობს ავაზაკს ცოდვებს გოლგოთის ჯვარზე, მაგრამ ის არ ჩამოჰყავთ ჯვრიდან, მას არ იწყალებენ, ის კვდება, როგორც დამნაშავე, თუმცა ამავდროულად, როცა ის კვდება, სასუფეველში მიდის. ქრისტემ მას პირდაპირ უთხრა: „დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“ ამიტომ აღიარება, ასეთ მძიმე დანაშაულთა შემთხვევაში, არაფერს ცვლის დედამიწაზე, მაგრამ ყველაფერს ცვლის ზეცაში. ამის გამო აღსარება ძალზე მნიშვნელოვანია. აღსარება – ეს არის ეკლესიური საიდუმლოება, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ცვლის სულიერ სამყაროში. თქვენ იტყვით, რა უნდა ვთქვა ისეთი ახალი, რაც ღმერთმა არ იცის? მართალი ხართ, სრულებით მართალი. ღმერთთან არ არის საიდუმლოებანი. მაგრამ კითხვა არა ღმერთის, არამედ ჩემ მიმართ არის დასმული: რას ვუშვრები ამ ბნელ საიდუმლოს და როგორ უნდა მოვიქცე, თუ ეს შემემთხვევა?!
იესო ნავეს ძის წიგნში ერთი ნათელი ილუსტრაციაა, რომელიც ჩვენს საუბარში ბევრ რამეს ახსნის. როცა ისრაელი გადავიდა იორდანეს გაღმა და მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ დაანგრია ღმერთმა იერიქონის მყარი კედლები, ყველა ზეიმობდა გამარჯვებას. ეს იყო დღესასწაული, ეს იყო ღმერთის ძალის ნათელი დემონსტრაცია, რომ ღმერთი ისრაელის მხარესაა. ყველა მტერი ჩურჩულებდა, ამ ცნობამ მოიცვა გარშემო მყოფი ყველა ხალხი. ყველაფერი გასაგებია.
ამ გრანდიოზული გამარჯვების შემდეგ რამდენიმე დღეში, იესო ნავეს ძე აგზავნის მეომრების არც ისე დიდ ჯგუფს, რათა შეებრძოლონ პატარა ქალაქს, რომელსაც ჰაღაი ეწოდებოდა; მაგრამ ამ მეგაპოლისთან, იერიქონთან შედარებით, ეს უფრო სოფელს ჰგავდა. და უეცრად ისინი მარცხდებიან, მარცხდებიან სამარცხვინოდ. გარბიან. 36 ადამიანი მოკლულია. იესო ნავეს ძე მიწაზე ეცემა, ის საგონებელშია ჩავარდნილი და ამბობს: „დაბნეულები ვართ, არ შეგვიძლია ავხსნათ, რას უნდა ნიშნავდეს ეს; რა გავაკეთეთ არასწორად?!“ და ღმერთი პასუხს სცემს იესო ნავეს ძეს: „ბანაკში არის ერთი ადამიანი, ვისი ბრალეულობის გამოც წააგეთ ბრძოლა. იპოვე ის ადამიანი და დასაჯე. სასამართლო ყველას წინაშე უნდა გაიმართოს. მის გამო თქვენ ყველანი აგებთ პასუხს, იმიტომ, რომ მან დაარღვია ჩემი პირობები, მან დარისხებული აიღო. იპოვე ეს ადამიანი.“ მაგრამ როგორ იპოვი, თუ არავინ იცნობს მას? თუ ეს პიროვნება საიდუმლოებას ინახავს და არ აპირებს გამოტყდომას? იმიტომ, რომ მას ეშინია, რადგანაც იცის თავისი ქმედების საზღაურის შესახებ.
