ერთ-ერთი ცნობილი ლგბტქ ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენს და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს, აკრედიტაცია შეუჩერდეთ იმ რელიგიურ სასწავლებლებს, რომლებიც უარს იტყვიან, აირჩიონ „არადისკრიმინაციული პოლიტიკა და სამეცნიერო კურიკულუმის მოთხოვნები“.
ამის შესახებ ვკითხულობთ ორგანიზაცია Human Rights Campaign-ის (რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ლგბტქ უფლებადამცველი ორგანიზაციია) მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში “Blueprint for Positive Change 2020”. აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები ბაიდენის ადმინისტრაციისთვის.
ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება რელიგიური სასწავლებლებისათვის დაშვებული გამონაკლისების გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი მხარს უჭერს ქორწინების ბიბლიურ განსაზღვრებას, ან ვერ შეძლებს „სამეცნიერო კურიკულუმის მოთხოვნების“ შემოთავაზებას.
კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში არსებული ქრისტიანული სასწავლებლის, Southern Baptist Theological Seminary-ის პრეზიდენტის, ალბერტ მოლერის განცხადებით, აკრედიტაციის დაკარგვა დამანგრეველი იქნება ქრისტიანული სასწავლებლებისათვის.
„თუ ‘კამპანია ადამიანთა უფლებებისათვის’ თავის მიზნებს მიაღწევს, რელიგიურ დაწესებულებებს მოუწევთ ფუნდამენტურ რელიგიურ და თეოლოგიურ დოქტრინებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა, ან მათი მნიშვნელობა დაკნინდება.“ – წერს ალბერტ მოლერი.
მოლერის თქმით, ლგბტქ უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ ხსენებული სამეცნიერო კურიკულუმი მიემართება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს და მათ შესახებ ინფორმაციას „მეცნიერების ენით ნიღბავს“.
დოკუმენტის შესავალ ნაწილში დაწერილია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გამუდმებით აკნინებდა დაუცველ თემთა, მათ შორის, ლგბტქ თემის უფლებებს.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გადაჭრას ამ საზიანო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა დეპარტამენტში, აღადგინოს პრეზიდენტ ობამას მიერ შემოღებული დამცველი უფლებები და აშშ დააბრუნოს ყველა ლგბტქ პირის თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე.“ – წერია დოკუმენტში.