მთელი მსოფლიოს მასშტაბით 130 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება ქრისტესკენ მოქცევის შესახებ წითელ პარასკევს ჩატარებული ვირტუალური მახარებლური ღონისძიებისას, რომელიც მიჰყავდა ორგანიზაციას “Pulse” სხვა ცნობილ ქრისტიან ლიდერებსა და შემსრულებლებთან ერთად.
სამახარებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აპოლოგეტი რავი ზაქარიასი, მწერალი მაქს ლუკადო, ასევე ხუცესები ფრანსის ჩანი და სამუელ როდრიგესი. საგალობლებს ასრულებდნენ მაიკლ სმიტი, ლორენ დეიგლი, კოუდი კარნსი და კარი ჯოუბი.
ღონისძიების შემდეგ ათობით ათასმა ადამიანმა მიმართა ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტის, ტექსტური შეტყობინებების, ვებგვერდებისა და სატელეფონო მომსახურების ცენტრების მეშვეობით იმის სათქმელად, რომ ქრისტე ირწმუნეს და მიიღეს გადაწყვეტილება, გაჰყოლოდნენ მას. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნიკ ჰოლმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სულ 132 ათასი ადამიანი გამოეხმაურა მოწოდებას უფლისკენ მოქცევის შესახებ, ხოლო ას მილიონზე მეტი კი თვალს ადევნებდა ღონისძიების მიმდინარეობას.
„ფოტოებს გვიგზავნიდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან – ნიგერიიდან მოყოლებული ინდოეთამდე და ჩინეთამდე. ფოტოებზე ასახულნი იყვნენ მისაღებ ოთახში ტელევიზორის ან ნოუთბუქის გარშემო შეკრებილი ოჯახის წევრები, რომლებიც უყურებენ ჩვენს მსახურებებს. ეკლესიების შენობების კარები შეიძლება დაკეტილია ახლა, მაგრამ თავად ეკლესია არ არის დაკეტილი.“ ‒ განაცხადა ნიკ ჰოლმა.
მსახურებას ასზე მეტ ქვეყანაში ჰყავდა მაყურებელი, მათ შორის, ჩინეთში, ინდოეთში, ტაილანდში, იაპონიაში, ნეპალში, ნიგერიაში, კენიაში, რუსეთსა და უკრაინაში. მსახურება ითარგმნა 40-ზე მეტ ენაზე.
„თარჯიმნები დახურულ ქვეყნებშიც მუშაობდნენ. ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკავდნენ იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა მშობლიურ ენაზე ეუწყებინათ თავიანთი ხალხისათვის. აი, ასეთი ძვირფასია სახარება მათთვის.“ ‒ თქვა ჰოლმა.
წითელ პარასკევს ინტერნეტით გადაცემული მსახურების ნახვა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.