აი, აქ ღმერთი უშვებს ამ ადამიანის აღმოჩენის, გამოვლენის ძალიან უცნაურ მეთოდს. როგორც ცნობილია, ისრაელი შედგებოდა 12 ტომისგან. და ღმერთი დასაკონკრეტებლად მთელი ისრაელის თვალწინ ამბობს: „ეს ადამიანი, რომლის გამოც წააგეთ ბრძოლა, იუდას ტომიდანაა.“ და შემდეგ სიჩუმეა. მაგრამ ეს პიროვნება თავს არ გასცემს. შემდგომ ღმერთი ამატებს: „ახლა კი თქვენი საგვარეულო ტომები, მე გაჩვენებთ, რომელი ტომიდანაა ეს ადამიანი.“ წარდგებიან საგვარეულოები, ან ტომები, როგორც რუსულ სინოდალურ თარგმანში წერია, ღმერთი მიუთითებს კონკრეტულ საგვარეულო შტოზე და ამბობს: „ეს ადამიანი ამ შტოდანაა.“ მაგრამ ყაქანი, როგორც მოგვიანებით ვიგებთ ამ პიროვნების სახელს, მხოლოდ გვერდიდან აკვირდება ყოველივეს და ხვდება, რომ ღმერთი მას იცნობს პირადად, და ეს გამოცხადებანი, ეს აღმოჩენა და გამოაშკარავება სწორედ მისკენაა მიმართული. მაგრამ მას არ აქვს ძალა საკუთარ თავში, რომ თვითონ გამოვიდეს და გამოტყდეს. მე კი ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროცედურა დაშვებული იყო მხოლოდ ამ ადამიანის გამო, რათა მას განეჭვრიტა ეს გამოაშკარავება და თავად გამოსულიყო; რათა ეღიარებინა თავისი დანაშაული. მაგრამ მას არ აქვს ძალა, ისევე, როგორც მე და თქვენ არ გვაქვს ძალა. შემდეგ ღმერთი ამბობს: „კარგი, მოდით სახლეულის მიხედვით.“ მართლაც იწყებენ სახლეულის მიხედვით მისვლას და ღმერთი მიუთითებს სახლეულზე. ახლა უკვე ნათესავები უყურებენ ერთიმეორეს. ნუთუ ვინმე ჩვენგანია?! მათ არ იციან, ვინ არის. და აქაც ყაქანი ვერ პოულობს თავისში სიმამაცეს, რომ გამოვიდეს და თქვას: „ეს მე ვარ.“ შემდეგ გამოდის ამ სახლის ყველა წევრი და ღმერთი სახელდებით მიუთითებს: „ეს ყაქანია.“ და როცა უკვე ითქვა ამ დამნაშავის სახელი, შეხედეთ, რა წერია იესო ნავეს ძის წიგნში, მე-7 თავის მე-19 მუხლში: „უთხრა იესომ ყაქანს: ‘შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს, მადლი შესწირე მას და მიამბე, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ.’ მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: ‘ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს. ასე და ასე გავაკეთე.’“
ვფიქრობ, ღმერთი აძლევდა მას შანსს, თვითონ გამოსულიყო და ეღიარებინა თავისი დანაშაული. ზუსტად ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება ხოლმე. ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ? სისულელეა ამის დასამტკიცებლად დროის დახარჯვა. შეიძლება ყაქანს ეჭვი ეპარებოდა; შეიძლება ფიქრობდა, რომ ჩაივლიდა ეს ყველაფერი; შეიძლება ის ფიქრობდა, რომ შეძლებდა ამ მომენტისთვის გვერდის ავლას… ღმერთს შეეძლო, ის მაშინვე დაესახელებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ზუსტად ასევეა ჩვენთან მიმართებითაც. ღმერთს შეუძლია, დაუყოვნებლივ გამოააშკარაოს ჩვენი ცოდვა, მაგრამ არ აკეთებს ამას. თითქოს ის გვიბიძგებს, რომ პირადად გამოვიჩინოთ ეს ინიციატივა ჩვენი მხრიდან.
