აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე პროცესების გამო და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„საჭიროა ყველა მხარის მხრიდან დეესკალაცია, დაძაბულობის შემცირება და მდგომარეობის დაწყნარებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.“ – თქვა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე დაგმო „ჰამასის“ სარაკეტო შეტევა და მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, პასუხი გაეცა შეტევაზე.
არსებული დაძაბულობის შესახებ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმაც:
„ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას და უპასუხოს სარაკეტო შეტევებს. პალესტინელ ხალხს, ისევე, როგორც ისრაელის მოქალაქეებს, აქვთ უსაფრთხოების და დაცულობის უფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და სიმშვიდე.“
ნედ პრაისმა მწუხარება გამოთქვა ორივე მხარეს დაღუპულების გამო და შეშფოთება გამოხატა იერუსალიმში პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებაში დაშავებულთა გამო.