დებორა იაკუბუს, რომელიც მუსლიმანებმა ნიგერიაში13 მაისს ჩაქოლეს და შემდეგ დაწვეს, ბრალს სდებდნენ ისლამის წინასწარმეტყველის, მუჰამედის, გმობაში. ეს ფაქტი პირველად მაშინ დაფიქსირდა, როდესაც მან უარი უთხრა ერთ-ერთ მუსლიმან ბიჭს შეხვედრაზე. საბოლოოდ გაირკვა, რომ მიზეზი მისი ქრისტიანული შეხედულებები იყო.
შემდეგი მიზეზი კი დებორას მიერ WhatsApp-ის სტუდენტურ ‘ჩატში’ გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება გახდა, სადაც ამბობდა, რომ ჯგუფში მეტისმეტად ბევრი რელიგიური პოსტი იდებოდა. იგი თანაკურსელებს მიმართავდა, რომ სისულელეების წერას ჯობდა, ‘ჩატი’ ადეკვატურად გამოეყენებინათ. სწორედ ეს გახდა ხელჩასაჭიდი მუსლიმანი სტუდენტებისთვის, რომლებმაც სხვა სტუდენტებიც შემოკრიბეს დებორას წინააღმდეგ და მიუხედავად დაცვის თანამშრომლების მცდელობისა, რომ დაემალათ იგი სასწავლებელთან არსებულ პატარა შენობაში, მისი ჩაქოლვა და დაწვა მაინც შეძლეს.
„დებორამ ჯგუფელების ‘ჩატში’ დაწერა, რომ ის დისკრიმინაციას განიცდიდა ქრისტიანობის გამო. სწორედ ამას მოჰყვა ყველაფერი.“ – აცხადებს იმ ეკლესიის ხუცესი, რომლის მრევლის წევრიც დებორა გახლდათ.
ვიდეო, რომელსაც მუსლიმანი სტუდენტები ჩაქოლვის პროცესში იღებდნენ, ვირუსულად გავრცელდა „ტვიტერზე“. ვიდეოში ჩანან გამძვინვარებული სტუდენტები და ისმის შეძახილები: „ალაჰ აკბარ!“
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, აღნიშნულ საქმეზე ორი სტუდენტია დაკავებული. გოგონას მკვლელობას გმობენ როგორც ნიგერიელი ქრისტიანები, ასევე მუსლიმანები და ხელისუფლების წარმომადგენლები.
გოგონას ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით: „მსგავს საქციელს არცერთი რელიგია არ ამართლებს და ყველა დამნაშავემ, კანონის მთელი სიმკაცრით, პასუხი უნდა აგოს საკუთარ საქციელზე.“
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ახალი ანგარიშის მიხედვით, ქრისტიანთა დევნის კუთხით მსოფლიოში, ნიგერიამ მეშვიდე ადგილი დაიკავა.