როგორც Christian Today აცხადებს, ორგანიზაცია Open Doors-ზე დაყრდნობით, ნიგერიაში ყველა მცხოვრებელს თავდასხმისა და გატაცების გამუდმებულ შიშში უწევს ცხოვრება. მაგრამ ქრისტიანებისთვის, რომლებიც ისლამისტი რადიკალების მხრიდან განუწყვეტლივ თავდასხმის ობიექტები არიან, შობა განსაკუთრებით სახიფათო დროა.
სიტუაცია ნიგერიაში ძალიან სავალალოა, განსაკუთრებით კი ქრისტიანთათვის. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ მძვინვარებს. კრიმინალის სახით ძალადობა ჩრდილო-დასავლეთსაც მოედო. ქვეყნის შუა ნაწილში ქრისტიანებს თავს ხშირად რადიკალი ფულანი მეჯოგეები ესხმიან, რომლებიც მუსლიმანები არიან. ძალადობა ვრცელდება ქვეყნის სამხრეთისკენაც.
ხშირია სკოლის მოსწავლეთა პირდაპირ სკოლებიდან გატაცების ფაქტებიც. საინტერესოა, რომ „ბოკო ჰარამი“, რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს „დასავლური განათლება აკრძალულია“ ან „დასავლური განათლება ცოდვაა“, გამიზნულად ესხმის თავს და იტაცებს მათ, ვინც სკოლაში დადის და ცდილობს განათლების მიღებას. მათთვის დასავლური განათლება ქრისტიანობასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომაა ასე ხშირი სკოლის მოსწავლეების გატაცება.
ისლამისტი რადიკალები გამიზნულად და შერჩევით მოქმედებენ. ქრისტიანები მათი პირველი სამიზნე გახლავთ. გატაცებულ ქრისტიანებს აიძულებენ ისლამის მიღებას ან სექსუალურ მონებად და ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცევენ. როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია მოცემული, მხოლოდ 2020 წელს „ბოკო ჰარამის“ ტერორისტებისა და რადიკალი ფულანი მეჯოგეების მიერ, სულ მცირე, 2200 ქრისტიანია მოკლული ნიგერიაში.
2015 წელს, წინასაარჩევნოდ, პრეზიდენტის მხრიდან ძალადობისა და კრიმინალის აღმოფხვრის დაპირების მიუხედავად, თავისი მმართველობის თითქმის 6 წლის თავზე, მუჰამადუ ბუჰარიმ არ ან ვერ შეძლო, ქვეყანაში უსაფრთხოება დაემყარებინა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია Open Doors USA’s-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ნიგერია მე-12 ადგილზეა მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის მხრივ.