„ისრაელში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის დაფები, რომლის წარწერებიც ძველ აღთქმაში არსებულ აღწერილობას წააგავს და რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა აღთქმის კიდობნის ისტორიაში.“ ‒ იუწყება ისრაელის გაზეთი.
3100 წლის ტაძარში, რომელიც იერუსალიმის მახლობლად, ბეთ-შემეშის ძველ დასახლებაში აღმოაჩინეს, 2012 წლიდან მიმდინარეობს გათხრები და ახლახან ამ ადგილზე მუშებმა ქვის დაფები იპოვეს, რომელიც, შესაძლოა, აღთქმის კიდობანთან იყოს დაკავშირებული.
აღთქმის კიდობანი ოქროსგან იყო გაკეთებული და მასში ინახებოდა ქვის დაფები, რომელიც მოსემ ღმერთისგან მიიღო და ამოტვიფრა მასზე 10 მცნება, როდესაც სინაის მთაზე იმყოფებოდა.
თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ზვი ლედერმანმა, რომელიც აღნიშნულ გათხრებს კოლეგასთან, შლომო ბუნიმოვიცთან ერთად ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა, შესაძლოა, შეესაბამებოდეს ბიბლიურ მონათხრობს.
გათხრილი ნაგებობა დათარიღებულია ძვ.წ.აღ. XII საუკუნით და არის შესანიშნავი მოედანი, 9 იარდის (8.5 მეტრი) სიგრძის.
„უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს მართლაც ტაძარი იყო,“ ‒ განაცხადა ბუნიმოვიცმა. ‒ „როდესაც დააკვირდებით სტრუქტურას და მის შინაარსს, აშკარაა, რომ ეს არ არის სტანდარტული საშინაო სივრცე, არამედ რაღაც განსაკუთრებული.”
არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს შენობა გაანადგურეს ძვ.წ.აღ. XII საუკუნეში და გადააქციეს ცხოველების სადგომად. არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ეს შენობა უძველესი ცხოველების ფეკალიებით იყო დაფარული.
„ჩემთვის ეს არის ბარბაროსული საქციელი, წმინდა ადგილის განზრახ შეურაცხყოფა.“ ‒ თქვა ლედერმანმა.
ლედერმანი ვარაუდობს, რომ ეს ტაძარი ფილისტიმელებს უნდა დაენგრიათ, რადგან მათი უახლოესი დასახლება 7.6 იარდით (7 კილომეტრით) იყო დაშორებული მისგან. მტკიცებულებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეთ-შემეში იყო სასაზღვრო ქალაქი, რომელიც მრავალჯერ იქნა დაპყრობილი, განადგურებული და აღორძინებული.
ტაძრის სტრუქტურის შიგნით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის დაფები, რომელიც ჰორიზონტალურად ეყრდნობოდა ორ პატარა კლდეს.
„დასაწყისში ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო სვეტი, რომელიც ჩამოინგრა, მაგრამ მალევე გავაცნობიერეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაფები.“ ‒ განაცხადა ლედერმანმა. მან ასევე განმარტა, რომ ობიექტი შეესაბამება ძველი აღთქმის 1-ელ მეფეთა წიგნში აღწერილ „დიდი ქვის“ პროფილს, სადაც აღთქმის კიდობანი დაასვენეს, როდესაც ის ბეთ-შემეშში მიიტანეს ფილისტიმელებისგან, რომლებმაც აღთქმის კიდობანი ხელში ბრძოლის დროს ჩაიგდეს.
1-ლი მეფეთა 6:13-15 მუხლებში ნათქვამია, რომ ბეთ-შემეშის ხალხი მოსავალს იღებდა ველზე, როდესაც დაინახეს, რომ კიდობანი უკან დააბრუნეს და დიდი სიხარულით გაიხარეს.
„შემდეგ მივიდა ურემი და გაჩერდა ბეთ-შემეშელი იესოს ყანაში. დიდი ქვა იდო იქ.“ ‒ ამბობს ბიბლიის ეს მონაკვეთი. „დაჩეხეს ურმის ხეები, ფურები კი სრულადდასაწველად შესწირეს უფალს. გადმოიღეს ლევიანებმა უფლის კიდობანი და მის გვერდით მდგარი სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები იყო და დადეს იმ დიდ ქვაზე.“
ბიბლიური ჩანაწერი აღწერს, თუ როგორი რისხვა დაატეხა ღმერთმა ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებმაც კიდობნის შიგნით ჩაიხედეს. შემდგომ აღთქმის კიდობანი წაიღეს კირიათ-იეყარიმში 20 წლით, სანამ ის მეფე დავითმა არ დააბრუნა იერუსალიმში.
როგორც ლედერმანი აღნიშნავს, თითქმის შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ აღთქმის კიდობანი ოდესმე ინახავდა ქვის დაფებს. მან ასევე დაამატა, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს შეუსაბამობანი ბიბლიურ ცნობებსა და ბეთ-შემეშში აღმოჩენილ ქვებს შორის.
მისი თქმით, ერთი შეუსაბამობა იმაში მდგომარეობს, რომ ქვა უნდა ყოფილიყო ველზე და არა ტაძარში.
ბარ-ილანის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა აბრაჰამ ფაუსტმა განუცხადა გაზეთს, რომ ბეთ-შემეშში არსებული აღმოჩენები მხარს უჭერს არქეოლოგთა თეორიას, რომ არსებობს „ადრეული ტრადიციები, რომლებმაც თავიანთი გზა გაიკვლიეს ბიბლიაში.“ მისი თქმით, ადამიანებმა არ უნდა იჩქარონ იმ ფაქტის უარყოფა, რომ ქვის დაფები დაკავშირებული აღთქმის კიდობანთან.
„ეს არის ავტომატური და ზოგჯერ გამართლებული ეჭვი, მაგრამ არ მგონია, რომ აქ საქმე ასე იყოს,“ ‒ თქვა ფაუსტმა. ‒ „ეს შესამჩნევი ქვაა, რომელიც მოთავსებულია იმ ადგილას, რომელიც ტაძრის მსგავსია. ასე რომ, ეს აღმოჩენა, შესაძლოა, დააკავშირონ ძველ ტრადიციასთან, რომელმაც თავისი გზა პოვა ბიბლიურ ისტორიაში.“
„არ ვიცი, ეს სწორია თუ არასწორი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ფრთხილად უნდა იქნეს გამოკვლეული.“ ‒ დასძინა მან.
გასული წლის განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არქეოლოგიური აღმოჩენა უკავშირდება აღთქმის კიდობანს. წლის დასაწყისში, ადამიანის ხელით შექმნილი პლატფორმა აღმოაჩინეს ცენტრალურ ისრაელში, კათოლიკურ მონასტერში, რომელიც, შესაძლოა, აღთქმის კიდობნის უძველესი სალოცავი ყოფილიყო.
ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქეოლოგებმა კირიათ-იეყარიმში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ბიბლიური ქალაქი ემაუსი, სადაც ითქვა, რომ აღდგომის შემდეგ იესო ორ მოწაფეს გამოეცხადებოდა.
ასევე სექტემბერში მკვლევრებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს მტკიცებულება ბიბლიური სამეფოს, ედომის შესახებ, რომელიც ადრე საერო მეცნიერებისთვის მითად იყო მიჩნეული.