აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად გაემგზავრა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სადაც საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ თანამშრომლები მუშაობენ დევნილთა დასახმარებლად.
ხუთშაბათს, 10 მარტს მაიკ პენსი და მისი მეუღლე კარენ პენსი უკრაინის საზღვართან შეხვდნენ „სამარიტელის ქისის“ ლიდერებს. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია საზღვართან ახლოს საველე ჰოსპიტლებს აგებს დაჭრილთა სამკურნალოდ.
„მე და კარენი, ედუარდ გრემთან ერთად ვეწვიეთ უკრაინის საზღვარს, რათა შევხვედროდით უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ეძებენ თავშესაფარს. დამანგრეველია ის შედეგები უკრაინული ოჯახებისთვის, რაც რუსეთის შეჭრამ მოიტანა, ჩვენ ყველა უნდა დავუდგეთ გვერდით უკრაინას და ყველამ უნდა ვილოცოთ მათთვის. ვაფასებ, რომ „სამარიტელის ქისა“ ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზეა იესოს სახელით და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ სადაც ტანჯვაა, ისინიც იქ არიან.“ – დაწერა მაიკ პენსმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე და ადამიანებს ისეთი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, როგორიც „სამარიტელის ქისაა“.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მისტერ და მისის პენსებს. მადლობელი ვარ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და ჩვენი პერსონალის წახალისებისთვის, რომლებიც ადგილზე მსახურობენ. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ლოცვა უკრაინისთვის და ვილოცოთ მშვიდობისთვის. ჩვენ შევძელით საველე ჰოსპიტლის გახსნა ლვოვის მატარებლის სადგურზე; დავგეგმავთ ჰოსპიტლების გახსნას სხვა ადგილებზეც უკრაინაში ამ შაბათ-კვირას. ასევე ვაგზავნით სატვირთო თვითმფრინავებს ჰუმანიტარული ტვირთით; ჩემი შვილი, ედუარდიც ადგილზეა ჩვენს გუნდთან ერთად უკრაინის საზღვართან.“ – დაწერა „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტმა და ცნობილმა ევანგელისტმა მქადაგებელმა ფრანკლინ გრემმა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.
ვინ არის მაიკ პენსი?
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაიბადა 1959 წლის 7 ივნისს, აშშ-ის ინდიანის შტატის ქალაქ კოლუმბუსში. დაამთავრა ჰანოვერის კოლეჯი. 1986 წელს მოიპოვა იურისტის ხარისხი ინდიანის უნივერსიტეტთან არსებულ რობერტ ჰ. მაკკინის სამართლის სკოლაში.
2001-2013 წლებში პენსი წარმომადგენელთა პალატაში იყო, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი. 2013-2017 წლებში გახლდათ ინდიანის შტატის გუბერნატორი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია. ჰყავს მეუღლე, კარენ პენსი და სამი შვილი. პენსი ევანგელისტი ქრისტიანი გახლავთ.