„ეს ფული ომით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთმა ბებომ მოიტანა. ეს ბებო პენსიაზე გასული მასწავლებელია. რეგულარულად დადის ეკლესიაში. ჰუმანიტარულ დახმარებას ვამზადებდით დაზარალებულთათვის, როცა ბებო მოვიდა. მისმა სიტყვებმა აგვატირა.“ – წერს ევანგელურ-ქრისტიანული ეკლესია „მადლის“ ხუცესი მიხაილ ბრიტცინი.
„მელიტოპოლში დავიბადე და მთელი ცხოვრება აქ გავატარე. ფაშისტური ოკუპაცია უკვე გამოვიარე პატარაობისას. დედამ კარგად მასწავლა ის, თუ როგორ უნდა გადამერჩინა თავი და ეს ახლა დიდად მეხმარება. ნორმალური პენსია მაქვს. ფულს ვაგროვებდი ჩემი დაკრძალვის დღისათვის, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ბევრმა ადამიანმა ყველაფერი დაკარგა. ამიტომაც მინდა, რომ ეს ფული მათ მოხმარდეს. მე ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს! რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე დამთავრდება.“ – თქვა ქალმა, რომელმაც საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული თანამოქალაქეებისთვის გაიღო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ „უკრაინული აგრესიის“ მოგერიებაში.