და მთავარი კითხვა: რას ცვლის ყაქანის აღიარება?! თუ მან იცის, რომ დასჯილი იქნება, და სხვათა შორის, მასთან ერთად მისი ნათესავებიც მკაცრად, ყველას თვალწინ დაისჯებიან… ვფიქრობ, რომ დედამიწაზე არაფერს ცვლის ეს ფაქტი. ამქვეყნიური სასამართლო აღსრულდება. ადამიანებს უჭირთ ერთმანეთისთვის პატიება. მარადისობაში კი ეს აღსარება ყველაფერს შეცვლის. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ თუ ყაქანმა ნამდვილად ინანა ის, რაც ჩაიდინა; თავისი დანაშაულის შედეგების ხილვისას გააცნობიერა, რომ მან უღალატა თავის ნათესავებს, ახლობლებს და მთელ ერს, ღმერთის სახელიც შეარცხვინა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა ყოველივე აღნიშნულის მონანიებით დაიმკვიდრა საუკუნო სიცოცხლე. ამიტომ დედამიწაზე ამას მისთვის არაფერი შეუცვლია, მაგრამ მარადისობაში ყველაფერი შეცვალა.
შეხედეთ, ახალაღთქმისეულ შეხედულებას აღიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით. რამდენიმე ტექსტს შემოგთავაზებთ. მათეს სახარების 3:5: „მაშინ გამოდიოდა იოანე ნათლისმცემლისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანეს შემოგარენი და ინათლებოდნენ მის მიერ იორდანეში მონანიებისთვის, და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.“ ამრიგად, უამრავი ადამიანი, ათეულობით, ათასობით, შეიძლება ასი ათასობით ადამიანი, მასობრივად გამოდიოდა მდინარე იორდანესთან. არ ვიცი, ეს რამხელა მადლი იყო, არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა. იქ არ იყვნენ მღვდლები. იქ არ იყო აღსარების ჩასაბარებელი ოთახები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პირისპირ დაჯდომა მოძღვართან, რათა სული გადმოეღვარათ მის წინაშე. არაფერი ასეთი არ ყოფილა, მაგრამ ადამიანები იმდენად დაიღალნენ ამ ბნელი საიდუმლოებებით, რომლებსაც თითოეული მათგანი ატარებდა, როგორც ქვებით სავსე მძიმე ზურგჩანთას, ათწლეულობით, რომ ადამიანებმა მიიღეს ეს შანსი. არც კი რცხვენოდათ, მით უმეტეს, რომ ხმამაღლა ეთქვათ: „ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვები.“ ისინი ასახელებდნენ ცოდვებს, რადგანაც სწორედ თავიანთი ცოდვების აღიარებისთვის მიდიოდნენ ისინი.
მოციქულთა საქმეების მე-19 თავის მე-18 მუხლი, რუსული ახალი თარგმანი: „მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.“ იაკობის 5:16: „ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ.“ ინგლისურის ერთ-ერთ თარგმანში წერია „make it your habit“ („მეიქ ით ёრ ჰებით“) იქციე ეს შენს ჩვევად – ერთმანეთის წინაშე აღიარება. ჩვევად იქციეთ ეს. პირადად მეც ასე ვიქცევი უკვე არაერთი წელია. უბრალოდ გავიაზრე, რომ ჩვენი სამყარო სავსეა ისეთი ცდუნებებით, რომლებიც ინტერნეტში ყოფნისას, ტელეფონის ან კომპიუტერის ღილაკზე თითის დაჭერის შედეგად შეიძლება წარმოიქმნეს შენს ცხოვრებაში. მე უბრალოდ ვიჯექი, ვბჭობდი, ვფიქრობდი ჩემს თავზე. როგორ ვიცხოვრებ?! როგორ ავალ კათედრასთან?! როგორ შევხედავ თვალებში საკუთარ ქალიშვილს, ვაჟს, ან თქვენ?! როგორ შევხედავ თუნდაც ობიექტივს?! ვფიქრობდი, ეს არაა წინდაუხედავი ნაბიჯი. უბრალოდ მივხვდი, რომ უნდა ვაქციო ჩემი თავი პასუხისმგებლობიან ადამიანად. რადგანაც მახსოვს, როგორ ეცემოდნენ დიდი პიროვნებები ისრაელის ისტორიაში, ადრეული ეკლესიის თუ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, გამოჩენილი ადამიანები ღმერთის მოწოდების ნათელი ნიშნებით, ცხებულებით, წარმატებული მსახურებით. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ღვთისგან დადგენილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ეცემოდნენ. ასეთი დიადი „სამსონები“, ამგვარი ცხებულებით… მაგრამ ისინი ეცემოდნენ.
