ებრაელმა არქეოლოგებმა ქსოვილის ნაჭერზე აღმოაჩინეს მეწამული საღებავი, რომელიც ბიბლიური მეფე დავითის მეფობის დროით თარიღდება.
ამ პერიოდით დათარიღებული მეწამული ქსოვილი პირველად იქნა აღმოჩენილი ამ რეგიონში. „ისრაელის სიძველეთა მართვის“ ექსპერტი დოქტორი ნაამა სუკენიკი ამბობს, რომ ეს არის „ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი აღმოჩენა“.
ქსოვილის ნაჭერი აღმოაჩინეს ტიმნაში წარმოებული გათხრებისას, იერუსალიმის სამხრეთით, 220 კმ-ის დაშორებით.
„ანტიკურ ხანაში მეწამული სამოსელი (ძოწეული) კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანებთან, მღვდლებთან და რასაკვირველია, სამეფო ოჯახთან ასოცირდებოდა. მეწამული საღებავი მოლუსკებისგან მზადდებოდა. მის დამზადებასთან დაკავშირებული სირთულე, მისი დიდებული შეფერილობა და ის ფაქტი, რომ იგი არ ხუნდებოდა, საღებავს დიდ ღირებულებას მატებდა. ხშირად ის ოქროზე ძვირადაც კი ფასობდა.“ – ამბობს დოქტორი სუკენიკი.
მეწამული ხშირად მოიხსენიება ბიბლიაში. მეფე დავითს და მეფე სოლომონს მეწამული სამოსელი ემოსათ; იესოს შესახებ კი დაწერილია, რომ მას ჯვარცმამდე ძოწეულის (მეწამული ფერის) მოსასხამი მოასხეს.
„ფერმა მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადღება, თუმცა გვიჭირდა იმის დაჯერება, რომ ასეთი უძველესი პერიოდის ნამდვილი მეწამული ფერი აღმოვაჩინეთ.“ – განაცხადა თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიური განყოფილების პროფესორმა, ერეც ბენ-იოსეფმა.
აქამდე ეს ფერი მხოლოდ მოლუსკების ნიჟარებსა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებზე იყო აღმოჩენილი, მაგრამ არა ქსოვილზე. რადიოკარბონული დათარიღების მეთოდით განისაზღვრა, რომ ქსოვილი ნაჭერი თარიღდება ძვ. წ-აღ-ის 1000 წლით, პერიოდით, როდესაც ისრაელში დავითი მეფობდა.