24 თებერვალს ქრისტიანი სულიერი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურნენ და საზოგადოებას მშვიდობისთვის ლოცვისკენ მოუწოდეს.
მიმდინარე მოვლენებს საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ გამოეხმაურა ბილი გრემის ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტი ფრანკლინ გრემი:
„დღევანდელი დილა დაიწყო ინფორმაციით, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედრო კამპანია უკრაინის წინააღმდეგ. ილოცეთ უკრაინელი ხალხისთვის, რათა კონფლიქტი სწრაფად დასრულდეს. მე ვქადაგებდი როგორც კიევში, ასევე ლვოვში, ბევრმა ადამიანმა მოისმინა სახარება, „სამარიტელის ქისა“ მუშაობს 3000-ზე მეტ ეკლესიასთან უკრაინაში და ჩვენ ვაგზავნით ნახევარ მილიონზე მეტ საჩუქარს უკრაინელი ბავშვებისთვის. ამ ორგანიზაციის ეგიდით ბევრი მეგობარი გვყავს არა მარტო უკრაინაში, არამედ რუსეთშიც. ირგვლივ ძალიან დიდი შიში და გაურკვევლობაა. ბევრი უკრაინელი ტოვებს საკუთარ სახლს, ამ ოჯახებს ჩვენი ლოცვა სჭირდებათ.“
არსებულ ვითარებას გამოეხმაურა ცნობილი თეოლოგი და საზოგადო მოღვაწე რასელ მურიც:
„ვლადიმერ პუტინი არის მკვლელი და ტირანი. ის ძალადობს ევანგელურ ქრისტიანებზე, სხვა რელიგიურ უმცირესობებზე და საკუთარი ქვეყნის ობლებზეც კი. ახლა ის თავს ესხმის საკუთარ მეზობელს – შეერთებული შტატების მეგობარს… დემოკრატიას… ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა.”
Harvest Christian Fellowship-ის უფროსი ხუცესი კალიფორნიაში გრეგ ლორი „ტვიტერზე“ წერს:
„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოდით, ყველამ ვილოცოთ იქ მყოფი ხალხისთვის. ასევე ვილოცოთ ჩვენი მთავრობისთვის, რომ მათ მიიღონ გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილებები მომდევნო რამდენიმე კრიტიკულ საათში.“
ორგანიზაცია Living Proof Ministries-ის დამფუძნებელი ბეთ მური წერს:
„ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ლოცვას მნიშვნელობა არ აქვს. ილოცეთ უკრაინისთვის. ილოცეთ ღვთიური ჩარევისთვის. სასწაულებრივი მფარველობა გამოითხოვეთ. ილოცეთ უფალ იესოს მადლისთვის, რათა მან შეაღწიოს უკრაინულ ოჯახებსა და სამალავებში და იყოს ფარი და ნუგეში მათთვის. “
შეგახსენეთ, რომ რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს, გამთენისას თავს დაესხა უკრაინის რესპუბლიკას.