უბრალოდ ვიჯექი ღმერთის სახის წინაშე, ღვთის თანდასწრებაში, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას, თუ როგორ ვაპირებდი ცხოვრებას, და მე თავად ვიპოვე რამდენიმე ხუცესი, შევხვდი მათ და ვუთხარი: აიღეთ თქვენს თავზე ასეთი ჯვარი. მინდა, რომ ყოველთვე გამოგიგზავნოთ ანგარიში ჩემი ცხოვრების მორალური მხარის შესახებ, თუ როგორ დავდივარ ღმერთის წინაშე, როგორ გავიდა ჩემთვის ეს თვე. ეს მჭირდება მე. ეს მე მჭირდება. მესმის, რომ ეს თქვენთვის ჯვარია, ეს თქვენთვის არ არის საჭირო, მაგრამ შემისრულეთ თხოვნა, აიღეთ ასეთი ჯვარი თქვენს თავზე.
ძალიან მადლობელი ვარ ამ მსახურების. მე ასე ვიქცევი და ვხედავ, რომ ეს მეხმარება, ეს აგვარებს ჩემი პირადი ცხოვრების ბევრ საკითხს. დიახ, ეს არ არის მარტივი, არ არის ადვილი. დიახ, მე ღმერთის წინაშე შევპირდი ამ ადამიანებს ასპროცენტიან გულწრფელობას. საერთოდ არ აქვს აზრი, წამოიწყო ასეთი პროცედურა და მოიტყუო. რა აზრი ექნება მაშინ ამას?! რაღა თქმა უნდა, სრული გულწრფელობით უნდა მოიქცე. თუმცა შემეძლო, ეს არ გამეკეთებინა, როგორც არ აკეთებს ამას ადამიანთა უმრავლესობა. ამრიგად, ეს არის ჩემი გაცნობიერებული, გააზრებული არჩევანი.
რუსეთიდან ერთმა მოძღვარმა რამდენჯერმე მომწერა წერილი. მე შინაგანად ვიგრძნები, რომ წინ მძიმე საუბარი გველოდა და არ მსურდა პასუხის გაცემა. ყველანაირად გავურბოდი ან ფორმალურად ვპასუხობდი მას, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანს სურდა ჩემთან გახსნა, რაღაცის მოყოლა. მე მის გამო ძალიან ვწუხვარ. და ალბათ მან იპოვა ჩემი სახით ადამიანი, რომელთანაც შეუძლია გამოტყდეს.
საბოლოოდ, მე ვაჯობე ჩემს თავს, ვლოცულობდი მასზე, შემდეგ დავთანხმდი და მან გამომიგზავნა თავისი აღიარება. და იცით, ეს იმდენად მძიმეა, იმიტომ, რომ მანამდე მხოლოდ მან იცოდა ეს საიდუმლო და სხვამ არავინ, ხოლო ახლა მეც ვიცი ეს. მთელი კვირა ვერ შევძელი, მისთვის მეპასუხა. არ გატყუებთ, ყოველ საღამოს დასაძინებლად დაწოლისას ვფიქრობდი: რას ვეტყვი მას, რას ვეტყვი მას?! ადამიანი სერიოზულად შეცდა, და ამასთან ერთად, მას სურს ამ დანაშაულებიდან გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ აღიარებდა ასეთ სამარცხვინო რამეებს. ეს ძალიან მძიმეა. გოლგოთის ჯვრის გარეშე ეს შეუძლებელია. და ფორმალურობით ვერაფერს გახდები, შენ უბრალოდ ვერ ეტყვი ადამიანს სახარების ტექსტზე დაყრდნობით – ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუკავებთ, დაუკავდებაო. შენ არ შეგიძლია ასე უთხრა, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა ამ პროცედურის.
არის კიდევ სულიერი მხარე, ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად აღსრულდეს სულიერი მოქმედება. ჩემთვის რა აზრი აქვს, ადამიანი გავამხნეო მხოლოდ იმის გამო, რომ როგორმე გავუშვა და თავადაც როგორმე გათავისუფლდეს ამ სიტუაციიდან… ეს პრობლემა ხომ თავისთავად არ მოგვარდება?! ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სულიერ სამყაროში მოგვარდეს. მე ხომ კარგად მესმის, რომ ცოდვებს ღმერთი შეუნდობს და არა მე.
