ისრაელის სიძველეების სამმართველომ (IAA) აღმოაჩინა გამაგრებული ქალაქი გოლანის მაღლობზე, სადაც ახალი კვარტლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს ციხე-სიმაგრე გეშურის სამეფოს ეკუთვნოდა, რომელიც მართავდა ჩრდილო და ცენტრალურ გოლანს ძვ.წ. XI-X საუკუნეებში.
გეშურის სამეფო დავითის ერთ-ერთი მოკავშირე იყო და ბიბლიის თანახმად, დავით მეფემ გეშურის მეფის შვილზე, მაყაქაზე იქორწინა. მათი შვილი აბესალომი დედის სამშობლოში გაიქცა მაშინ, როდესაც თავისი ნახევარძმა მოკლა.
როგორც არქეოლოგები ამბობენ, აღმოჩენილი კომპლექსი აშენებული იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, ბორცვის წვერზე, ელ-ალის კანიონის ზემოთ. დიდი ბაზალტის ლოდებისგან აშენებული ციხე-სიმაგრის 1.5 მ. სისქის კედლები გარს ერტყმოდა ბორცვს. არქეოლოგებმა მრავალი არტეფაქტი აღმოაჩინეს, მათ შორის, უძველესი სტატუეტები და სამკაულები.
გეშური დამოუკიდებელი არამეული სამეფო იყო, რომელიც, როგორც ჩანს, თაყვანს სცემდა მთვარის ღმერთს და იგი ხარის სტელის (ქვასვეტის) სახით იყო გამოსახული. არქეოლოგებმა იქ ნაკვეთი ქვებიც აღმოაჩინეს, რაც, სავარაუდოდ, გეშურელების რელიგიურ წეს-ჩვეულებაზე მეტყველებს.
ისრაელის არქეოლოგები მუშაობენ აღმოჩენილი გამაგრებული კომპლექსის დაცვისა და შენარჩუნებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს შემდგომი გამოკვლევებისა და გათხრების ჩატარება.