21 დეკემბერს სატურნი და იუპიტერი ერთ ხაზზე განლაგდება და ერთ კაშკაშა ვარსკვლავად წარმოგვიდგება.
Forbes-ის მიხედვით, ორი პლანეტა „ორმაგი პლანეტის“ მსგავსად იქნება და არაჩვეულებრივად დიდ სინათლეს გამოსცემს. უკანასკნელად, სატურნისა და იუპიტერის ერთ ხაზზე განლაგება მოხდა 1226 წლის 4 მარტს, რაისის უნივერსიტეტის ასტრონომის, პატრიკ ჰარტიგანის ცნობით.
„ამ ორი პლანეტის ერთ ხაზზე განლაგება საკმაოდ იშვიათია, 20 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ამგვარი შეერთება უიშვიათესია,“ – ამბობს ჰარტიგანი.
„მზის ჩასვლიდან, დაახლოებით, ერთ საათში გამოჩნდებიან ეს პლანეტები დასავლეთის ცაზე. ისინი ყველაზე მეტად 21 დეკემბერს დაუახლოვდებიან ერთმანეთს, თუმცა იმ კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს გექნებათ მათი დანახვის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სანახაობა ჰორიზონტთან ახლოს იქნება, მას საკმაოდ დიდი სინათლე ექნება იმისათვის, რომ ბინდისას შეძლოთ დანახვა. სამხრეთ-დასავლეთით უნდა გაიხედოთ მზის ჩასვლიდან 45 წუთის შემდეგ.“ – ნათქვამია Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ამ შესანიშნავი სანახაობის დანახვა დედამიწის ყოველი კუთხიდან იქნება შესაძლებელი.
ასტრონომების ცნობით, ამგვარი „დიდი შეერთება“ 2080 წლის 15 მარტამდე აღარ მოხდება.
ზოგიერთი ასტრონომის ვარაუდით, მათეს სახარებაში მოხსენიებული ბეთლემის ვარსკვლავი სატურნის, იუპიტერისა და ვენერას უიშვიათესი შეერთება იყო. ამ აზრის გახლდათ გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი იოჰან კეპლერი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ასტრონომი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა მზის სისტემაში პლანეტების მოძრაობის კანონები.