Christian headlines-ის ცნობით, ამ თვეში ათეისტურმა ჯგუფმა Freedom From Religion Foundation მოთხოვნით მიმართა კანზასის საშუალო სკოლის ხელმძღვანელობას, რათა შეეწყვიტათ შემოწირულობა ქრისტიანული აქტივობისთვის, რომელსაც „საშობაო ბავშვი“ ჰქვია.
„სამარიტელის ქისა“, რომლის გენერალური დირექტორიც ფრანკლინ გრემი გახლავთ, საშობაოდ ფეხსაცმლის ყუთებში ჩაწყობილ და მორთულ საჩუქრებს უგზავნის იმ ბავშვებს, რომლებმაც ამ წელს ვერ მიიღეს საკმარისი სამედიცინო დახმარება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა FFRF აცხადებს, რომ ის შემოწირულობა, რომელსაც კანზასის საშუალო სკოლა აწარმოებს, „ხელს უწყობს ქრისტიანული რწმენის გავრცელებას სხვადასხვა სკოლაში.“
ქრისტოფერ ლაინმა, FFRF-ის ადვოკატმა, განაცხადა, რომ „ფეხსაცმლის ყუთების“ მთავარი მიზანია ქრისტიანული რელიგიის გავრცელება ბავშვებში. მისი აზრით, სკოლებში წამოწყებული ეს აქტივობა აიძულებს არა მარტო ბავშვებს, არამედ სკოლის ყველა თანამშრომელს, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში და ქრისტიანობა გაავრცელონ. ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ კანონს და არღვევს ადამიანურ პრინციპებს.
სკოლების ზედამხედველი, ტონი ჰელფრიჩიც დაეთანხმა ამ მოსაზრებას და თქვა: „გრემის ეს წამოწყება იმაზე მეტად მწვალებლური ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა“.
ფრანკლინ გრემმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა FOX news-ის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას და ეჭვი შეიტანა იმაში, იქნება თუ არა ამერიკა ოდესმე ერთიანი.
„ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ჩვენ არ ვართ ერთიანნი და დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია უფრო დაიძაბება. კარგად ვხედავთ, რამხელა სიძულვილი მოდის ქრისტიანებზე, რომლებიც ქუჩაში საჯაროდ გამოდიან. არ ვაპირებ დანებებას. გავაგრძელებ ქრისტეს სიტყვის გავრცელებას და ვეტყვი ხალხს, თუ როგორ უყვარს უფალს ისინი და როგორ გაეკრა ჯვარზე მათთვის.“ – განაცხადა გრემმა.
მან ასევე საჯაროდ მოუწოდა კანზასის სკოლის მოსწავლეებს, რომ არ შეწყვიტონ საჩუქრების მომზადება და გაგზავნა ორგანიზაციაში.
„ჩვენ არავის ვაძალებთ ამის კეთებას, ბავშვები სიყვარულით და საკუთარი სურვილით აკეთებენ ამას და ამ საქმეში სკოლებიც თავისი ნებით ერთვებიან. მათ სურთ – სიკეთე აკეთონ.“ – დაამატა ფრანკლინ გრემმა.
2013 წელს ასეთმა ათეისტურმა ჯგუფმა უჩივლა საჯარო სკოლებს იმავე წამოწყების გამო. სწორედ ამიტომ, ჰუმანისტურმა ასოციაციამ რამდენიმე სკოლას განუცხადა, რომ დათანხმებოდნენ ათეისტური ჯგუფის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჯგუფი სასამართლოში ჩივილს გეგმავდა. აღნიშნული მოთხოვნები ყველა სკოლამ შეასრულა.