ამავე დროს ადამიანები აღიარებენ, და ვიცით აგრეთვე, რომ თვით იოანე ნათლისმცემელი ყველა ადამიანს არ იღებდა. ის ღრმად სულიერი ადამიანი იყო. ის თითქოს რიგებს შორის მიუთითებდა და ამბობდა: შენ, დიახ, შენ. თქვენ მოდიხართ არა იმიტომ, რომ წუხილი გაქვთ ღვთის გულისთვის, თქვენ უბრალოდ გეშინიათ ღმერთის მომავალი რისხვის, მაგრამ თქვენ არ გაქვთ მონანიების ღირსი ნაყოფი, მე არ გიღებთ თქვენ – go back. ამრიგად, იოანე არა მხოლოდ ასრულებდა ნათლობის რიტუალს, არამედ მას ესმოდა, რომ არსებობს აღსარების საიდუმლოება; მას ესმოდა, რომ მონანიებისა და აღიარების გარეშე არ არსებობს პატიება. ამიტომაც ის ყველას არ იღებდა.
არის კიდევ ერთი ასეთი თავისებურება, რომელიც აუცილებლად უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, თუ რაიმე ბნელ საიდუმლოს ვინახავთ. იცით, რას უკავშირდება ეს თავისებურება? იმას, რომ ცოდვას აქვს თვისება – გარშემო შემოიკრას, მიიწებოს ახალი ფენები; ესაა ეგრეთ წოდებული „თოვლის გუნდის ეფექტი“. თუ ადამიანი არ აღიარებს, არ გაამხელს თავისი ცხოვრების ბნელ საიდუმლოს, ის სერიოზულად რისკავს, რადგან ეს გაძლიერდება და სავალალო შედეგამდე მიიყვანს მას.
ამრიგად, აქ არჩევანი ორიდან ერთია: ან მიდიხარ სინათლისკენ, ან კიდევ უფრო ღრმად ჩაგითრევს სიბნელე.
ცხოვრებისეულად შემოწმებულია, შეგიძლიათ აღარ გადაამოწმოთ. როცა დავითი სხვის ცოლთან დაწვა, და ვიცით, რომ მაშინ დავითი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, ის გახლდათ ისრაელის შუქურა. რა თქმა უნდა, დავითს რცხვენია, მოუხმოს წინასწარმეტყველს ან მღვდელს და უთხრას: სხვისი ცოლი მოვიყვანე. მას რცხვენია, ამიტომაც იგი ამას არ აკეთებს. მაგრამ ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, დავითს გადასცეს წერილი, სადაც ეწერა მხოლოდ 2 სიტყვა: „ორსულად ვარ.“ ეს წერილი იყო ბათ-შებაყისგან.
წარმომიდგენია დავითის შფოთვა, ის იყო, როგორც მხეცი, რომელიც ხაფანგში აღმოჩნდა. ის ეცადა, გამოეგლიჯა ხაფანგში მოყოლილი თათი, მაგრამ ვერ შეძლო. ერთი შეხედვით, თითქოს შეიძლებოდა, როგორმე აეცილებინა ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა, მაინც მოხდა. ახლა კი რა უნდა ქნას?! ბათ-შებაყს მუცელი ეზრდება, დრო შენ წინააღმდეგ მუშაობს. რის გაკეთებას აპირებ?! გამოსავალი ორიდან ერთია – ან მოიხმო მღვდელი და უთხრა: მორჩა, ვნებდები, ყველაფერს გულახდილად ვიტყვი, ყველაფერს დაუფარავად ვაღიარებ. თუმცა საამისო ძალა არ აქვს. ამიტომ გონება ცდილობს გამოსავლის მოძიებას და პოვნას: რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, რა მოვიმოქმედო?! არ გამოუვიდა ურიას დათრობა ისე, რომ ის თავის ცოლთან დაწოლილიყო. ყველამ იცის, რომ ბათ-შებაყი უკვე დიდი ხანია, არ ყოფილა თავის ქმართან. ის დიდი ხანია, ომშია. ბათ-შებაყი საერთოდ არავისთან ყოფილა. აი, დავითთან კი იყო.
