23 იანვარს რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ 26 იანვარი მთელ მსოფლიოში „მშვიდობისთვის ლოცვის დღედ“ იქცეს. მან ასევე თქვა, რომ საჭიროა გაიმართოს პოლიტიკური მოლაპარაკება, რომელიც დამყარებული იქნება ძმობაზე, კერძო ინტერესების ნაცვლად.
„შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც ქმნის უკრაინაში მშვიდობისთვის ახალი დარტყმის მიყენების საფრთხეს, და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოებას.“ – თქვა პაპმა 23 იანვარს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მომლოცველების წინაშე გამოსვლისას.
ვატიკანს არ დაუკონკრეტებია დეტალები, როგორ აპირებს პაპი ამ დღის აღნიშვნას.
საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ განცხადება დაწერა პროტესტანტების „პაპად“ წოდებულმა ფრანკლინ გრემმაც და ხალხს დაპირისპირებული მხარეებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
„უკრაინა და რუსეთი, როგორც ჩანს, უფრო და უფრო უახლოვდებიან ომს. ომის დაწყება ორივე მხარეს უამრავი სიცოცხლის დაკარგვას მოასწავებს. ილოცეთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რათა ღმერთმა განაწყოს მათი გულები და იპოვონ გზა დამანგრეველი კონფლიქტის გარეშე. მათ გადაწყვეტილებებს მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მე მქონდა პატივი რუსეთსა და უკრაინაში სახარების ქადაგებისა, და ორივე ქვეყანაში ქრისტიანი მეგობრები მყავს. მოდით, ვილოცოთ მშვიდობისა და ღვთის წყალობისთვის.“ – ამბობს გრემი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსულმა ძალებმა უჩვეულო გადაადგილება და თავმოყრა ბოლო თვეა, რაც განაახლეს. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთის უკიდურეს დასავლეთში ახლა 90 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, მოსკოვი უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის ბოლოსთვის ან თებერვლის დასაწყისისთვის გეგმავს, რასაც წინ გაუძღვება კრემლის მიერ წინასწარ დაგეგმილი სამოქალაქო არეულობები.
P.S. მოგიწოდებთ, ერთად შევუერთდეთ ლოცვას უკრაინის კრიზისის მოგვარებისა და მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში.