„ჩინეთს არ უნდა მიეცეს უფლება, სპორტით გადაფაროს რელიგიური თავისუფლების შელახვა.“ – განაცხადა Release International-ის ხელმძღვანელმა პოლ რობინსონმა. მისი თქმით, ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ახლახან დაიწყო პეკინში, კარგი შესაძლებლობაა ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან რელიგიური უმცირესობების დევნაზე ხმამაღლა სასაუბროდ.
„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სამი მილიარდი ადამიანი უყურებს. ეს გახლავთ სამი მილიარდი შესაძლებლობა, რათა ხაზი გავუსვათ სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ დევნის ჩინეთი თავის რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის ქრისტიანებს.” – თქვა მან.
თამაშები ტარდება გლობალური შეშფოთების ფონზე ჩინეთის მოპყრობის გამო, ძირითადად მუსლიმანი უიღურების უმცირესობის მიმართ, რომელთაგან მინიმუმ მილიონი იძულებით გადაიყვანეს ხელახალი განათლების ბანაკებში.
რობინსონი მოუწოდებს ქრისტიანებს, ილოცონ ჩინეთში არსებული სიტუაციისთვის.
დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ, ავსტრალიამ და ლიეტუვამ გამოაცხადეს დიპლომატიური ბოიკოტი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მინისტრები და ოფიციალური პირები არ დაესწრებიან თამაშებს.
უფლებადამცველების აზრით, ზამთრის ოლიმპიური თამაშები გიგანტური პროპაგანდისტული შოუა ჩინეთისთვის. ისინი მოუწოდებდნენ ადამიანებს თამაშების ბოიკოტისკენ, ხოლო ვინც ესწრება, გამოიყენონ ყველა შემთხვევა, შესაძლებლობა და ჟესტი სოლიდარობის დასაფიქსირებლად მსხვერპლთა მიმართ.
ჩინეთი ქრისტიანობას დასავლურ რელიგიად მიიჩნევს და ამიტომ მას საფრთხედ აღიქვამს. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ეკლესიები დაანგრიეს და ჯვრები ჩამოხსნეს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ცოტა ხნის წინ დააწესა შეზღუდვა ბიბლიებისა და სხვა ქრისტიანული ლიტერატურის ონლაინგავრცელებაზე. მხოლოდ ის ჯგუფები შეძლებენ ბიბლიების დარიგებას, რომლებიც აღიარებენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და საკუთარ ქადაგებებზე ცენზურის დაწესების უფლებას მისცემენ მას.
ამავდროულად, ქრისტიანთა უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Voice of the Martyrs წამოიწყო ლოცვითი კამპანია. ორგანიზაცია მოუწოდებს ქრისტიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ილოცონ ჩინეთში მცხოვრებ ქრისტიანებზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას.
„ოლიმპიადა ყოველთვის სავსეა დიდებული სანახაობითა და შთამაგონებელი სპორტული მიღწევებით, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მასპინძელ ქვეყანას არ სურს, ვხედავდეთ დაპატიმრებულ ხუცესებს, ეკლესიათა დანგრეულ შენობებს და რელიგიური თავისუფლების აბსოლუტურ არარსებობას.“ – განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ტომ ნეტლტონმა.