დავითი სჩადის მორიგ დანაშაულს. ის კლავს მის ქმარს, სწრაფად ქორწინდება ბათ-შებაყზე და ვერავინ ვერაფერს ეჭვობს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს გზა არსაით მიდის. ეს გზა ჩიხია. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფალი არ დასცინოდა დავითს, როცა ბათ-შებაყი დაორსულდა პირველივე სიახლოვისას. ეს იგივე ხელწერაა, რაც ყაქანის შემთხვევაში იყო. ეს არის, როცა ღმერთი ისეთ გარემოებებს ქმნის, რომ გიბიძგებს, მოიმოქმედე რამე, მოიმოქმედე რამე. მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი, მაინც ვერაფერს დამალავ ჩემგან. მოიმოქმედე რაიმე. გადადგი რაღაც ნაბიჯები. წადი სინათლესთან შესახვედრად. სხვა რა ალტერნატივა გაქვს? წყვდიადში ღრმად ჩაშვება, თუ რა?!
იგავთა წიგნი, 28-ის 13: „თავის დანაშაულთა დამფარველს წარმატება არ ექნება, ხოლო მათი მაღიარებელი და მიმტოვებელი შეწყნარებული იქნება.“ რუსული ახალი თარგმანის იგივე ტექსტი: „ადამიანი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას, თუ დაფარავს თავის ცოდვებს. მაგრამ თუ თავის ცოდვებზე ღიად საუბრობს, აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა, მაშინ ღმერთი და ადამიანები მის მიმართ მოწყალენი იქნებიან.“ დავითი მე-19 ფსალმუნში ამბობს: „ვინ გულისხმაჰყოს შეცდომანი? (ეს ლოცვაა. დავითის ყველა ფსალმუნი ლოცვაა. ის უბრალოდ არ წერდა ფსალმუნებს, ის ღმერთის წინაშე ლოცულობდა. ის მიმართავს ღმერთს, ამბობს: ჩემს დაფარულთაგან, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი), განმწმინდე მე დაფარულთაგან. ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე.“
ეს უკვე გამოცდილებაა, მწარე გამოცდილება დავითისა. ის მიხვდა, რომ თუ დაფარულს არ გააცხადებს, დამოკიდებული გახდება და მას მტერი უფრო და უფრო უბიძგებს დანაშაულისაკენ. ის დაიწყებს მასზე დაუფლებას და დავითი უკვე ვეღარ შეძლებს თავისი ქმედების გაკონტროლებას, როგორც პავლემ დაწერა: „მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ – რაც მძულს, იმას ვაკეთებ. რადგანაც, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.“ ხომ გესმით, როგორ მუშაობს მექანიზმი?.. როდესაც გაქვს ჩირქგროვა, ანთება, შენ ის უნდა გამორწყო, ჩირქი უნდა ამოუშვა ზედაპირზე, უნდა დაამუშაო ჭრილობა. თუ ამას არ მოიმოქმედებ, ეს ანთება შიგნით განვითარდება. ინფექცია სისხლში მოხვდება.
ამრიგად, გამოსავალი ორიდან ერთია. თუ ის სისხლში მოხვდება, მაშინ იესო ასეთ ადამიანებზე ამბობს, რომ თავიანთი გულიდან გამოაქვთ მკვლელობა, შური, სიხარბე, სიძუნწე, ცილისწამება, წყევლა, უგუნურება… და ეს ყველაფერი ბილწავს ადამიანს. გამოდის, რომ ეს არის მანკიერება; თუ ამას ადამიანი არ გამოიტანს სინათლეზე, მასში ეს იმდენად გაიდგამს ფესვს, რომ ამოიზრდება ადამიანისგან ქცევების სახით, მოქმედებების სახით. და გამომდინარე აქედან, ადამიანის სტატუსიც იცვლება უკვე. მკვლელობის ჩამდენი ადამიანი ხდება მკვლელი… სულიერ სამყაროში ადამიანის სტატუსი იცვლება. თუ ადამიანი იქურდებს, ხდება ქურდი. თუ ადამიანი იმრუშებს, ხდება მრუში. ამრიგად, დნმ იცვლება. როგორ დავაღწიოთ თავი ამ ყველაფერს, რა ვუყოთ ამას?..
ღმერთი გვთავაზობს ძალიან ბევრ ტექსტს წმინდა წერილში, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს. თუ შეძლებ მარტო გამკლავებას, კარგია. მიხარია შენ გამო. მაგრამ თუ შენ არ შეგიძლია, და დიდი ხანია, ატარებ დაფარულს, რომელიც გამძიმებს და ახალ-ახალ ფენებს იმატებს, გადაიზრდება იმაში, რაზეც დავითი ამბობს: ისინი უკვე ბატონობენ ჩემზე, ეს მანკიერებანი. „რათა არ გაბატონდნენ ჩემზე… და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.“ ამ შემთხვევაში ადამიანს ცოდვა მართავს და მას საერთოდ აღარ შეუძლია ამის გაკონტროლება; ეს ყველას დასანახად ხდება, მაგრამ მისი დახმარება აღარავის შეუძლია. რისთვის?! ძვირფასო მეგობრებო, რისთვის?! თუკი ეს ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს უფალთან ერთად, ერთმანეთის მეშვეობით, მაშინ რისთვის ეს მსხვერპლი?!
დავასრულებ ასეთი მაგალითით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა. ამჯერად ოფისში ვიყავი. ვიღაცამ აიღო ყურმილი, ერთ-ერთმა ჩემმა დამხმარემ. აღმოჩნდა, რომ ევროპიდან რეკავდა ქალი, პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, ავიღე ყურმილი. მან ითხოვა ჩემთან საუბარი და მითხრა: „ექიმს ვთხოვე, სანამ ნარკოზს გამიკეთებდნენ, თქვენთან გასაუბრების უფლება მოეცა. ვუთხარი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ზარია, ნება მომეცით დავრეკო. იმიტომ, რომ ოპერაცია ძალიან სახიფათოა და შეიძლება ვერც გადავრჩე.“ და ის ამბობს: „მე თქვენთან უნდა ვაღიარო, იმიტომ, რომ შეიძლება გონს ვერ მოვიდე.“ მე ვუთხარი: „რასაკვირველია.“ და მან მიამბო თავისი ახალგაზრდობის ისტორია, თუმცა იმ დროისთვის ის უკვე 60 წლის იყო. ვიჯექი და პირზე ხელს ვიფარებდი. უბრალოდ ვფიქრობდი, რის გამო, რის გამო უნდა ატარო მთელი ცხოვრება ეს საიდუმლო?.. რისთვის უნდა იარო მთელი ცხოვრება თავდახრილმა? გეშინოდეს სარკეში საკუთარი თავის შეხედვის. რისთვის? რომ არა ოპერაცია, შესაძლოა, მას არც დაერეკა, უბრალოდ სიტუაციამ აიძულა იგი.
მინდა ვთქვა, მაინც რისთვის უნდა ატარო ის, რაც გტანჯავს, გაუძლურებს, თუ შესაძლებელია, რომ ეს მძიმე ტვირთი მოიხსნა?! ამიტომ მინდა ვთქვა, მიდით ერთმანეთთან. მოდით ჩვენთან, მსახურებთან, ხუცესებთან, რაიმე მოიმოქმედეთ. არ ატაროთ თქვენში ის, რაც გამძიმებთ, რომელიც არის – როგორც დაბრკოლების ქვა თქვენი სულიერი ზრდის გზაზე, თქვენი თავისუფლების, თქვენი სიხარულის, თქვენი მოწოდების გზაზე. რისთვის? ღმერთს შესანიშნავი ჩანაფიქრი აქვს, რომ შენ ღრუბლებში დაფრინავდე, თავისუფლად ცხოვრობდე, არ გრცხვენოდეს არც საკუთარი თავის, არც სხვების. და რისთვის, ძვირფასებო ადამიანებო?
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მარტივია. მომწონს ეს თარგმანი, სადაც იაკობი ამბობს – იქციეთ ეს ჩვეულებად. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ერთხელ უნდა გააკეთოთ, მაგალითად, აღდგომის წინ. რისთვის? როცა ეს შეგიძლა მოიმოქმედო ყოველ ჯერზე, როცა ამის საჭიროება გაგიჩნდება. დაე, უფალი დაგეხმაროს, რომ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება. თუ სულიწმიდა ესაუბრებოდა შენს გულს, იყავი გაბედული. მიიღე დღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ გამოემშვიდობო შენს ბნელ საიდუმლოებას. როგორც ამბობენ, ღმერთი იყოს შენი შემწე. თუ გინდა დახმარება ჩვენი მხრიდან, მოდი, ერთად ვილოცოთ. ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ. ვიღაც მე მეხმარება, ვიღაცას მე დავეხმარები. ან ჩვენი ხუცესები, ან მსახურები. მოდით, ამ ურთიერთობაში სინათლისკენ ვიაროთ, იესო ქრისტეს სახელით.
მოდით, ფეხზე წამოვდგეთ. უფალო, უსაზღვროდ მადლიერი ვარ შენი, იმისთვის, რომ შენ ნამდვილად, რეალურად აგვარებ სულიერ საკითხებს; იმისთვის, რომ ეს არ არის ფილოსოფია და არც მორიგი რელიგია; რომ ეს არის ნამდვილი თავისუფლება იესო ქრისტეში; რომ ეს არის ნამდვილი პატიება, რომელსაც ვიღებთ გოლგოთის ჯვრის ქვეშ. მადლობას გიხდი, რომ მილიონობით და მილიარდობით ადამიანი მოდიოდა ამ ჯვართან და არც ერთი მათგანი არ იყო იმედგაცრუებული და არავინ გაუგდიათ ამ ჯვრიდან.
უფალო, მადლობას გიხდი, რომ ნებისმიერი ჩვენი მანკიერება, ნებისმიერი ჩვენი ბნელი საიდუმლოება შეგვიძლია გაგიმხილოთ შენ. და შენ გვასწავლი, რომ ერთმანეთს ვეხმარებოდეთ ამ ურთიერთობაში, პრობლემების დაძლევაში. უფალო, ვაკურთხებ მათ, ვისაც სჭირდება დახმარება და მათ, ვისთანაც მივლენ დახმარებისთვის. გვაკურთხე, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს რწმენაში განსამტკიცებლად. აკურთხე მამაკაცები და ქალები, აკურთხე ბავშვები, გვაკურთხე ჩვენ ყველანი, ღმერთო, რომ გადავლახოთ ყველა ეს ცდუნება ჩვენი ცხოვრების გზაზე, იესო სახელით.
და მე გთხოვ, სულოწმიდა, რომ მოიცვა ჩვენი გულები, სანამ აქ, შენს თანდასწრებაში ვიმყოფებით, განვიცდით შენს სიახლოვეს, ვლოცულობთ სიმამაცესა და გაბედულებაზე, რათა თითოეულმა ადამიანმა დღეს დაუდოს საკუთარ თავს პირობა: მე აუცილებლად მოვაგვარებ ამ საკითხებს, აუცილებლად გავხსნი ამ „კვანძებს“ იესო ქრისტეს გულისთვის. მე არ ვივლი თავჩახრილი, მე გავიხარებ ცხოვრებით, ვივლი თავისუფლებაში. მე ვაკურთხებ შენს ეკლესიას, ყველა ადამიანს, ვისაც სწამს შენი. იესო, მადლობას გიხდი, რომ შემიძლია დავტკბე შენთან ურთიერთობით; რომ ჩვენ შორის არ არის კედელი, რომელიც განმაშორებს შენგან. მადლობას გიხდი სიხარულისთვის, ურთიერთობისთვის. ვაკურთებ ყველას შენი სახელით, შენი დიდებისთვის და გადარჩენისთვის. მადლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი, და სიყვარული ძისა და მამისა, და ზიარება სულიწმიდისა ყოველ ჩვენგანს, ამინ! დიდება უფალს!
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში