აშშ-ში ევანგელისტი ქრისტიანები და ორთოდოქსი იუდეველები გაერთიანდნენ იმისათვის, რომ საკუთარი სამლოცველო სახლები ვაქცინაციის ჩატარებას დაუთმონ. ისინი იმედოვნებენ, რომ ამით ხელისუფლებას და კერძო კომპანიებს დაეხმარებიან პანდემიასთან ბრძოლაში.
ცოტა ხნის წინ უოლტერ კიმმა – „ევანგელისტთა ნაციონალური ასოციაციის“ პრეზიდენტმა და რაბინმა მოშე ჰაუერმა – „ორთოდოქსთა გაერთიანების“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადეს: „მზად ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სჭირდება ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი არის თუ არა ჩვენი მრევლის წარმომადგენელი ან ჩვენს რაიონში მცხოვრები. ჩვენი შეკრების ადგილებს სიამოვნებით გამოვყოფთ იმისათვის, რომ ჩატარდეს ვაქცინაცია“.
„მიგვაჩნია, რომ ბევრი შეგვიძლია შევთავაზოთ საზოგადოებას. ჩვენი ტრადიცია გვასწავლის არა მხოლოდ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია, არამედ იმასაც, რომ ჩვენი რელიგიური მოვალეობაა ერთმანეთის კეთილდღეობაზე ზრუნვა.“ – განაცხადა ჰაუერმა Religion News Service-თან ინტერვიუში.
ჰაუერის ჯგუფი უკვე დაუკავშირდა შტატის ოფიციალურ პირებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, რომლებმაც უკვე გამოხატეს დაინტერესება. ჰაუერის ინფორმაციით, „ორთოდოქსთა გაერთიანებამ“ ორივე შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე გადასცა ამ შტატებში არსებული სამლოცველო სახლების ჩამონათვალი, სადაც არის სათანადო პირობები ვაქცინების შენახვისა და აცრების ჩატარებისათვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გაერთიანებული მეთოდისტების ეპისკოპოსმა, თომას ბიკერტონმა ნიუ-იორკის გუბერნატორს შესთავაზა 421-ივე მეთოდისტური ეკლესიის შენობის გამოყენება ვაქცინაციის ჩასატარებლად. სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ფლორიდასა და სხვა შტატებში არსებული ზოგიერთი ეკლესიის შენობა უკვე გამოიყენება აცრების ჩასატარებლად.