ჰუმანიტარული დახმარების ქრისტიანული ჯგუფები ეხმარებიან უკრაინის ეკლესიებს.
აშშ-ში, ილინოისში არსებული „სლავური სახარებისეული საზოგადოება“ (Slavic Gospel Association) ეხმარება უკრაინაში არსებულ ეკლესიებს, რადგან სწორედ ეკლესიებს აფარებს თავს ქრისტიანთა ნაწილი.
„უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გვაქვს. ძალიან გთხოვთ, გაგვიგოთ: ახლა ისევ სარდაფში ვსხედვართ ბავშვებთან ერთად. ისმის განგაშის სიგნალების გამაყრუებელი ხმა. არ ვიცით, ხვალ რა იქნება. სურსათი მოვიმარაგეთ და ხალხს ვურიგებთ,“ – გამოქვეყნდა „ტვიტერზე“ „სლავური სახარებისეული საზოგადოების“ თანამშრომელი ერთ-ერთი ხუცესის სიტყვები.
ერიკ მოკიმ, „სლავური სახარებისეული საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ჯგუფი უკრაინის ეკლესიებს დახმარებას უგზავნის.
„სანამ სხვები გარბიან, ადგილობრივი ეკლესიები რჩებიან, რათა საკვებით, ზამთრის სამოსით, საბნებითა და წამლებით დაეხმარონ საფრთხეში მყოფ ათასობით ადამიანს; მათ შორის არიან ობლები, განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე უპატრონო ბავშვები, მოხუცები, იძულებით გადაადგილებულნი და ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი.“ – განაცხადა მოკიმ The Christian Post-თან საუბრისას.
The Christian Post-ის მიხედვით, 1934 წელს დაარსებული „სლავური სახარებისეული საზოგადოება“ მზად არის, 175 000 ულუფა საკვები მიაწოდოს აღმოსავლეთ უკრაინის 40-ზე მეტ ეკლესიას.
საერთაშორისო ქრისტიანული ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფმა „სამარიტელის ქისამ“ რუმინეთსა და პოლონეთში უკვე გაგზავნა კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფები, რათა გაარკვიოს, როგორ შეუძლია ორგანიზაციას მეზობელი ქვეყნებიდან უკრაინის დახმარება.
„სამარიტელის ქისა“ კვირების განმავლობაში ახლოდან აკვირდებოდა უკრაინაში არსებულ სიტუაციას. კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის წევრები მეზობელ ქვეყნებში განვალაგეთ და მზად ვართ დახმარებისთვის. გთხოვთ, შემომიერთდეთ უკრაინელი ხალხისათვის ლოცვაში. ვილოცოთ, რათა ეს კონფლიქტი მალე დასრულდეს.“ – განაცხადა ფრანკლინ გრემმა, „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Vision ასევე მზად არის იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც, შესაძლოა, კონფლიქტმა მშობლებს დააშოროს იძულებით გადაადგილების შემდეგ.
ორგანიზაცია პირველადი საჭიროების ნივთებით სავსე შეკვრებს ურიგებს ხალხს. გარდა ამისა, World Vision-ის რუმინეთში არსებული ჯგუფი მოლდავეთის საზღვართან არის მობილიზებული, რათა დაეხმაროს უკრაინიდან გადმომსვლელ დევნილებს.